საქმე №ას-757-708-2017 22 სექტემბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ც. ლ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. წ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ც. ლ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მსესხებელი ან გამყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. წ-ის (შემდგოშმი _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან მყიდველი) მიმართ მხარეთა შორის 2015 წლის 11 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საექსპერტო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 18 აგვისტოს მხარეებს შორის დაიდო იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხისაგან ისესხა 4 000 აშშ დოლარი და იკისრა ვალდებულება, ყოველთვიურად გადაეხადა ამ თანხის 2% _ 175 აშშ დოლარი. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ #.....). სესხის აღების მიზანს მოსარჩელის შვილის მკურნალობა წარმოადგენდა და სწორედ ამ უკანასკნელს უნდა გადაეხადა გამსესხებლისათვის სარგებელი. ერთი თვის პროცენტი მოპასუხეს წინასწარ, სესხის ხელშეკრულების დადების დროს გადაუხადეს, ხოლო მეორე თვის პროცენტი მოსარჩელის შვილმა გადაიხადა ნაწილ-ნაწილ. მომდევნო თვეების პროცენტი არ გადაუხდიათ. ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელეს მოპასუხემ შესთავაზა სესხის საკუთარ სახელზე აღება. ამ მიზნით 2015 წლის 11 მარტს დაიდო თვალთმაქცური ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მსესხებელმა გამსესხებელს 11 000 აშშ დოლარად მიჰყიდა მიწის ნაკვეთი (ს/კ #......), სინამდვილეში თანხის გადაცემას ადგილი არ ჰქონია. გარდა ამისა, 2015 წლის 1 აპრილს მხარეთა შორის დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეს, როგორც დამქირავებელს, უნდა ეხადა ყოველთვიურად 175 აშშ დოლარი ქირის (სინამდვილეში - პროცენტის) სახით. მოპასუხემ მიწის ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაციის შემდეგ ვერ შეძლო სესხის გამოტანა, ხოლო გამყიდველმა გადაწყვიტა, მოეძებნა მყიდველი, რომელიც შეიძენდა მის სახლს 11 000 აშშ დოლარად, რაზეც მოპასუხე დასთანხმდა. მოსარჩელემ მოახდინა ნაკვეთის ორ ნაწილად გაყოფა 500.00 კვ.მ ( ს/კ #.....) და 461.00 კვ.მ ( ს/კ #.....), მიუხედავად მცდელობისა, შემძენის მოძიება ვერ მოხერხდა, ხოლო მოპასუხემ აცნობა გამყიდველს, რომ დაკარგა ქონება, აპირებდა მის სახლში ცხოვრებას და სთხოვა, დაეტოვებინა სახლი. მოსარჩელემ შესთავაზა ერთი ნაკვეთი ვალისა და პროცენტის სანაცვლოდ, რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა. მოსარჩელის მიერ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნაკვეთი (ს/კ #.....) შეფასებულია 15 000 ლარად, რომელიც ფარავს როგორც ძირ თანხას ( ვალს), ისე _ სარგებელს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2014 წლის 18 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დადებულია ნებაყოფლობით, წერილობითი ფორმით, დამოწმებულია ნოტარიუსის მიერ, ასევე, ნებაყოფლობით იქნა გაფორმებული მხარეთა შორის 2015 წლის 11 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება. მათში გამოვლენილია მხარეთა ნამდვილი ნება და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. მოპასუხემ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა საექსპერტო მომსახურებისთვის გადახდილი 201 ლარის მისთვის დაკისრების თაობაზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 2015 წლის 11 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ხოლო სარჩელი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი. ვიდრე პალატა საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, ყურადღებას საკასაციო სამართალწარმოების რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილებს:
1.1.1. საკასაციო წესით მართლმსაჯულების განხორციელებისას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ორი მიმართულებით, კერძოდ: სასამართლო, უპირველესად ამოწმებს, სახეზე ხომ არ არის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში, ხოლო, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება კასატორის პრეტენზიების დასაბუთებულობა, ამ გარემოებათა ჩამონათვალი კი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 393-ე მუხლში.
1.1.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ქვემდგომი სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
1.2. საკასაციო პალატა მიუბრუნდება განსახილველ საკითხს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის კვლევას შეეხება. უნდა ითქვას, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება, აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას? იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი:
ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში;
ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;
გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
1.2.1. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.
1.3. წინამდებარე დავის ფარგლებში დადგენილ, სასამართლოს მხრიდან შესაფასებელ გარემოებებს წარმოადგენს შემდეგი:
- მხარეთა შორის 2014 წლის 18 აგვისტოს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარემ კასატორს სამი თვის ვადით ასესხა 4 000 აშშ დოლარი ყოლევთვიურად 2%-ის დარიცხვის პირობით. ამავე ხელშეკრულებით მსესხებლის ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება;
- 2015 წლის 11 მარტს მხარეთა შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხეს 11 000 აშშ დოლარად მიჰყიდა გარდაბნის რაიონის სოფელ ფ-ში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ #.....);
- 2015 წლის 1 აპრილს, ამავე მხარეებს შორის ასევე დაიდო უძრავი ნივთის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ მოსარჩელეს 5 თვის ვადით სარგებლობაში გადასცა სადავო უძრავი ნივთი. ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა განისაზღვრა 175 აშშ დოლარით;
- მოსარჩელე 2015 წლის 11 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით მოითხოვს, რომ მან ვერ შეძლო მოპასუხისათვის 2014 წლის 18 აგვისტოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდა, რის გამოც იძულებული გახდა, ფორმალურად დაედო ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების დადების მიზანს წარმოადგენდა მოპასუხის მიერ საბანკო დაწესებულებიდან საბანკო კრედიტის აღება, რომელიც უნდა მიმართულიყო მისი ვალის დასაფარად, რეალურად ამ ვალს, მოპასუხის სახელით დაფარავდა კასატორი. ანუ მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო გარიგება დადებულია მესამე პირისათვის მოსაჩვენებლად და მხარეები მიზნად არ ისახავდნენ გარიგების იურიდიული შედეგის რეალურად დადგომას.
1.4. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: მართალია, სარჩელი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას იურიდიული ინტერესის თაობაზე, თუმცა, შესაფასებელი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უდავოა, რომ მოსარჩელეს სურს 2015 წლის 11 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობით აღიდგინოს საკუთრების უფლება ნასყიდობის საგანზე, ანუ გახდეს უძრავ ქონებაზე ნამდვილი უფლების მქონე პირი. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პალატა გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას და დააკმაყოფილებს მოთხოვნას, აღნიშნულით მაინც არ მიიღწევა ის სამართლებრივი შედეგი, რომლის დადგომაც მხარეს სარჩელის აღძვრის გზით სურდა, რადგან, ნასყიდობის სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობის შემთხვევაში, გაუქმდება მოპასუხის სახელზე არსებული ჩანაწერი საჯარო რეესტრში, რაც, ბუნებრივია, ქონებაზე მოსარჩელის უფლების აღდგენას ავტომატურად არ გამოიწვევს. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა მიკუთვნებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სარჩელის წარმატებულობის შემთხვევაში, სადავო ქონების მოსარჩელის საკუთრებად აღრიცხვის წინაპირობა გახდება. თავის მხრივ, საგულისხმოა, რომ მოსარჩელეს პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვის განმავლობაში არ უსარგებლია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე (2) (3) მუხლით გათვალისწინებული სარჩელის გაზრდის საპროცესო შესაძლებლობით, სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე და 406-ე მუხლები ამ საპროცესო უფლების გამოყენების შესაძლებლობას იმპერატიულად კრძალავენ. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2015 წლის 11 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელეს არა თუ ნამდვილი, ფორმალური იურიდიული ინტერესიც არ გააჩნია.
1.5. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება.
1.6. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც სახეზე გვაქვს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. ლ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 თებერვლის განჩინება, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება და ც. ლ-ის სარჩელი ლ. წ-ის მიმართ მხარეთა შორის 2015 წლის 11 მარტის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საექსპერტო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
3. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური