საქმე №ა-191-შ-5-2017 17 თებერვალი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ. კ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ჰ-გ
განჩინება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს – გერმანიის, კარლსრუეს პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეების სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განჩინება
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გერმანიის, კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მშვილებლისა და შვილად ასაყვანის განცხადება და ... წლის ... საქართველოში, ქ.თბილისში (გლდანის რაიონის მმაჩის ბიურო, დაბადების რეგისტრაციის #.../...) დაბადებული თ. კ-ი აღიარებულ იქნა ... წლის ... გერმანიაში, გოსლარში დაბადებულ ე. ჰ-გის შვილად.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. კ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობაზე დართული აპოსტილირებული სასამართლო გადაწყვეტილებით, ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ:
3.1. მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში, ამასთანავე, სასამართლომ დააკმაყოფილა მხარეთა ერთობლივი განცხადება;
3.2. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში 2016 წლის 5 აპრილს;
3.3. საკითხის გადაწყვეტისას მოსმენილ იქნა შვილად ასაყვანის ბიოლოგიური დედის პოზიცია, რომელმაც თანხმობა განაცხადა შვილებაზე;
3.4. თ. კ-ი არის საქართველოს მოქალაქე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 იანვრის განჩინებით თ. კ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. შვილად ასაყვანმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარმოუდგინა შვილად ამყვანის სანოტარო წესით დადასტურებული განცხადება თ.კ-ის შვილად აყვანის თაობაზე თანხმობისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამ შუამდგომლობის განხილვის თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ თ. კ-ის შუამდგომლობა გერმანიის, კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განჩინებიის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გერმანიის, კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა მშვილებლისა და შვილად ასაყვანის განცხადება და ... წლის ... საქართველოში, ქ.თბილისში (გლდანის რაიონის მმაჩის ბიურო, დაბადების რეგისტრაციის #.../...) დაბადებული თ. კ-ი აღიარებულ იქნა ... წლის ... გერმანიაში, გოსლარში დაბადებულ ე. ჰ-გის შვილად.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ. კ-მა და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. შუამდგომლობაზე დართული აპოსტილირებული სასამართლო გადაწყვეტილებით, ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ:
3.1. მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში, ამასთანავე, სასამართლომ დააკმაყოფილა მხარეთა ერთობლივი განცხადება;
3.2. განჩინება შესულია კანონიერ ძალაში 2016 წლის 5 აპრილს;
3.3. საკითხის გადაწყვეტისას მოსმენილ იქნა შვილად ასაყვანის ბილოგიური დედის პოზიცია, რომელმაც თანხმობა განაცხადა შვილებაზე;
3.4. თ. კ-ი არის საქართველოს მოქალაქე.
4. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ საქმის არსებითად განხილვამდე შუამდგომლობის ავტორმა შეამცირა მოთხოვნა, კერძოდ, თ.კ-ის განმარტებით, მას მიღებული აქვს ბინადრობის მოწმობა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და დაზუსტებული მოთხოვნის ფარგლებში მოითხოვა ზემოხსენებული განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით გარანტირებული მხარის მიერ მოთხოვნის შემცირების უფლების გათვალისწინებით აღარ იმსჯელებს უცხო ქვეყნის სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების საკითხთან დაკავშირებით, ხოლო, რაც შეეხება ამავე განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას, საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმევა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ:
ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება;
ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები;
გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში;
დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ ითვლება;
ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს;
ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი;
ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის, კარლსრუეს პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმეების სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განჩინება საქართველოს მოქალაქის შვილად აყვანის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. კ-ის შუამდგომლობა გერმანიის, კარლსრუეს პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეების სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის, კარლსრუეს პირველი ინსტანციის საოჯახო საქმეების სასამართლოს 2016 წლის 31 მარტის განჩინება, რომლითაც საქართველოში, ქ.თბილისში, ... წლის ... დაბადებული საქართველოს მოქალაქე თ. კ-ი (დაბადების რეგისტრაციის #.../..., გლდანის რაიონის მმაჩის ბიურო, დასაოჯახებელი) აღიარებულ იქნა ... წლის ... გერმანიაში, ქ.გოსლარში დაბადებული გერმანიის მოქალაქე ე. ჰ-ის შვილად (ქვრივი) და შვილად აყვანილის გვარი განისაზღვრა ფ. ჰ-გით.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური