საქმე №ა-2779-გან-3-2017 21 ივლისი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – პ. ნ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)
თანამოპასუხეები _ შპს „ი-ი“, თ. ჭ-ა, თ. ჭ-ა, ი. ხ-ი, ლ. ჭ-ა, ლ. ხ-ი, მ. ხ-ი, მ. ხ-ი, ნ. ნ-ე
განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინების განმარტება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სს „თ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ი-ის“, პ. ნ-ის, თ. ჭ-ას, ი. ხ-ის, ლ. ჭ-ას, ლ. ხ-ის, მ. ხ-ის, მ. ხ-სა და ნ. ნ-ის მიმართ და მოითხოვა შპს „ი-ის“, თ. ჭ-ასა და პ. ნ-ისათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების _ ძირი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს სოლიდარულად დაკისრება, ასევე, ვალდებულების შესრულების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების (ს/კ #...) იძულებით სარეალიზაციოდ მიქცევა, ხოლო, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამოღებული თანხა არასაკმარისი აღმოჩნდება, მოვალეთა სხვა ქონების რეალიზაცია და მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება (იხ. სარჩელი, ტ. I, ს.ფ. 1-17).
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა პ. ნ-ემ მოპასუხე სს „თ-ის“ მიმართ და მოითხოვა 2013 წლის 29 მაისის თავდებობის ხელშეკრულების გაუქმება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებით პ. ნ-ეს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის განსახილველად მიღებაზე.
5. საქალაქო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შეგებებულმა მოსარჩელემ, შესაბამისად, საქმის მასალები განსახილველად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
6. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა პ. ნ-ემ და შეგებებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა სს „თ-სათვის“ განმცხადებლის უძრავ-მოძრავი ქონების აღსასრულებლად მიქცევის აკრძალვა შეგებებული სარჩელის განხილვამდე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განჩინებით პ.ნ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით ასევე არ დაკმაყოფილდა პ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, ხოლო, 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით - პ. ნ-ის საჩივარი (2017 წლის 3 იანვრის განჩინებაზე), როგორც დაუსაბუთებელი, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინებით პ. ნ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრისა და 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებები დარჩა უცვლელად.
9. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა პ. ნ-ემ და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განჩინების განმარტება იმ საფუძვლით, რომ იგი ბუნდოვანია და არ ირკვევა, თუ რა საფუძვლით არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გადაწყვეტილების განმარტების მარეგულირებელ საპროცესო დანაწესს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. დასახელებული საკანონმდებლო დათქმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება მიზნად ემსახურება აღსრულების პროცესში იმ უფლების რეალიზაციას, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე აქვს მოპოვებული უფლებადარღვეულ პირს, ამასთანავე, უმთავრესი პირობაა ის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას არ უნდა იძლეოდეს აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე. მოხმობილი ნორმის შემდგომი წინადადება ადგენს, რომ განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს, კანონის დასახელებული დათქმა ფართო განმარტებას ექვემდებარება. ამ მხრივ, საკასაციო სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლს, რომელიც ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ, ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა.
2. მოცემულ შემთხვევაში, ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სააპელაციო პალატამ 2017 წლის 3 იანვრის განჩინებით პ.ნ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ დააკმაყოფილა, ხოლო, 2017 წლის 20 თებერვლის განჩინებით, პ. ნ-ის საჩივარი (2017 წლის 3 იანვრის განჩინებაზე), როგორც დაუსაბუთებელი, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა ზემდგომ სასამართლოს. საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა რა საჩივრის ავტორის პრეტენზიები, ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინებები, ანუ მიღებულ იქნა არააღსრულებადი განჩინება, რაც ფორმალური საფუძლით გამორიცხავს მის განმარტებას.
3. მართლმსაჯულების მიზნებიდან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს რა დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანა, საკასაციო პალატა ამ კონტექსტში აღნიშნავს, რომ (როგორც ამავე სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განჩინებაშიცაა მითითებული) საქალაქო სასამართლომ პ.ნ-ის შეგებებული სარჩელის მიღებაზე განაცხადა უარი, სააპელაციო სასამართლომ კი, გაიზიარა საქალაქო სასამართლოს ფაქტობრივ სამართლებრივი დასაბუთება ამ საკითხის თაობაზე შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე (3) მუხლის საფუძველზე, ეს განჩინება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოს წარმოებაში არ იყო პ.ნ-ის შეგებებული სარჩელი, ყოველგვარ ლოგიკას ცდებოდა მის უზრუნველსაყოფად რაიმე საპროცესო ღონისძიების გამოყენება, რის გამოც, პ. ნ-ეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 21 აპრილის განჩინება არ ექვემდებარება განმარტებას, ამასთანავე, იგი იურიდიული თვალსაზრისით საკმარისადაა დასაბუთებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ. ნ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 აპრილის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ნ. ბაქაქური