Facebook Twitter

საქმე №ას-519-485-2017 29 დეკემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ქ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ს-ე, ქ. თ-ე (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხეები _ შპს „ქ-უ“, სს „ვ-ია“

მესამე პირი _ სს „პ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – იპოთეკის ხელშეკრულებებისა და იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ქ. თ-ემ და ა. ს-ემ (შემდგომში _ მოსარჩელეები, აპელანტები, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეები ან იპოთეკის საგნის მესაკუთრეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა. ქ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, მხსესხებლის ფინანსური მენეჯერი ან მოვალე), შპს „ქ-ს“, სს „ვ-ისა“ (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხეები, შპს „ქ.“ ასევე წოდებული, როგორც მსესხებელი, ხოლო, სს „ვ-ი“ _ გამსესხებელი ან კრედიტორი) და სს „პ-ის“ (შემდგომში _ მესამე პირი) მიმართ და მოითხოვეს გამსესხებელსა და მოსარჩელეებს შორის 2011 წლის 3 ნოემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებების გაუქმება და #26.28.12.2-- და #26.26.01.063.01.0-- უძრავი ქონებების იპოთეკისაგან გათავისუფლება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წელს თავდაპირველ თანამოპასუხეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა 2011 წლის 5 მაისს, ხოლო 2011 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელს გადაეცა 55 000 აშშ დოლარი. სესხი იყო მიზნობრივი და პირველი ტრანში _ 28 000 აშშ დოლარი გაიცა მიმდინარე სესხის ორი ხელშეკრულების დაფარვისა და მშენებლობის მიზნით. სესხის მეორე ტრანში გაიცემოდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში. ამ თანხით უნდა აშენებულიყო მსესხებლის კუთვნილი პროფილაქტიკა, მაგრამ შემდგომში აღმოჩნდა, რომ თანხა მოხმარდა შპს „ლ-ის“ პროფილაქტიკის მშენებლობას. ამ უკანასკნელი საწარმოს დამფუძნებელი პარტნიორი არის ვ. ა-ა, დირექტორი - ა. ქ-ი. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. ა-ა, ა. ქ-ი, შპს „ქ-უ“ და შპს „ლ-ი“, საგადასახადო კოდექსის 243-ე მუხლის თანახმად, აღიარებული არიან ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მსესხებლის ფინანსურმა მენეჯერმა მოსარჩელეებს სთხოვა ქონების იპოთეკით დატვირთვა, რასაც ეს უკანასკნელები ყოველგვარი სარგებლის გარეშე დასთანხმდნენ იმ პირობით, რომ მათთვის ცნობილი იყო სესხის მიზნობრიობა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა მსესხებლის ქონებასა და ლიკვიდურობას, ამასთანავე, გარდა მოსარჩელეთა უძრავი ნივთებისა, სესხი უზრუნველყოფილი იყო სამი სხვა ქონებითაც (მსესხებლის მოძრავი ნივთი, ა.ქ-ისა და ნ.ჩ-ის კუთვნილი უძრავი ქონებები. ნ.ჩ-ის ქონება შეძენილ იქნა შპს „ლ-ის“ მიერ სესხის თანხით). მოგვიანებით სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ.ბ-ის უძრავი ქონება, ასევე, თავდებობა იკისრეს ვ. ა-ამ და ა. ქ-მა. ამ უკანასკნელმა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება 2012 წლის 16 თებერვალს აჩუქა მეუღლეს _ მ. ჩ-ს, რომელმაც იგივე ქონება მიჰყიდა მ. ჩ-ას. მ. ჩ-მა განცხადებით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა შპს „ქ.ს“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დაყადაღება. მ.ჩ-ი მოქმედებდა, როგორც პირი, რომელსაც მ.ჩ-ამ დაუთმო შპს „ქ-ს“ მიმართ მოთხოვნის უფლება. მ.ჩ-ის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა, თუმცა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად, შპს „ქ-მ“ ვერ დაფარა ვალი. 2014 წლის 29 ივლისს სოლიდარულმა თავდებმა ა.ქ-მა გამსესხებლის ხელშეწყობით, მასთან გააფორმა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება: იპოთეკით დატვირთული ნ.ჩ-ის ქონება (პროფილაქტიკა) შეიძინა შპს „ლ-მა“ (დირექტორი ა.ს-ე, დამფუძნებელი _ ვ.ა-ია) და ამავე დღეს შეძენილი ქონება 55 000 აშშ დოლარად მიჰყიდა ა. ა-ს. ამის შემდგომ თავდებმა ა.ქ-მა ბანკის შიდა სატრანზიტო ანგარიშზე შეიტანა 30 770,10 აშშ დოლარი; ამავე დღეს ბანკსა და ა.ქ-ს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კრედიტორის ადგილი დაიკავა სოლიდარულმა თავდებმა. თანხის გადახდის შემდეგ, 2014 წლის 29 ივლისს ბანკმა გააუქმა იპოთეკის ხელშეკრულება #26.26.04.281 უძრავ ქონებაზე (სესხის ხელშეკრულებით შეძენილი და აშენებული ქონება) ისე, რომ ოფიციალურად არავითარი სარგებელი არ მიუღია იპოთეკით დატვირთული ქონებიდან; კრედიტორად გახდომის შემდგომ, 2015 წლის 23 აპრილს ა.ქ-მა გაათავისუფლა იპოთეკისაგან მ.ჩ-ასათვის მიყიდული #26.26.47.030.01.5-- ფართი. იპოთეკის გაუქმების შესახებ განცხადებაში მითითებულია, რომ უფლებრივი ტვირთისაგან გათავისუფლების საფუძველს ვალდებულების შესრულება წარმოადგენდა. ამავე გარემოებაზე მითითებით, 2014 წლის 3 ოქტომბერს გაათავისუფლა იპოთეკისაგან ა.ქ-მა ნ.ბ-ის ქონება, ანუ უზრუნველყოფის ხუთი საგნიდან იპოთეკისაგან ბანკმა გაათავისუფლა ერთი, ხოლო ორი _ ა.ქ-მა. დღეისათვის სესხი უზრუნველყოფილია მოსარჩელეების ქონებით და იპოთეკარს წარმოადგენს პირი, რომელიც ამავე სესხის თავდებია და სესხის თანხა განკარგა საკუთარი შეხედულებისამებრ. ბანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების მიზნით ა.ქ-ის თხოვნისა და ქონების რეალიზაციისაგან თავის არიდების მიზნით, მოსარჩელეებს უწევდათ თანხის ბანკში შეტანა. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.ს-ის სასარგებლოდ ა.ქ-ს დაეკისრა 8 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილია ის ფაქტი, რომ ბანკისათვის სესხის მიზნობრიობის დარღვევის ფაქტი ცნობილი იყო.

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მსესხებელმა სარჩელი ცნო;

2.2. მესამე პირმა წერილობითი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და აღნიშნა, რომ არ არის ინფორმირებული მითითებული გარემოებების თაობაზე, თუმცა სადავო ხელშეკრულებები გაფორმებულია და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით;

2.3. სხვა მოპასუხეებს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენიათ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რომლითაც გაუქმდა ოზურგეთში, ი.ჭ-ის ქ#14-ში მდებარე, ქ. თ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ #26.26.01.063.01.,0--.) კრედიტორ ა. ქ-ის სასარგებლოდ იპოთეკის რეგისტრაცია, ასევე გაუქმდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში მდებარე, ა. ს-ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (ს/კ #26.28.12.2--.) კრედიტორ ა. ქ-ის სასარგებლოდ იპოთეკის რეგისტრაცია, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა სს „ვ-სა“ და ა. ს-ეს, ასევე სს „ვ-სა“ და ქ. თ-ეს შორის 2010 წლის 3 სექტემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფიდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ქ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:

1.1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო-სამართლებრივი საშუალების გაუქმების კანონიერება. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ დაადგინა უზრუნველყოფილი მოთხოვნის არარსებობა, რის გამოც, ჩათვალა, რომ ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდა სამოქალაქო კოდექსის 452-ე მუხლით დადგენილი წესით, შესაბამისად, როგორც აქცესორული უფლება, აღარ არსებობდა ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული იპოთეკა. რაც შეეხება სს „ვ-ის“ მოთხოვნას, ამ ნაწილში სასამართლომ, როგორც მოთხოვნის უფლების არსებობა, ისე _ ამ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ნამდვილობა დაადგინა.

1.1.2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში არ ეთანხმება ა. ქ-ი იმ საფუძვლით, რომ:

ა) სასამართლომ, როგორც უზრუნველყოფილი ვალდებულება, ისე _ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება დატოვა ძალაში, თუმცა გააუქმა იპოთეკის უფლების რეგისტრაცია;

ბ) სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 452-ე მუხლი, რამდენადაც იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებულია სს „ვ-სა“ და შპს „ქ.ს“ შორის და არა კასატორთან, როგორც ფიზიკურ პირთან. არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია იმას, თუ ვინ მიმართავდა მოვალეს, რადგანაც ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „ქ.სთან“ და ეს ხელშეკრულება ნამდვილადაა აღიარებული, შესაბამისად, არ არსებობდა ვალდებულების შეწყვეტილად მიჩნევის წინაპირობები, მით უფრო მაშინ, როდესაც სესხის დაფარვის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარუდგენია;

გ) სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია, მოთხოვნის უზრუნველსაყოფად სხვა პირის ქონების იპოთეკით დატვირთვა, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაში განხორციელდა, თუმცა, სასამართლომ არასწორად არ დაადგინა, რომ გამსესხებლის მოთხოვნა მიმართული იყო კასატორის, როგორც სესხის ერთადერთი თავდებისა და არა ძირითადი მოვალის მიმართ. მან, როგორც თავდებმა, გადაიხადა თანხა და კრედიტორისაგან შეიძინა მოთხოვნა, რომლის ნამდვილობაც სასამართლოს კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებითაა აღიარებული.

1.1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 409-ე მუხლის კონტექსტში (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ) საკასაციო პალატა საკასაციო პრეტენზიათა გათვალისწინებით შეამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში.

1.2. ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ (ფაქტობრივი დასაბუთება):

წინამდებარე განჩინების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:

1.2.1. 2010 წლის 20 ნოემბერს, სს „ვ-იასა“ და შპს „ქ-ს“ შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 100 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით. ამავე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ოზურგეთში, ი.ჭ-ის ქ#14-ში მდებარე, ქ. თ-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ურეკში მდებარე, ა. ს-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება. იპოთეკა რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში;

1.2.2. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, 2011 წლის 3 ნოემბერს, სს „ვ-იასა“ და შპს „ქ-ს“ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 55 000 აშშ დოლარის ოდენობით მიზნობრივი კრედიტი შემდეგი პირობებით: კრედიტის მიზანი _ შერეული; საპროცენტო განაკვეთი _ წლიური 16%; კრედიტის დაფარვის საბოლოო ვადა _ 2015 წლის 3 ნოემბერი;

1.2.3. 2011 წლის 3 ნოემბერს მოსარჩელეებთან გაფორმდა 2010 წლის 20 ნოემბრის ხელშეკრულების 6.4. პუნქტში ცვლილების შეტანის შესახებ შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრა, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი ქონების აუქციონზე რეალიზაცია მოხდებოდა მხარეთა შეთანხებით დანიშნული სპეციალისტის მეშვეობით. აღნიშნული შეთანხმება არ ართმევდა კრედიტორს უფლებას, უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის მიზნით მიემართა სააღსრულებო ბიუროს კერძო აღმასრულებლისათვის;

1.2.4. 2011 წლის 3 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფა ასევე განხორციელდა ვ. ა-იას, ა. ს-ისა და ა. ქ-ის თავდებობით. გარდა ამისა, აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, სს „ვ-იასთან“ 2011 წლის 2 ნოემბერს ნ. ჩ-ის მიერ, 2011 წლის 6 დეკემბერს ნ.- ბ-ის მიერ და 2011 წლის 5 მაისს ა. ქ-ის მიერ გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებების საფუძველზე საჯარო რეესტრში იპოთეკით დაიტვირთა ხსენებული პირების უძრავი ქონებები. 2014 წლის 29 ივლისის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით ა. ქ-მა სს „ვ-იასაგან“ შეიძინა 2010 წლის 20 ნოემბერს, გამსესხებელსა და მსესხებელს შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ასევე, 2011 წლის 3 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი კრედიტორის (სს „ვ-ის“) უფლება, მოსთხოვოს ძირითად მოვალეს (მსესხებელს) ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, რომლის უზრუნველყოფის საგანს სხვა საგნებთან ერთად წარმოადგენდა მოსარჩელეთა უძრავი ქონებები. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, საჯარო რეესტრში ა. ს-ისა და ქ. თ-ის იპოთეკის საგნის კრედიტორად დაფიქსირდა ა. ქ-ი;

1.2.5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით 2014 წლის 29 ივლისს ა. ქ-სა სს „ვ-იას“ შორის დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება ცნობილ იქნა ნამდვილ გარიგებად;

1.2.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „ქ.ს“ ცრუმაგიერ პირად, სხვა პირებთან ერთად აღიარებულ იქნა ა. ქ-ი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ქ.“ და ა. ქ-ი ერთმანეთისაგან არ განსხვავდებოდნენ, მათი ეკონომიკური ინტერესები ერთი და იგივე იყო და შპს „ქ.ს“ სახელით ქმედების განხორციელება მიზნად ისახავდა საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ღონისძიებებისაგან (საგადასახადო გირავნობა ან იპოთეკა, მესამე პირზე გადასახადის მიქცევა, ქონებაზე ყადაღის დადება, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია და სხვ.) თავის არიდებას;

1.2.7. 2012 წლის 18 ნოემბერს ა.ქ-ის მიერ შედგენილ ხელწერილში დაფიქსირებულია, რომ იგი წარმოადგენს შპს „ქ.ს“ ფაქტიურ მესაკუთრეს და ნებისმიერ ფინანსურ ოპერაციას ახორციელებს თავად.

1.3. საკასაციო პალატის შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:

1.3.1. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა/განმარტა სამოქალაქო კოდექსის 452-ე მუხლი. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალი, მართალია, „ცრუმაგიერი პირის“ ცნებას არ იცნობს და რაიმე სპეციალურ რეგულაციას არ ადგენს, თუმცა, მხარეთა შორის უდავოა, რომ საქმეში წარმოდგენილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელის გამო, შპს „ქ.ს“, ა. ქ-ისა და სხვათა მიმართ და დავის საგანს წარმოადგენდა ცრუმაგიერ პირად აღიარება. ამ საპროცესო დოკუმენტის მიმართ ვრცელდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა (გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი), შესაბამისად, წინამდებარე დავის ფარგლებში შეფასებას ექვემდებარება ე.წ „ცრუმაგიერი პირის“ ცნებისათვის საჯარო კანონმდებლობით განსაზღვრული ელემენტები და ზემოხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირის „ცრუმაგიერობის“ განმაპირობებელი კონკრეტული ფაქტები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ცრუმაგიერად პირის მიჩნევისათვის სავალდებულოა, დადგინდეს მისი განსხვავების შეუძლებლობა სხვა სუბიექტისაგან და ამგვარი ერთობა უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს მიმართ ანგარიშსწორებისაგან თავის არიდების მიზანს, ანუ საქმის განხილვით უნდა დგინდებოდეს ცრუმაგიერ პირთა ერთობა. ასეთ ვითარებაში, ნორმის მე-2 ნაწილით კანონმდებელი ცრუმაგიერ პირებს ერთიან სუბიექტად განიხილავს.

1.3.2. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მსესხებელი და მისი ფინანსური მენეჯერი (კასატორი) ერთსა და იმავე სუბიექტს წარმოადგენენ და კასატორმა, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამსესხებლისაგან მოიპოვა იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ანუ სახეზეა მოცემულობა, როდესაც მოვალე და კრედიტორი ფაქტობრივად ერთი და იგივე პირია. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში სახეზეა ვალდებულების შეწყვეტის სამოქალაქო კოდექსის 452-ე მუხლით გათვლისწინებული ყველა ელემენტი (ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება), რამდენადაც სს „ვ-თან“ დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე კასატორმა შეიძინა შპს „ქ.ს“ მიმართ მოთხოვნის უფლება, რომელიც თავად ეკუთვნის მას. ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

1.3.3. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს იპოთეკის, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალების ლეგალურ დეფინიციას და განსაზღვარვს, რომ უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). განსახილველი ნორმის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი _ „ნივთის დატვირთვა ვალდებულებით უნდა ემსახურებოდეს მოთხოვნის დაკმაყოფილებას“, ხაზს უსვამს იპოთეკის ინსტიტუტის იურიდიული ბუნებას _ მისი ნამდვილობა დამოკიდებულია უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობაზე. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია რა ის გარემოება, რომ კრედიტორისა და მოვალის იდენტურობის პირობებში შეწყდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, აღარ არსებობს ამ მოთხოვნის უზრუნველყოფის წინაპირობა მოსარჩელეთა ქონების ხარჯზე. ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 289-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებიდან გამომდინარე კი (იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან), გაუქმებას ექვემდებარება საჯარო რეესტრში მოსარჩელეთა ქონებაზე რეგისტრირებული სანივთო-სამართლებრივი შეზღუდვა.

1.4. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების სამართლებრივი დასაბუთება:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას (საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას), რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამოქალაქო კოდექსის 452-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შეწყვეტის ფაქტი, რაც, ბუნებრივია, იურიდიულად ამართლებს მოსარჩელის მოთხოვნას სადავო იპოთეკის ხეკშეკრულებების გაუქმებისა და ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლების თოაბაზე, ხოლო ამ ფაქტების წინააღმდეგ კასატორმა ვერ მიუთითა ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, არ არსებობს საკასაციო სამართლაწარმოებისას გაწეული ხარჯების მხარეთა შორის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ამასთანავე, ვინაიდან დავა კასატორის საწინააღმდეგოდ დასრულდა, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 2 694,2 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

3. კასატორ ა. ქ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 2 694,2 ლარის გადახდა.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე