Facebook Twitter

საქმე №210210012000152909

საქმე №ას-316-316-2018 7 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – ი. ჯ.-ის წარმომადგენელი ი. პ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ც.-ის უფლებამონაცვლე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო

განმცხადებლის მოთხოვნა – დამატებითი განჩინების მიღება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი. ჯ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე, მყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ც.-ის (შემდგომში – გამყიდველი, თავდაპირველი მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ 99189.65 ლარის დაკისრების, ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის – 2012 წლის 1 ივლისიდან 2012 წლის 2 ნოემბრამდე 3 569.7 ლარის, 2012 წლის 2 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე კი დავალიანების 10%-ის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოსარჩელის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა მოსარჩელისათვის 141 244.75 ლარის ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მყიდველის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 99 189.65 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული 1000 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი და შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის სააპელაციო პრეტენზიას ეთქვა უარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურებისა და ადვოკატის ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 569, 70 ლარისა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული 1000 ლარის გადახდა.

საკასაციო სასამართლოს განჩინებების სარეზოლუციო ნაწილები:

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით და 30 სექტემბრის განჩინებით უსწორობის გასწორების შესახებ გარდაცვლილი თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლოს იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

განმცხადებლის პოზიცია:

8. 2015 წლის 8 მაისს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და განმარტა, რომ მის სასარჩელო მოთხოვნას, სხვა მოთხოვნებთან ერთად, წარმოადგენდა თავდაპირველი მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით 2012 წლის 2 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დავალიანების 10%-ის დაკისრება. აღნიშნული წარმოადგენდა სააპელაციო პრეტენზიის საგანსაც, თუმცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით მოცემული საკითხი არ გადაწყვეტილა. განმცხადებელმა იშუამდგომლა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ აღნიშნულ მოთხოვნაზე, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით განმცხადებლის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე დაკმაყოფილდა და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას.

სააპელაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლე) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 2012 წლის 2 ნოემბრიდან სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულებამდე 99 189.65 ლარის წლიური 10%-ისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 833, 06 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 იანვრის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (თავდაპირველი მოპასუხის უფლებამონაცვლე) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის – 4196, 38 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. სააპელაციო სასამართლოს დამატებით გადაწყვეტილებებზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივრები, მოითხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საკასაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

განმცხადებლის პოზიცია:

14. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ი. ჯ.-ის წარმომადგენელმა ი. პ.-მა და მოითხოვა 2018 წლის 27 აპრილის განჩინებაზე დამატებითი განჩინების მიღება იმ საფუძვლით, რომ საკასაციო პალატამ არ იმსჯელა საკასაციო შესაგებელში მის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაზე საკასაციო ინსტანციაში სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების დასაბუთებულობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება დამატებითი განჩინების მიღების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

17. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წინამდებარე განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა.

18. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს განმცხადებლის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ არსებობს დამატებითი განჩინების მიღების წინაპირობა. მოსარჩელემ საკასაციო საჩივარზე წარდგენილ შესაგებელში იშუამდგომლა ადვოკატის მომსახურების ხარჯის – 2400 ლარისა და მხარის მიერ გაღებული სხვა სასამართლო ხარჯების ანაზღაურების შესახებ, კერძოდ: საკასაციო შესაგებლის სასამართლოში წარდგენის უზრუნველსაყოფად, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, გადაადგილების გამო, ტრანსპორტირებისათვის დახარჯული 30 ლარის, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის უზრუნველსაყოფად მხარის მიერ დახარჯული ცელულოზის ქაღალდის ფურცლებისათვის – 15 ლარის, საკასაციო შესაგებლის ასლების მოსამზადებლად გაღებული 40 ლარის, მათ ასაკინძად (ლითონის ამკინძავით) დახარჯული 0,05 ლარის, საქმის მასალების სასამართლოში გადაგზავნისას საფოსტო კავშირისათვის გაღებული 10 ლარის, საფოსტო კავშირისას მასალების საფოსტო კონვერტით შესაფუთად გაწეული 5 ლარის, მოწინააღმდეგე მხარისა და მისი წარმომადგენლის სასამართლოში გამოცხადებისას აუცილებელი კვების ხარჯის – 70 ლარისა და სასამართლოში მოცდენილი დროის საფასურის – 5000 ლარის ანაზღაურების თაობაზე.

19. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე.

20. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ 24.10.2016წ. საქმე №ას-739-707-2016).

21. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის რეალურად გაწევის თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს, მან უნდა წარადგინოს მისი მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ წარმომადგენელს მიანიჭა მისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება და საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ, პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ 30.10.2015წ. საქმე №ას-444-423-2015).

22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივარი, რომელზეც შესაგებლის შედგენისათვისაც განმცხადებელი მოითხოვს მისი მარწმუნებლის მიერ გაღებული ხარჯის ანაზღაურების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებას, არსებითად არ განხილულა. საკასაციო შესაგებლის წარდგენის ეტაპზე საკასაციო პალატა იხილავდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, თავად საკასაციო შესაგებლის ავტორი მიუთითებს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საკასაციო შესაგებელი ფორმალურად წარმოდგენილია, ის მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს საკასაციო შესაგებლად, რამეთუ თავად კასატორის მხრიდან საერთოდ არ გასაჩივრებულა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, მის წინააღმდეგ არ წარმოდგენილა რაიმე პრეტენზია, შესაბამისად, არ მითითებულა მის შესახებ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტი, ლოგიკური მსჯელობა, რის გამოც შეუძლებელია ასეთ პირობებში საკასაციო შესაგებლის მნიშვნელობითა და შინაარსით წარმოდგენილ იქნას ამგვარი მნიშვნელობის დატვირთვის მქონე დოკუმენტი. ამდენად, ფაქტობრივად, ხსენებული საკასაციო საჩივარი ფაქტიურად არაა წარმოდგენილი, რადგან თვით საკასაციო საჩივრით არ გასაჩივრებულა სააპელაციო პალატის ის გადაწყვეტილება, რომელიც საქმეზე მიღებულ იქნა.“ (იხ. საკასაციო შესაგებელი)

23. წარმოდგენილ საქმეზე (გასაჩივრებული დამატებითი გადაწყვეტილების ფარგლებში) დავის საგანი შეადგენდა მიუღებელი შემოსავლის სახით 2012 წლის 2 ნოემბრიდან სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულებამდე 99 189.65 ლარის წლიური 10%-ისა და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 833, 06 ლარის ანაზღაურება.

24. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

25. მითითებული ნორმა ადგენს სასამართლოს მიერ დავის საგნის განსაზღვრის წესს ვადიანი გადასახდელის შესახებ სარჩელებთან დაკავშირებით და ითვალისწინებს დავის საგნის ოდენობის მაქსიმალურ ზღვარს. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, დავის საგნის ფასი განსაზღვროს თავისი შეხედულებისამებრ, მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში.

26. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მხრიდან საკასაციო შესაგებლის შედგენა მნიშვნელოვანი დროისა და ინტელექტუალური რესურსის დახარჯვას არ მოითხოვდა, რაც უთუოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული წარმომადგენლის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული ზღვრული პროცენტული ნიხრის გათვალისწინებით (სსსკ-ის 53-ე მუხლი), საკასაციო პალატას გონივრულ ოდენობად მიაჩნია, რომ კასატორს დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ საკასაციო შესაგებელზე წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 1%-ის - 300 ლარის ოდენობით.

27. რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას სხვა ხარჯების (იხ. წინამდებარე განჩინების პ.18) ანაზღაურების შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეეხება, სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების გამო, ტრანსპორტირებისათვის გაღებულ თანხებს და მათ ოდენობას. აგრეთვე დაუსაბუთებელია შუამდგომლობა კვების, მოცდენილი დროისა და მარწმუნებლის სასამართლოში მიყვანის ხარჯებთან დაკავშირებით, რადგან საკასაციო პალატას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ზეპირი მოსმენით არ განუხილავს.

28. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს კასატორის მიერ უნდა აუნაზღაურდეს საკასაციო შესაგებლის წარსადგენად დახარჯული ფურცლების (20 ფურცელი) ღირებულება, საკასაციო შესაგებლის ასაკინძად (ლითონის ამკინძავით) გაღებული ხარჯი, აგრეთვე, საფოსტო კონვერტისა და მომსახურების საფასური, სულ – 15 ლარი.

29. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა ზემოთ მოცემული სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე დამატებითი განჩინების მიღების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კასატორს მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარე) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო შესაგებელზე წარმომადგენლის მომსახურებისათვის 300 ლარისა და დამატებითი ხარჯის – 15 ლარის, სულ – 315 ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ჯ.-ის წარმომადგენელ ი. პ.-ის განცხადება დამატებითი განჩინების მიღების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. ვ. ც.-ის უფლებამონაცვლე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ი. ჯ.-ის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო შესაგებელზე წარმომადგენლის მომსახურებისათვის 300 ლარისა და დამატებითი ხარჯის – 15 ლარის ანაზღაურება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე