Facebook Twitter

საქმე №050210016001261684

საქმე №ას-378-378-2018 31 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა., ნ. და რ. პ.-ები (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ბ.-ა (შემდგომში – მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ა., ნ. და რ. პ.-ებმა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ხ. ბ.-ას (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 2013 წლის 1 მაისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის არსებობდა სარგებლიანი სესხის ხელშეკრულება. აღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმდა ხელშეკრულება, თუმცა მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ რეალურად გაფორმებულა მათი კუთვნილი უძრავი ნივთის ნასყიდობა და არა, სესხისა და უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკის ხელშეკრულება.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო გარიგება დაიდო კანონის მოთხოვნათა დაცვით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა, რომ 2013 წლის 29 აპრილს მხარეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სესხის თანხა განისაზღვრა 10000 აშშ დოლარით, პროცენტის ოდენობა თანხის 5% ყოველთვიურად, მოპასუხის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელეთა სახელზე რეგისტრირებული ქონება, 2014 წლის შეთანხმებით სესხის თანხა კი განისაზღვრა 12500 აშშ დოლარით, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. ამავე სასამართლოს 2017 წლის 6 ივლისის განჩინებით მოსარჩელეთა საჩივარი დაკმაყოფილდა, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის განხილვა განახლდა.

სააპელაციო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში და მთავარი სხდომა დაინიშნა 2017 წლის 30 ნოემბერს, 13.50 საათზე.

9. მოსარჩელეები სასამართლო სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებულ იქნენ კანონით დადგენილი წესით, ხელწერილითა და სატელეფონო შეტყობინებით ჩაბარების გზით, 2017 წლის 16 ნოემბერს.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი. გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე რაიმე სახის შეტყობინება სასამართლოში არ შესულა. ერთ-ერთმა მოსარჩელემ წარადგინა განცხადება და აღნიშნა, რომ, ოჯახური მდგომარეობის გამო, ვერ ცხადდება სასამართლო სხდომაზე.

11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე, 216-ე და 215-ე მუხლებით და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში სამი მოწინააღმდეგე მხარეა, მათგან ორს ჰყავთ წარმომადგენელი. სასამართლოს სხდომის გადადების საფუძვლად ერთ-ერთი მოწინააღმდეგე მხარის განცხადებაა წარმოდგენილი, რომელიც ზოგადად ოჯახურ პირობებზე მითითებით სასამართლო სხდომის კვლავ გადადებას ითხოვს. სააპელაციო პალატის განმარტებით, არ არსებობს ის შემთხვევა, რა დროსაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა გამოუცხადებლობას საპატიოდ მიიჩნევს და სასამართლო სხდომას გადადებს, რადგან მოწინააღმდეგე მხარეთა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.

12. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს სხდომის გადადების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა აღნიშნული სახის შუამდგომლობით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მხარემ უნდა განახორციელოს საპატიო მიზეზის არსებობისას, სხვა შემთხვევაში გონივრულია ვარაუდი იმის შესახებ, რომ შუამდგომლობა ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებას, გამოუცხადებლობა კი, – სასამართლოსადმი უპატივცემულობას.

13. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მოწინააღმდეგე მხარეთა სასამართლო მთავარ სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია.

14. ამავე კოდექსის 229-ე, 242-ე მუხლების, 387-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შუამდგომლობის ავტორის – აპელანტის წარმომადგენლის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა სულ სხვა ხელშეკრულების თაობაზე, რაც არ იყო სარჩელით დავის საგანი, ის ხელშეკრულება, რაც სასამართლომ გააუქმა თავისი გადაწყვეტილებით საერთოდ არ დარეგისტრირებულა რეესტრში. სასამართლო გასცდა დავის ფარგლებს, მხარეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია, ასევე მიუთითა, რომ ის ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა მხარეთა შორის და საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ნამდვილია, მხარეთა ნამდვილი ნების გამომხატველია და მისი ბათილობის საფუძველი არ არსებობს.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილს, მოწინააღმდეგე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, ერთხელ უკვე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

16. მითითებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა მოწინააღმდეგე მხარის საჩივრის საფუძველზე და საქმის განხილვა განახლდა. სასამართლოს სხდომა არაერთგზის გადაიდო მხარეთა მორიგების მიზეზით. მხარეთა მოსაზრებები მოსმენილი არ ყოფილა.

17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, მოწინააღმდეგე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ უნდა იქნეს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

19. კასატორმა მხარემ განმარტა, რომ მოსარჩელეები არიან ნათესავები, – მეუღლეები და მათი შვილი. საქმის განხილვის დღეს ორივე მეუღლე იყო ცუდად, ჰქონდათ სიცხე ვირუსული ავადმყოფობის გამო. წარმომადგენელს არ უცნობებია მათთვის სასამართლო სხდომაზე თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი.

20. კასატორებმა აღნიშნეს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით წინასწარ აცნობეს სასამართლოს მათი გამოუცხადებლობის თაობაზე განსაკუთრებული ობიექტური გარემოების გამო.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განჩინებით კი საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ზ“ ქვეპუქნტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ იგი უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

23. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

24. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია, სამართლებრივად შეაფასოს სარჩელში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი გარემოებები და გამოარკვიოს, შეესაბამება თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა კანონით ამ ტიპის ურთიერთობათა მომწესრიგებელი ნორმების დანაწესს. თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.

25. ანალოგიური პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნას სააპელაციო საჩივარში დასახელებული ფაქტობრივი გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.

26. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით.

27. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ დადგენილად ჩაითვლება აპელანტის მიერ დასახელებული მხოლოდ ფაქტობრივი გარემოებანი და არა მხარის მიერ ფაქტების სამართლებრივი შეფასება.

28. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს.

29. წინამდებარე სააპელაციო საჩივარში მოპასუხემ მიუთითა, რომ სასამართლომ, მართალია, გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებია, მაგრამ არასწორად განმარტა იგი. სსსკ-ის 248-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას და თავისი ინიციატივით მიაკუთვნა მხარეს ის, რასაც მხარე არ ითხოვდა, კერძოდ: ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მითითებულია სასარჩელო მოთხოვნა – ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლის 1 მაისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეებს შორის უძრავ ნივთზე. რაიონულმა სასამართლომ კი დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა, მაგრამ სულ სხვა რამ გადაწყვიტა და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაადგინა, რომ 2013 წლის 29 აპრილს მხარეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სესხის თანხა განსაზღვრა 10000 აშშ დოლარით, პროცენტის ოდენობა – თანხის 5% ყოველთვიურად. მოპასუხის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელეების სახელზე რეგისტრირებული ქონება, ხოლო სესხის თანხა განისაზღვრა 12500 აშშ დოლარით.

30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია ისეთ ფაქტებზე, რომლებიც შეიძლება სააპელაციო პალატის მხრიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფარგლებში დადგენილად ჩაითვალოს. მოპასუხის მიერ დასახელებული არგუმენტი, რომ რაიონული სასამართლო გასცდა მოსარჩელის მოთხოვნას, წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ შეფასებას. აპელანტის მოსაზრება კი სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს ვერ გამოიწვევს და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება.

31. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სასამართლო პროცესზე მოწინააღმდეგე მხარის – მოსარჩელეთა გამოუცხადებლობა წარმოადგენდა საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობას, ვინაიდან მოსარჩელეები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოგებულ მხარეს წარმოადგენენ და საქმის განხილვის გაჭიანურება მათ ინტერესებს არ შეესაბამება.

32. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი წინაპირობა, კერძოდ, მოპასუხის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებანი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებდა.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს არსებითად განსახილველად აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გათვალისწინებით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა., ნ. და რ. პ.-ების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ნოემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე