Facebook Twitter

საქმე №030210016001485653

საქმე №ას-456-456-2018 31 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „გ.-ო“ (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.-ა“ (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მოძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა, მათი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, საიჯარი ქირის დავალიანების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ლ.-ამ“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „გ.-ოს“ (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი) მიმართ და მოითხოვა მოძრავი ნივთების – ტრაქტორის, ჰიდრავლიკური ამწე მოწყობილობის, კოვშის, თითებიანი კოვშის, ბრუნვადი გუთნის, კარდანიანი დისკის, მომთიბველის, სასუქის მომყრელი სათესი მანქანის, შემწამვლელისა და დიზელის ტუმბოს მესაკუთრედ ცნობა, მოპასუხის მფლობელობიდან მათი გამოთხოვა და მისთვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, საიჯარო ქირის – 1 000 ლარის გადახდა.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 5 მაისს მხარეთა შორის დაიდო თანამშრომლობისა და ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ნასყიდობის საგანს შეადგენდა ტრაქტორი და №- ხელშეკრულების დანართში მითითებული სხვა ნივთები. ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდამდე, ნივთები რჩებოდა მოპასუხის საკუთრებაში, ხოლო გადახდა უნდა მომხდარიყო განსაზღვრული გრაფიკით, ნაწილ-ნაწილ. მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გამო, ხელშეკრულება შეწყდა და ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს დაეკისრა ტრაქტორის, სპეცტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების ღირებულების სრულად ანაზღაურება, რაც შეადგენდა 117462,09 ლარს. ამ თანხიდან გამოიქვითა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება – 32156,29 ლარი და სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულმა ნასყიდობის თანხამ შეადგინა 85305,80 ლარი.

3. ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 23 სექტემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხის სასარგებლოდ გადაიხადა ტრაქტორისა და სპეცტექნიკის ღირებულება 85305,80 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბაჟი – 2559,17 ლარი, საადვოკატო მომსახურების თანხა – 500 ლარი და აღსრულების საფასური – 6185,55 ლარი, სულ – 94550,52 ლარი, რის შემდეგაც მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელისათვის გადაეცა საკუთრების უფლება ტრაქტორსა და ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული სხვა ნივთებზე და თავად ნივთები.

4. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-3 მუხლისა და ჩაბარების აქტის თანახმად, ღირებულების სრულად გადახდამდე სადავო ნივთები სარგებლობის უფლებით გადაეცა მოსარჩელე საზოგადოების დირექტორს, თუმცა ნივთები განთავსებულია მოპასუხის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე და მისი გატანისა და სარგებლობის შესაძლებლობა მოსარჩელეს შეზღუდული აქვს.

5. მოპასუხეს გადასახდელი აქვს მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირა 1000 ლარის ოდენობით, რასაც მოპასუხე აღიარებს, მაგრამ მის გადახდას თავს არიდებს.

მოპასუხის პოზიცია:

6. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი/შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი არ არის, ერთპიროვნულად მოითხოვოს მოძრავი ნივთების დაბრუნება, რაც შეეხება საიჯარო ქირას, მოპასუხემ იგი გაუქვითა მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულ ზიანში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო ქონების მესაკუთრედ, რომელიც გამოთხოვილ იქნა მოპასუხის მფლობელობიდან, მასვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის – 1 000 ლარის გადახდა.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 5 მაისს მოსარჩელე საზოგადოებამ და მისმა დირექტორმა მოპასუხისაგან შეიძინეს ტრაქტორი, ჰიდრავლიკური ამწე მოწყობილობა, კოვში და თითებიანი კოვში, ბრუნვადი გუთანი, კარდანიანი დისკი, მომთიბველი, სასუქის მომყრელი სათესი მანქანა, შემწამვლელი და დიზელის ტუმბო.

11. შემძენ მხარეს ნასყიდობის საფასური უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ, 2017 წლის 27 აპრილის ჩათვლით.

12. ხელშეკრულების დადების შემდეგ მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და, ამიტომ აპელანტმა მისგან ნასყიდობის სრული საფასურის გადახდა მოითხოვა.

13. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 85305,8 ლარის გადახდა.

14. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულდა კიდეც. ამის მიუხედავად, აპელანტს მოსარჩელისათვის შეძენილი ნივთები არ გადაუცია. გარდა ამისა, მხარეთა შორის დადებული იყო იჯარის ხელშეკრულება, თუმცა ქირა, – 1000 ლარი აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის არ გადაუხდია.

15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად გადაწყვიტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 188-ე, 477-ე, 592-ე, 581-ე მუხლების საფუძველზე სარჩელი საფუძვლიანი იყო.

16. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის დაკისრებული თანხა ნასყიდობის სრულ საფასურს არ წარმოადგენდა.

17. უპირველეს ყოვლისა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სადავო ქონების ფასი შეადგენდა 47700 ევროს, თუმცა მხარეები არ დავობენ, რომ, ზეპირი შეთანხმებით, აპელანტმა იგი შეამცირა და, საბოლოოდ, ქონება 45250 ევროდ გაასხვისა.

18. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ გადასახდელი თანხა სწორედ 45250 ევროდან გამოიანგარიშა. ეს კი ნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებით მოსარჩელეს აპელანტის სასარგებლოდ სწორედ ნასყიდობის დარჩენილი ფასის სრულად გადახდა დაეკისრა.

19. აღნიშნული ცალსახად დგინდება თავად გადაწყვეტილებიდანაც, სადაც მითითებულია, რომ ამ საქმეში აპელანტმა მოსარჩელისაგან „ნასყიდობის საფასურის მთლიანად ანაზღაურება“ მოითხოვა (ს.ფ. 24), ასევე, ამ გადაწყვეტილების 3.1.3. პუნქტიდან, სადაც, სარჩელსა და შესაგებელზე დაყრდნობით, უდავო ფაქტობრივ გარემოებად არის მიჩნეული, რომ მოსარჩელეს 2017 წლის 27 აპრილამდე დარჩენილი ჰქონდა ნასყიდობის საფასურის ღირებულება 45250 ევროს ოდენობით.

20. ეს გარემოება უფრო ნათლად არის ასახული ამავე საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 12 ივნისს მიღებული განჩინების 3.1.2. პუნქტში, სადაც აღნიშნულია, რომ: „2012-2013 წლებში მოსარჩელემ მოპასუხის სასარგებლოდ შეასრულა 32156,29 ლარის ღირებულების სამუშაო. საერთო ჯამში მოსარჩელეს გადასახდელი დარჩა მოპასუხისათვის 85305,8 ლარი (მოპასუხის მოთხოვნიდან – 117462,09 ლარიდან გამოიქვითა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება – 32156,29 ლარი)“.

21. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გამოტანის ძირითადი საფუძველი გახდა, ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 266-ე მუხლის თანახმად, აპელანტი მათ სადავოდ ვეღარ გახდის. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, ნათელია, რომ ეს მტკიცებულებები მოსარჩელის მოთხოვნას ადასტურებს, აპელანტმა კი სასამართლოსათვის საწინააღმდეგოს დამტკიცება ვერ შეძლო.

22. თავისი პოზიციის დასადასტურებლად აპელანტმა სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ ერთი მოწმე.

23. სააპელაციო პალატამ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტებისა და მხარეთა მიერ წერილობით დადებულ ხელშეკრულებაში გამოხატული ნების გასაქარწყლებლად მოწმის ჩვენება საკმარის მტკიცებულებად არ მიიჩნია, თუმცა, ასეც რომ არ იყოს, აპელანტის პოზიციას არც ზემოხსენებული მოწმის ჩვენება ამტკიცებს.

24. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე მოწმემ განმარტა, რომ იგი ესწრებოდა მოსარჩელე საზოგადოების დირექტორსა და აპელანტის წარმომადგენელს შორის შემდგარ მხოლოდ ერთ შეხვედრას. ამ შეხვედრაზე მოსარჩელე საზოგადოების დირექტორმა წამოჭრა მის მიერ აპელანტის სასარგებლოდ შესრულებულ სამუშაოზე დამატებული ღირებულების გადასახადის გადახდის საკითხი. მხარეებმა არ იცოდნენ, იყვნენ თუ არა ამ გადასახადის გადამხდელები და შეთანხმდნენ, რომ თუ საგადასახადო ორგანოში საკითხის გარკვევის შემდეგ მოსარჩელე საზოგადოების დირექტორი შეთანხმებულ თანხას დღგ-ს დაამატებდა, აპელანტი ნასყიდობის საფასურს დღგ-ს თანხით თავადაც გაზრდიდა. ამის შემდეგ, შეხვედრა „დაიშალა“ და საუბარი აღარ გაგრძელებულა. არც მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების, არც გადასახდელი თანხებისა და არც ამის შემდეგ განვითარებული მოვლენების თაობაზე მოწმისათვის ცნობილი არაფერი იყო.

25. მნიშვნელოვანია, რომ, მოწმის ჩვენებით, იგი მოპასუხესთან 2012 წლის დასაწყისიდან ორი თუ სამი თვის განმავლობაში მუშაობდა. ეს შეხვედრა მუშაობის დაწყებიდან ერთ თვეში შედგა, ხოლო შეხვედრის დროს ციოდა და ღუმელი ენთო. აღნიშნულიდან ირკვევა, რომ მოწმის მიერ აღწერილი შეხვედრა, სავარაუდოდ, შედგა 2012 წლის ზამთარში, ე.ი. 2012 წლის 5 მაისამდე – „თანამშრომლობისა და ნასყიდობის ხელშეკრულების“ დადებამდე. შესაბამისად, მოწმე შეესწრო შეთანხმების პროცესის ერთ-ერთ ეპიზოდს, რის საფუძველზეც გარიგებაში მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების დადგენა შეუძლებელია.

26. საყურადღებოა, რომ, როცა არ უნდა მომხდარიყო ეს შეხვედრა, ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობაზე – ფასზე ხელშეკრულებისაგან განსხვავებული შეთანხმება მოწმის ჩვენებიდან მაინც არ დგინდება.

27. ამრიგად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტის პოზიცია დაუსაბუთებელი იყო და საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად არ გაიზიარა იგი.

28. სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტს, რომ მის მიმართ მოთხოვნის უფლება მხოლოდ აპელანტს არ გააჩნია.

29. სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად ჩათვალა, რომ ნივთები აპელანტისაგან მოსარჩელე საზოგადოების დირექტორმა და მოსარჩელემ ერთობლივად შეიძინეს. ხელშეკრულების თანახმად, მათ აპელანტის წინაშე პასუხისმგებლობა იკისრეს, როგორც „ერთობლივმა მოვალეებმა“. ასეც რომ არ იყოს, ტრაქტორისა და ხელშეკრულებით განკარგული სხვა ნივთების კრედიტორებისათვის ნაწილ-ნაწილ მიწოდება, ამ ნივთების ფუნქციური დანიშნულების მოსპობის გარეშე, შეუძლებელია.

30. ამრიგად, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების საგანი განუყოფელია.

31. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 456-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული უფლებამოსილება წარმოიშობა ხელშეკრულებით... ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. აღნიშნულის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე საზოგადოების დირექტორსა და მოსარჩელეს აპელანტის მიმართ წარმოეშვათ სოლიდარული უფლებამოსილება სსკ-ის 456-ე მუხლით გათვალისწინებული ორივე ზემოხსენებული საფუძვლით.

32. ამავე კოდექსის 455-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სოლიდარული უფლებამოსილების შემთხვევაში, მთლიანი შესრულების მოთხოვნა შეუძლია თითოეულ სოლიდარულ კრედიტორს. რადგან ისინი სოლიდარული კრედიტორები იყვნენ, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, აპელანტისაგან ვალდებულების მთლიანად შესრულება მოეთხოვა იმის მიუხედავად, აღძრავდა თუ არა ამ მოთხოვნას მეორე სოლიდარული კრედიტორი.

33. საყურადღებოა ისიც, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელე საზოგადოების დირექტორმა აპელანტის მიმართ მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს დაუთმო.

34. როგორც აღინიშნა, მოსარჩელე საზოგადოების დირექტორი და მოსარჩელე არა მარტო სოლიდარული კრედიტორები, არამედ სოლიდარული მოვალეებიც იყვნენ.

35. სსკ-ის 463-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს, ე.ი. აპელანტს მათ მიმართ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება ჰქონდა და ერთ-ერთი მოვალის მიერ ამ ვალდებულების შესრულების შემდეგ, სსკ-ის 465-ე მუხლის მეორე წინადადებისა და 427-ე მუხლის მიხედვით, სხვა მოვალეთა ვალდებულება მის მიმართ წყდებოდა.

36. აპელანტი სადავოდ არ ხდის, რომ სახელშეკრულებო ვალდებულება, მოსარჩელე საზოგადოების დირექტორმა მაინც შეასრულა, რაც ნიშნავს რომ ნებისმიერ შემთხვევაში მის მიმართ მოსარჩელის ვალდებულება შეწყვეტილია და ამიტომ ამ თვალსაზრისით აპელანტის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

37. სააპელაციო პალატა დაეთანხმა აპელანტს, რომ სსკ-ის 422-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულებათა გასაქვითად სარჩელის აღძვრა აუცილებელი არ არის, თუმცა აპელანტმა მის მიმართ მოსარჩელის ვალის არსებობა ვერ დაამტკიცა. არარსებულ ვალდებულებაში არსებული ვალის გაქვითვა კი შეუძლებელია.

38. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მისი შეცვლის საფუძვლები არ არსებობს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

39. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

40. კასატორმა მიიჩნია, რომ 2013 წლის 28 თებერვლის ზეპირი, პირობადადებული, ორმხრივი შეთანხმება შეასრულა და მოსარჩელის მიერ ანგარიშსწორების დოკუმენტში წარმოდგენილი დამატებით დაანგარიშებული და მოთხოვნილი დღგ-ის თანხა გადაიხადა, შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ მისი მოთხოვნა შეამცირა დამატებით დაანგარიშებული და მოთხოვნილი საფასურის თანხით დღგ-ის თანხის ოდენობიანად.

41. მოსარჩელის ამჟამინდელი საქციელი არის უფლების ბოროტად გამოყენება, რაზეც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ უმსჯელიათ (სსკ-ის 115-ე მუხლი), თუმცა კასატორის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ საქმის არსი აშკარად დამაჯერებლად დაადასტურა და კასატორმა, როგორც ფაქტობრივი, ასევე დღგ-ის საკითხი დაწვრილებით მოახსენა სასამართლოს. მოსარჩელე საზოგადოების დირექტორი ესწრებოდა აღნიშნულ მოხსენებებს, თუმცა მათი შინაარსი სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხემ მოსამართლეს მიმართა, კითხვა დაესვა მოსარჩელე საზოგადოების დირექტორისთვის, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს მისი ნათქვამი. მოსამართლემ არ შეასრულა აღნიშნული მოთხოვნა, რაც სსსკ-ის 102-ე მუხლის დარღვევას წარმოადგენს.

42. საკასაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის მოთხოვნის გაზიარება ზიანს მიაყენებს კასატორს და 2012 წლის 5 მაისის წერილობითი ხელშეკრულებაში მნიშვნელოვან ცვლილებას გამოიწვევს, რაც არ ყოფილა შეთანხმებული.

43. სსკ-ის 78-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა აღნიშნა, რომ გააჩნია შესწორების უფლება, რაც ნიშნავს 2012 წლის 5 მაისის ხელშეკრულებით შეთანხმებულ ნასყიდობის საფასურზე დამატებით დღგ-ის თანხის დაანგარიშებას და გადახდის მოთხოვნას. მითითებული მოპასუხემ მრავალჯერ მოითხოვა, რაზეც მოსარჩელისაგან უარი მიიღო. ზეპირი მოსმენებისას დღგ-ის საკითხი, საქმის არსი და პრობლემატიკა მოპასუხემ სადავოდ გახადა, თუმცა სსკ-ის 78-ე მუხლის გამოყენებაზე ქვემდგომ სასამართლოებს არ უმსჯელიათ.

44. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 106-ე და 266-ე მუხლები. იმ ფაქტიდან, რომ 2015 წლის 21 დეკემბერს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის თანხა (და არა სრული ნასყიდობის საფასური) გადახდილ იქნა, არ შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ ნასყიდობის საფასური სრულადაა გადახდილი, თუ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგულისხმება 2012 წლის 5 მაისის ხელშეკრულების „ნასყიდობის საფასური დღგ-ის გარეშე“. მხარემ მიიჩნია, რომ თანხის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, მაგრამ 2015 წლის 12 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ვერ დაადგენდა, რომ „ნასყიდობის საფასური სრულყოფილადაა გადახდილი“, რადგან სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდა მოხდა განჩინების მიღებიდან ნახევარი წლის შემდეგ, 2015 წლის 21 დეკემბერს. სასამართლო ვერ დაადასტურებდა იმას, რომ მოსარჩელე ვალდებულია, გადაიხადოს 2012 წლის 5 მაისის წერილობითი ხელშეკრულებით დადგენილი ნასყიდობის საფასური, რომელიც 2013 წლის 28 თებერვლის ზეპირი შეთანხმების საფუძველზე 2450 ევროთი იქნა შემცირებული. კანონიერ ძალაში შესული განჩინება ხელს ვერ შეუშლის დღგ-ის თანხის ცალკე მოთხოვნას.

45. სააპელაციო სასამართლოს არ შეუმოწმებია, მხარეებმა გარკვევით ან კონკლუდენტურად თქვეს თუ არა უარი წერილობითი ფორმის დათქმაზე. წერილობითი ან ზეპირი ხელშეკრულება წერილობითი ფორმის დათქმაზე უარის თქმის შესახებ არ დადებულა. ფაქტობრივად მხარეთა დირექტორებს შორის არსებობდა ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. არც ერთ მხარეს არ მოუთხოვია ზეპირი შეთანხმების წერილობითი ფორმით შედგენა. მათთვის დღგ-ის თანხა პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან პირობადადებული შეთანხმება ორმხრივი იყო. 2012 წლის 5 მაისის წერილობით ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების ზეპირი შეთანხმებით შეტანა პრობლემას არ წარმოადგენდა. ყველაფრიდან ჩანს, რომ მაშინ მხარეებმა კონკლუდენტურად თქვეს უარი წერილობითი ფორმის დათქმაზე და ზეპირ შეთანხმებას ქმედითად მიიჩნევდნენ.

46. კასატორის განმარტებით, სსკ-ის 953-ე მუხლის თანახმად, 2012 წლის 5 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელე საზოგადოება და მისი დირექტორი არიან საზიარო უფლებების მფლობელები. მაშასადამე, მოთხოვნები (საკუთრების უფლების აღიარება და ნივთების გამოთხოვა) არ შეიძლებოდა დაეყენებინა მხოლოდ ერთ მყიდველს. ამავე კოდექსის 455-ე მუხლი არ გამოიყენება.

47. 2016 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე წარდგენილ იქნა სანოტარო წესით დამოწმებული დოკუმენტი, რომლითაც მოსარჩელე საზოგადოების დირექტორმა, როგორც ფიზიკურმა პირმა, 2012 წლის 5 მაისის ხელშეკრულებიდან საკუთარი უფლებები მოსარჩელეს დაუთმო. სააპელაციო პალატას არ უმსჯელია, კანონიერია თუ არა მოსარჩელე საზოგადოების დირექტორის, როგორც ფიზიკური პირსა და ამავდროულად მოსარჩელის წარმომადგენელს – დირექტორს შორის 2016 წლის 31 ოქტომბერს დადებული დოკუმენტი. სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, 2016 წლის 31 ოქტომბრის დოკუმენტი კასატორს არასრულყოფილ გარიგებად და, ამდენად, ბათილად მიაჩნია.

48. დოკუმენტიდან არ ირკვევა, დაიდო თუ არა გარიგება სანაცვლო მოქმედების შესრულებაზე. სსკ-ის 361-ე მუხლის თანახმად ივარაუდება, რომ ყოველი შესრულება ვალდებულების არსებობას გულისხმობს. მოსარჩელე მხოლოდ 2016 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ამტკიცებდა, რომ ხელშეკრულებიდან ყველა უფლების დათმობა იმიტომ მოხდა, რომ მოსარჩელემ „ყველაფერი“ გადაიხადა. თუ 2015 წლის 21 დეკემბერს მოსარჩელე საზოგადოების დირექტორმა „ყველაფერი“ ან ასევე სასარჩელო მოთხოვნის მხოლოდ ნაწილი გადაიხადა, მაშინ ის, რაც 2016 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე ითქვა, სიმართლეს არ შეესაბამება.

49. კასატორმა ჩათვალა, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 55-ე მუხლიც. თუ სარწმუნოა მტკიცება, რომ მოსარჩელემ ყველაფერი გადაიხადა (სავარაუდოდ იგულისხმება 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკისრებული სასარჩელო მოთხოვნა სასამართლო ხარჯებთან ერთად), ჩნდება კითხვა, არის თუ არა შესრულების ღირებულება (უფლებების დათმობა) და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებული ანაზღაურება (მოსარჩელის მოთხოვნა მისი დირექტორის მიმართ) თანაბარი. თუ მათ შორის აშკარა შეუსაბამობაა, მაშინ ასეთი გარიგება სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, ბათილია. თუ მოსარჩელემ 2015 წლის დეკემბერში სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად დაფარა, მაშინ მან გადაიხადა ასევე მოსარჩელის დირექტორის მიერ გადასახდელი თანხის ნახევარი. 2015 წლის 31 დეკემბრის ბალანსში მოსარჩელემ უნდა ასახოს, რომ დირექტორს მის წინაშე გააჩნია გადახდილი თანხის 50%-ის დავალიანება. შესაბამისად, 2016 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელემ დირექტორისაგან შეიძინა დაახლოებით 50000 ლარის ღირებულების უფლებები. კასატორის მოსაზრებით, შესაძლოა, მითითებული უფლებების ღირებულება 50000 ლარზე ნაკლები იყოს, რადგან ტრაქტორს ძრავის პრობლემა აქვს და გამართულ მდგომარეობაში არ იმყოფება, დანარჩენი ნივთები (შემწამვლელი და სხვა) არასათანადოდაა მოვლილი. 2012 წლის 5 მაისსა და 2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარ შესყიდვებს შორის 4 წელია შუალედი, რაც თავისთავად ღირებულების შემცირებას გამოიწვევდა.

50. ამდენად, მოსარჩელეს 2016 წლის 31 ოქტომბერს მოუწევდა უფლებების ძალიან ძვირად შეძენა, რაც, სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის თანახმად, გაფლანგვას ან მითვისებას შეიძლება წარმოადგენდეს და ამ საფუძვლის გამოც დოკუმენტი ბათილად უნდა ჩაითვალოს.

51. კასატორის მითითებით, ვინაიდან მოსარჩელემ 2016 წლის 31 ოქტომბრის დოკუმენტი მხოლოდ 2016 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე წარადგინა და ამით აშკარად სურდა დაემტკიცებინა, რომ გააჩნია უფლებამოსილება, იყოს მარტო მოსარჩელე, შესაბამისად, არსებობს მოჩვენებითი გარიგება სსკ-ის 56-ე მუხლის თანახმად. კითხვაზე მოსარჩელის დირექტორმა შეგნებულად უპასუხა, რომ მოსარჩელემ გადაიხადა ყველაფერი. იგულისხმება აღსრულების ბიუროს მიერ კასატორის ანგარიშზე 2015 წლის 21 დეკემბერს ჩარიცხული თანხა. მოსარჩელის დირექტორის აღნიშნული განმარტება არ არის დამაჯერებელი, ვინაიდან რამდენიმე დღით ადრე მისი, როგორც მოსარჩელე საზოგდოების დირექტორის მიერ წარმოდგენილ ქონებრივ ნუსხაში მოსარჩელეს არც ნაღდი ფული გააჩნდა ანგარიშზე და არც მოთხოვნები. საკუთარი ხელმოწერით დადასტურებული ახსნა-განმარტების მიხედვით, მოსარჩელეს არ შეეძლო სასარჩელო მოთხოვნის, სააღსრულებლო და სასამართლო ხარჯების გადახდა.

52. მოსარჩელის დირექტორის მიერ უფლებების დათმობა წარმოადგენს, სსკ-ის 114-ე მუხლის მიხედვით, საკუთარ თავთან გარიგების დადებას. სამეწარმეო რეესტრიდან არ ირკვევა, დირექტორი ფაქტობრივად და ფორმალურად ოფიციალურად გათავისუფლებულია თუ არა საკუთარ თავთან გარიგების დადების აკრძალვისაგან, სსკ-ის 114-ე მუხლის შესაბამისად. შპს-ს უფლებები ფორმალური მხარეების დაცვის თვალსაზრისით მკაცრია. საკუთარ თავთან გარიგების დადების აკრძალვისაგან გათავისუფლება უნდა ასახულიყო მოსარჩელის წესდებაში.

53. კასატორმა მიიჩნია, რომ მოსარჩელის დირექტორის მიერ მოსარჩელისათვის უფლებების დათმობაში სავარაუდოდ მოიაზრებოდა დღგ-ის ჩათვლის საკითხი, ეს მიზანი არ იქნება მიღწეული, რადგან ფიზიკურ პირს შეუძლია დაუთმოს და გადასცეს მოსარჩელეს მხოლოდ ის უფლებები, რაც მას თვითონ გააჩნია. მოსარჩელის დირექტორი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგსირტირებული, მაშასადამე, შემოსავლების სამსახურის მიმართ გადახდილი დღგ-ის თანხის მოთხოვნის უფლება გააჩნია.

54. კასატორმა განმარტა, რომ იჯარის ხელშეკრულება დაიდო მიწის ნაკვეთების მესაკუთრე მოსარჩელესა და მოიჯარე მოპასუხეს შორის. იჯარის თანხის დავალიანება არსებობდა, მაგრამ მოთხოვნა შეწყდა გაქვითვით (სსკ-ის 442-ე მუხლი). გაქვითვის კანონიერება დასაბუთებულია, რაც განხორციელდა სულ მცირე სამართლებრივად მოთხოვნის ნაწილში – 1000 ლარის ოდენობით. ზარალი, რომელიც კასატორს მიადგა მიუღებელი შემოსავლიდან (მიუღებელი პროცენტები), დადასტურებულია წარმოდგენილი დოკუმენტებით (სსკ-ის 134-ე მუხლი). ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა ეყრდნობა სსკ-ის 394-ე, მე-400-ე, 403-ე და 411-ე მუხლებს.

55. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა იჯარის თანხასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა, რომ მოსარჩელემ სრულად გადაიხადა სასამართლო გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული ნასყიდობის საგნის ღირებულება 85305,80 ლარის ოდენობით. ასევე, არ გაითვალისწინა ფაქტობრივი გარემოება მხარეთა შორის არსებულ ზეპირ, გაცვლით, გარიგებასთან დაკავშირებით გადადების პირობით.

56. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

57. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

58. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 5 მაისს მოსარჩელე საზოგადოებამ და მისმა დირექტორმა მოპასუხისაგან შეიძინეს ტრაქტორი, ჰიდრავლიკური ამწე მოწყობილობა, კოვში და თითებიანი კოვში, ბრუნვადი გუთანი, კარდანიანი დისკი, მომთიბველი, სასუქის მომყრელი სათესი მანქანა, შემწამვლელი და დიზელის ტუმბო.

59. შემძენ მხარეს ნასყიდობის საფასური უნდა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ 2017 წლის 27 აპრილის ჩათვლით.

60. ხელშეკრულების დადების შემდეგ მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა და, ამიტომ აპელანტმა მისგან ნასყიდობის სრული საფასურის გადახდა მოითხოვა.

61. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 85305,8 ლარის გადახდა.

62. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და აღსრულდა კიდეც. ამის მიუხედავად, აპელანტს მოსარჩელისათვის შეძენილი ნივთები არ გადაუცია. გარდა ამისა, მხარეთა შორის დადებული იყო იჯარის ხელშეკრულება, თუმცა ქირა, – 1000 ლარი აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის არ გადაუხდია.

63. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

64. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

65. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

66. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის არგუმენტები სადავო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით სადავო ქონების ფასი განისაზღვრა 47700 ევროდ. აპელანტმა მითითებული ოდენობა შეამცირა და, საბოლოოდ, ქონება 45250 ევროდ გაასხვისა.

67. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელის მიერ გადასახდელი თანხა გამოიანგარიშა 45250 ევროდან. იგივე ირკვევა გადაწყვეტილების იმ ნაწილიდანაც, სადაც მითითებულია, რომ ამ საქმეში აპელანტმა მოსარჩელისაგან „ნასყიდობის საფასურის მთლიანად ანაზღაურება“ მოითხოვა.

68. საფუძველიანია სააპელაციო პალატის მითითება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 12 ივნისის განჩინებაზეც, რომლის მიხედვით „2012-2013 წლებში მოსარჩელემ მოპასუხის სასარგებლოდ შეასრულა 32156,29 ლარის ღირებულების სამუშაო. საერთო ჯამში მოსარჩელეს გადასახდელი დარჩა მოპასუხისათვის 85305,8 ლარი (მოპასუხის მოთხოვნიდან – 117462,09 ლარიდან გამოიქვითა მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება – 32156,29 ლარი)“.

69. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ზემოთ დასახელებული გარემოებები საფუძვლად დაედო კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, არსებობს სსსკ-ის 266-ე მუხლის გამოყენების წანამძღვრები.

70. სსსკ-ით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (264-ე მუხლი) და მატერიალური (266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც, პირველ შემთხვევაში, გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არამარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, სსსკ-ის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლით ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

71. მითითებული ნორმის ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველს: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს (სუსგ 20.07.2015წ. საქმე №ას-355-337-2015).

72. მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავის ფარგლებში დადასტურებლად ჩაითვალა ფაქტობრივი გარემოებანი, რომლებიც დადგენილად იქნა მიჩნეული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით. ამგვარი ფაქტების სარწმუნოობის ხელახლა შემოწმების შესაძლებლობას კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა. ამასთან, მოპასუხემ მათი უარყოფა რაიმე სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო.

73. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს კანონით დადგენილი წესით – შეგებებული სარჩელის ან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია მის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ თუ სარწმუნეოდ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ დავალიანების დაფარვა, უნდა გამოკვლეულიყო, შესრულების ღირებულება (უფლებების დათმობა) და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებული ანაზღაურება (მოსარჩელის მოთხოვნა მისი დირექტორის მიმართ) თანაბარია თუ არა და თუ მათ შორის აშკარა შეუსაბამობაა, მაშინ ასეთი გარიგება, სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, ბათილია.

74. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

75. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

76. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

77. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

78. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

79. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 23 მარტს №- საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი 300 ლარი სრულად, ხოლო 2018 წლის 24 აპრილს გადახდილი 5923 ლარის 70% – 4146,1 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ.-ოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „გ.-ოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი №…) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 23 მარტს №.. საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი 300 ლარი სრულად, ხოლო 2018 წლის 24 აპრილს გადახდილი 5923 ლარის 70% – 4146,1 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე