Facebook Twitter

საქმე №330210016001270458

საქმე №ას-459-459-2018 4 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „თ.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. შ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „თ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. შ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ზიანის – 7000 აშშ დოლარისა და 218 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებით მოპასუხეს 3 დღის ვადით გადაეცა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც მოსარჩელეს აღებული ჰქონდა იჯარით სხვა ფიზიკური პირისაგან (შემდგომში – მეიჯარე). ავტომანქანა იყო დაზღვეული სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით, რომლის თანახმად, სადაზღვევო თანხა განისაზღვრა 7000 აშშ დოლარით.

3. მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე, მოპასუხემ ავტომობილი გადასცა სხვა პირს (შემდგომში – მძღოლი), რომელმაც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დააზიანა იჯარით გადაცემული სატრანსპორტო საშუალება. ავტომობილი იმდენად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა შეუძლებელია. დაზიანებული ავტომობილის ღირებულებაა 7000 აშშ დოლარი. დაზღვევის ხელშეკრულებით, სატრანსპორტო საშუალების უფლებამოსილ მძღოლთა ასაკი განისაზღვრა 21 წლიდან, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლი კი 20 წლის იყო, ამდენად, მოსარჩელეს სადაზღვევო კომპანიისათვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით არ მიუმართავს და არც სადაზღვევო კომპანიას აუნაზღაურებია თანხა. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხე ვალდებულია, აანაზღაუროს იჯარის საგნის დაზიანებით მიყენებული ზიანი.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იჯარის ხელშეკრულებას არ ერთვოდა ავტომობილის ტექნიკური პასპორტი, შესაბამისად, არ ირკვეოდა, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს სატრანსპორტო საშუალების იჯარით გაცემის უფლება. გარდა ამისა, არ დგინდებოდა ზიანის ოდენობა, რომელსაც მოსარჩელე განსაზღვრავდა დაზღვევის სერტიფიკატით. აღნიშნული დოკუმენტი კი არ ადასტურებდა ავტოსაგზაო შემთხვევამდე და მის შემდგომ სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებას. ასევე არ დგინდებოდა, თუკი ავტომობილი განადგურდა, ვის საკუთრებაში იმყოფებოდა, მოხდა თუ არა მისი თუნდაც ჯართის სახით რეალიზაცია და ვინ მიიღო რეალიზაციის შედეგად სარგებელი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით გამოარკვია, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს განესაზღვრა საპროცესო ვადა – 7 დღე და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

8. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო უკუგზავნილით ირკვევა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება მოსარჩელეს ჩაბარდა 2018 წლის 2 თებერვალს.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ხარვეზის შევსების 7-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 3 თებერვლიდან, ვინაიდან ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილით აღნიშნული საპროცესო ვადა ამოიწურა 2018 წლის 9 თებერვალს, ამდენად, აპელანტს ხარვეზის შევსების უფლებამოსილება გააჩნდა 2018 წლის 9 თებერვლის ჩათვლით.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია და მისთვის ხარვეზის არსებობა ცნობილი არ იყო. სსსკ-ის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ მიუთითებია, კონკრეტულად ვის ჩაბარდა აპელანტისათვის გაგზავნილი სასამართლო გზავნილი. საქმის მასალების მიხედვით, სადავო გზავნილი გადაეცა ფიზიკურ პირს (შემდგომში – გზავნილი მიმღები), რომელსაც მოსარჩელე საზოგადოებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. შესაბამისად, სააპელაციო პალატას ხარვეზის შევსების ვადა უნდა აეთვალა არა გზავნილის მიმღებისათვის სასამართლო გზავნილის გადაცემის, არამედ 2018 წლის 29 მარტიდან, როდესაც აპელანტს ჩაბარდა გასაჩივრებული განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

15. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

16. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 725-52 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.

17. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

18. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

19. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს სამუშაო ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ შესაბამისი ორგანიზაციის სათანადოდ უფლებამოსილმა პირმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს.

20. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლო გზავნილი გაეგზავნა მოსარჩელე შპს-ს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2018 წლის 2 თებერვალს ჩაბარდა (ტომი 2, ს.ფ. 6) გზავნილის მიმღებ ფიზიკურ პირს იმის მითითებით, რომ იგი არის ბინის მფლობელის მეუღლე. საფოსტო უკუგზავნილზე დაფიქსირდა მიმღების პირადობის პირადი ნომერი.

21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ გზავნილის მიმღები ფიზიკური მოსარჩელე ორგანიზაციაში არ მუშაობს, მასთან არანაირი შეხება არ გააჩნია და სააპელაციო პალატამ მისთვის ხარვეზის განჩინების ჩაბარება მხარისათვის მის გადაცემად არასწორად შეაფასა.

22. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სასამართლო გზავნილი მოსარჩელეს გაეგზავნა იმ მისამართზე, რომელიც ამ უკანასკნელმა თავად მიუთითა სააპელაციო საჩივარში. ამავე მისამართზე წერილობითი კორესპონდენცია მოსარჩელეს მანამდეც – 2017 წლის 23 აგვისტოს გაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ და ჩაბარდა გზავნილის მიმღებ ფიზიკურ პირს იმავე მითითებით, რომ აღნიშნული ფიზიკური პირი ორგანიზაციის წარმომადგენელია (ტომი 1, ს.ფ. 52).

23. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2018 წლის 2 თებერვლისა და 2017 წლის 23 აგვისტოს საფოსტო უკუგზავნილებზე გზავნილის მიმღების პირადობის მოწმობის პირადი ნომერიც იდენტურია, რაც ადასტურებს, რომ გზავნილის მიმღები მოსარჩელე საზოგადოებისათვის გაგზავნილ საპროცესო დოკუმენტებს მოსარჩელის სახელით დაუბრკოლებლად იბარებდა.

24. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

25. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითება სადავო გზავნილის მიმღების არაუფლებამოსილებას მის მიერ დასახელებული გარემოების უპირობოდ დადგენილად მიჩნევისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რა დროსაც საკასაციო პალატამ გაიზიარა მხარის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გზავნილის მიმღები პირი ადრესატი მხარის თანამშრომელი არ იყო და აღნიშნული გარემოება დადასტურებულად მიიჩნია უტყუარი მტკიცებულების – შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ორგანიზაციის მიერ კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში გაცემული თანხისა და დაკავებული თანამდებობების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე (იხ. სუსგ 31.01.2017წ. №ას-1007-968-2016, სუსგ 9.02.2018წ. ას-17-17-2018).

28. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებას, რომ ხარვეზის განჩინება აპელანტ მხარეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2018 წლის 2 თებერვალს.

29. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

30. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 3 თებერვლიდან და ამოიწურა ამავე წლის 9 თებერვალს, თუმცა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მისთვის არ მიუმართავს.

31. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

32. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ ზემოაღნიშნული გარემოება წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.

33. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „თ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე