საქმე №330210016001396982
საქმე №ას-487-487-2018 11 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. ო.ი (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „თ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ო.–ის (შემდგომში – აპელანტი მოპასუხე), ზ. ო.-ის, პ. ქ.-ის, ლ. ღ.-ის, მ. ნ.-ისა და შპს „ნ.“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებთან გააფორმა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად, მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილი და მასზე დარიცხული პროცენტი. მოსარჩელის მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა და მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეებმა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები არ შეასრულეს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, სარჩელი დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რაც აპელანტმა მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 10 დღის ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 2998 ლარის გადახდა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. ამასთან, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით აპელანტ მოპასუხეს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 7 დღით, 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით კი, აპელანტს უარი ეთქვა ხარვეზის შესავსებად დამატებითის ვადის მიცემაზე და, ხარვეზის შევსების მიზნით, განესაზღვრა 2 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინების ასლი მოპასუხე აპელანტს ჩაბარდა 2018 წლის 14 მარტს.
8. ამდენად, სსსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, აპელანტისათვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 15 მარტს და ამოიწურა 2018 წლის 16 მარტს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო და არც აღნიშნულის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
9. სსსკ-ის 63-ე მუხლის, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
11. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, რადგან სააპელაციო სასამართლომ საქმე ზეპირი მოსმენით არ განიხილა, არ მოუსმინა მხარეებს და ხელი არ შეუწყო მათ მორიგებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
14. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
15. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ 2018 წლის 8 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი ცნობილ იქნა ხარვეზიანად და მხარეს დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 2998 ლარის გადახდა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
16. აპელანტი მოპასუხის მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 2018 წლის 29 იანვრის განჩინებით 7 დღით გაუგრძელა. 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით კი, აპელანტს უარი ეთქვა ხარვეზის შესავსებად დამატებითის ვადის მიცემაზე და, ხარვეზის შევსების მიზნით, განესაზღვრა 2 დღის ვადა ხარვეზის შესავსებად.
17. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის განჩინების ასლი მოპასუხე აპელანტს პირადად ჩაბარდა 2018 წლის 14 მარტს (ს.ფ. 283).
18. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
19. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად ჩათვალა, რომ აპელანტისათვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 15 მარტს და ამოიწურა 2018 წლის 16 მარტს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.
20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, რადგან სააპელაციო პალატამ საქმის ზეპირი განხილვა არ ჩაატარა და მხარეთა მორიგებას ხელი არ შეუწყო.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მორიგების მიღწევა დასაშვებია საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის აღსრულების მიმდინარეობისას, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინებით მხარეთა აღნიშნული საპროცესო უფლება არ დარღვეულა.
22. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტ მოპასუხეს ხარვეზი არასაპატიო მიზეზით არ გამოუსწორებია და მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ო.–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე