საქმე №330210016001218433
საქმე №ას-510-510-2018 4 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ღ.-ი“ (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.-ა“ (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შპს „კ.-ამ“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ღ.-ს“ შპს „ღ.-ს“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ 8000 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 18 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, სტუდიის მიერ სარეკლამო კლიპის გადაღება. მოპასუხე სთავაზობდა მოსარჩელისათვის სასურველ კონცეფციას, ახდენდა, დამკვეთთან კოორდინაციის შესაბამისად, მსახიობების დამტკიცებას, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღო სარეკლამო რგოლში და, მხოლოდ დამკვეთის წერილობითი დასტურის შესაბამისად, მსახიობების დამტკიცების შემდგომ უნდა გადაეღო კლიპი. კომპანია, რომლის პროდუქციის პოპულარიზაციისაკენ უნდა ყოფილიყო მიმართული კლიპი, აერთიანებს სხვადასხვა სახის პროდუქციას, როგორიცაა მურაბა, ჯემი, ტყემალი.
3. მოსარჩელის მითითებით, მოპასუხემ რამდენჯერმე გაუგზავნა მსახიობების ქასთინგების ვიდეოჩანაწერები, რომელიც განიხილა კომპანიის ადმინისტრაციამ, თუმცა წარმოდგენილი მსახიობები კლიპის არსში მითითებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდნენ. კლიპის იდეის არსი მოიაზრებდა მის გამოშვება წინასაახალწლო პერიოდამდე, თუმცა მსახიობების დამტკიცების საკითხი დროში გაიწელა და კლიპის გადაღებამ აზრი დაკარგა. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება ვერ შესრულდა, თუმცა მან ავანსის სახით გადახდილი თანხის დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად, ხოლო მოპასუხემ ყოველგვარი ობიექტური განმარტების გარეშე არ მიიღო შესრულება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8000 ლარის ანაზრაურება, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 369, 2591 მუხლებით და დაადგინა, რომ 2017 წლის 30 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო 2017 წლის 15 დეკემბერს და მხარეებს განემარტათ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ.
8. 2017 წლის 15 დეკემბერს გადაწყვეტილების სარეზოლოცი ნაწილის გამოცხადებას არც ერთი მხარე არ დასწრებია.
9. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 24 დღეს, – 2018 წლის 9 იანვარს მოპასუხის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება, თუმცა გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდა მისი მოუმზადებლობის გამო.
10. მოცემულ შემთხვევაში მხარემ შეასრულა მისთვის დაკისრებული ვალდებულება გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოში გამოცხადების შესახებ, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30 დღის ვადაში, თუმცა გადაწყვეტილება მას ვერ ჩაბარდა მისი მოუმზადებლობის გამო. ამდენად, სსკ-ის 2591 მუხლის შესაბამისად, მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდა.
11. სასამართლოს მოხელის მიერ შედგენილი აქტის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით – 2018 წლის 15 თებერვალს, რაც მოპასუხის წარმომადგენელს ეცნობა 2018 წლის 15 თებერვალს სატელეფონო შეტყობინებით (ს.ფ 159-160).
12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც მხარეს, 2591 მუხლის შესაბამისად, ვერ ჩაბარდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, ამ მომენტიდან ის თავისუფლდება სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან. ასეთ მომენტს კი, ადგენს ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება, ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
13. სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 2018 წლის 15 თებერვლის ტექნიკური საშუალებით, კერძოდ, სატელეფონო შეტყობინების გზით მხარეს ეცნობა დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების შესახებ და ამავე დღეს შეეძლო მისი ჩაბარება სასამართლოში ( ს.ფ 160).
14. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 16 თებერვლიდან და ამოიწურა 2018 წლის 1 მარტს, რომელიც არ იყო უქმე დღე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა დაგვიანებით – 2018 წლის 2 მარტს (ს.ფ 176). შესაბამისად, მხარემ დაარღვია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა, რომლის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
16. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა არასწორად დაიწყო 2018 წლის 15 თებერვლიდან – იმ მომენტიდან, როდესაც აპელანტს ეცნობა საქალაქო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების შესახებ.
17. მხარემ განმარტა, რომ მან სსსკ-ის 2591 მუხლის მოთხოვნა შეასრულა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 24 დღეს – 2018 წლის 9 იანვარსა და მოგვიანებითაც, 26 იანვარს მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. საქმეში წარმოდგენილია სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი იმის შესახებ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით – 2018 წლის 15 თებერვალს. შესაბამისად, მოპასუხე გათავისუფლდა სასამართლოში გამოცხადების ვალდებულებისაგან და მის მიმართ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენა უნდა დაწყებულიყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის გადაცემის მომენტიდან – 2018 წლის 19 თებერვლიდან.
18. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსამართლის თანაშემწეს 2018 წლის 15 თებერვალს დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების შეტყობინებასთან ერთად უნდა განემარტა მოპასუხისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის მომდევნო დღიდან დაწყების თაობაზე, რაც არ მომხდარა.
19. მოპასუხის მითითებით, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის, აგრეთვე (საქმე №ას-1161-1106-2014 30.12.2014წ.) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
21. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
22. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
23. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.
24. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
25. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუსგ 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014).
26. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ მოპასუხეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას თარიღი კანონით დადგენილი წესით ეცნობა.
27. საქმის მასალებში წარმოდგენილია მოპასუხის წარმომადგენლის (შესაბამისი რწმუნებულება წარმოდგენილია ს.ფ 46) 2018 წლის 9 იანვრისა (ს.ფ 156) და 26 იანვრის (158) განცხადებები დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ, შესაბამისად, დასაბუთებულია კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ მოპასუხის წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში მართლაც გამოცხადდა სასამართლოში და მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი.
28. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს საქმეზე დართული 2018 წლის 15 თებერვალს სხდომის მდივნის მიერ შედგენილი აქტები (ს.ფ 159-160), რომელთა თანახმად მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება მომზადდა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით – 2018 წლის 15 თებერვალს, რის თაობაზეც ეცნობა მოპასუხის წარმომადგენელს.
29. გასაჩივრებული დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მოპასუხის წარმომადგენელმა ჩაიბარა 2018 წლის 19 თებერვალს.
30. „დიდი პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება საქმეზე №ას-1161-1106-2014).
31. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის სასამართლოში გამოცხადება და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ განცხადების წარდგენა ათავისუფლებს მას დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოსათვის კვლევ მიმართვის ვალდებულებისაგან, თუ გასაჩივრებული დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ არის და მხარემ მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ შეძლო აღნიშნული საპროცესო აქტის მოპოვება. ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ მხარემ სსსკ-ის 2591 მუხლის მოთხოვნები შეასრულა. მითითებული მომენტიდან მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულება ეკისრება გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს და ამავე კოდექსის 369-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან.
32. ამდენად, სსსკ-ის 369-ე, 2591 მუხლების მიხედვით, სააპელაციო პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა აეთვალა მოპასუხის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან – 2018 წლის 19 თებერვლიდან (ს.ფ 161). აღნიშნული ვადა ამოიწურა 2018 წლის 5 მარტს, ხოლო მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2018 წლის 2 მარტს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დაცვით.
33. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად აითვალა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის შეტანის საპროცესო ვადა და მისი სააპელაციო საჩივარი არასწორად დატოვა განუხილველად.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, წარმოდგენილი კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ღ.-ს“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე