საქმე №330210115001205496
საქმე №ას-524-524-2018 18 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. თ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.-ი“ (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, გირავნობის მოწმობის გაუქმება, გირავნობის საგანზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ა. თ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების, გირავნობის მოწმობის გაუქმების და გირავნობის საგანზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 18 მარტს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხისაგან ისესხა 1150 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით, 2016 წლის 21 მარტის ჩათვლით, 60%-იანი წლიური განაკვეთით. ხელშეკრულების 1.1.4 პუნქტით პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა შემოსატანი თანხის 2%-ით ყოველდღიურად. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, გირავნობის საგანს წარმოადგენდა ავტომობილი, რომლის შეფასებითი ღირებულება განისაზღვრა 6000 აშშ დოლარით.
3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის/დამგირავებლის მიერ ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის შემთხვევაში გამსესხებელი/მოგირავნე უფლებამოსილი იყო, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება მსესხებლისთვის/დამგირავებლისთვის გაგზავნილი წინასწარი შეტყობინების საფუძველზე და დაეკმაყოფილებინა თავისი კანონიერი ინტერესი ავტომანქანის რეალიზაციის ან საკუთრებაში მიღების ხარჯზე.
4. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ დაარღვია გადახდის გრაფიკი, მისთვის მოულოდნელი იყო გირავნობის საგნის ჩამორთმევა და სპეციალურ დაცულ ავტოსადგომზე გადაყვანა, ვინაიდან მოპასუხისგან რაიმე შეტყობინება ან გაფრთხილება მას არ მიუღია. მოპასუხისაგან გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად, მან გაუგზავნა მოსარჩელეს შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, გააფრთხილა ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ და შეატყობინა, რომ მისი დავალიანება შეადგენდა 1320,37 აშშ დოლარს, რასაც დაერიცხებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 4,6 აშშ დოლარი. ასევე, მსესხებელს დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველეყო დაგირავებული ავტომობილის მოპასუხის მფლობელობაში გადაცემა მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. აღნიშნული წერილი მოპასუხეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უნდა ჰქონოდა გაგზავნილი, თუმცა მოსარჩელესთან იგი არ მისულა.
5. ამდენად, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ არ ყოფილა სათანადოდ გაფრთხილებული ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, რადგან 2015 წლის 14 მაისს დათარიღებული მიმართვა არ ადასტურებს, რომ ელექტრონული ფოსტით ადრესატმა შეტყობინება/გაფრთხილება მიიღო. საფუძველს მოკლებულია ვარაუდი, რომ 6000 აშშ დოლარად შეფასებულ ავტომანქანაზე დაეკარგა საკუთრების უფლება თუნდაც 1320,37 აშშ დოლარის გადაუხდელობის გამო.
6. ამავდროულად, მოსარჩელემ მიუთითა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის გონივრული და უნდა შემცირდეს 1219,87 აშშ დოლარამდე. გარდა ამისა, ვინაიდან საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო მოქმედებს მხოლოდ სესხის ხელშეკრულების მოქმედების პირობებში და არა მისი შეწყვეტის შემდეგ, მას არანაირი თანხა აღარ უნდა დაერიცხოს.
მოპასუხის პოზიცია:
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დავალიანების თაობაზე მოსარჩელის ინფორმირება არაერთგზის მოხდა, მას აღმასრულებლის მიერაც გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება. 2015 წლის 14 მაისს ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი წერილით მოსარჩელეს ეცნობა იმ დროისთვის არსებული დავალიანების – 1320,37 აშშ დოლარის, ასევე, კრედიტორის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. მოვალეს განემარტა, რომ დაუყოვნებლივ გადაეცა დაგირავებული ავტომობილი მოპასუხის მფლობელობაში, რათა მომხდარიყო მისი რეალიზაცია ან კრედიტორის საკუთრებაში გადასვლა. გარდა ამისა, გირავნობის საგანი კანონის მოთხოვნათა დაცვით ჯერ დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე, ხოლო 2015 წლის 30 დეკემბერს გაიყიდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 18 მარტს, ხოლო, მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების დარღვევის გამო, კრედიტორმა ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვა ორ თვეში – 2015 წლის 14 მაისს, რა დროისთვისაც დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 1320,37 აშშ დოლარით (საიდანაც ძირითადი თანხაა 1150 აშშ დოლარი, ჯარიმა – 62,62 აშშ დოლარი, ხოლო საპროცენტო სარგებელი – 107,75 აშშ დოლარი).
11. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა სადავო დავალიანების მოცულობის 1219,8 აშშ დოლარით განსაზღვრა, (საიდანაც ძირითადი თანხაა 1150 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი – 64,65 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 5,22 აშშ დოლარი).
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 365-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტი (მოვალე) კრედიტორის მიერ განსაზღვრული თანხიდან – 1320,37 აშშ დოლარიდან სადავოდ ხდის 105.00 აშშ დოლარს (1320,37 - 1219,87 = 105.00), მითითებული თანხის ეკვივალენტი ლარში არ აღემატება 1000 ლარს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
13. რაც შეეხება გირავნობის მოწმობის გაუქმებისა და გირავნობის საგანზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქართულ სასამართლო პრაქტიკაში გირავნობის დამდგენი ხელშეკრულება აღიარებულია სანივთო სამართლებრივ გარიგებად. გირავნობა ყოველთვის უზრუნველყოფს განსაზღვრულ ვალდებულებას და, შესაბამისად, იგი ამ ვალდებულების გარეშე არ შეიძლება არც წარმოიშვას და არც არსებობდეს. ე.ი. გირავნობის უფლება აქცესორული უფლებაა. თუ ძირითადი უფლება არ წარმოიშობა გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლით, გირავნობაც არ ითვლება წარმოშობილად. თუ ძირითადი უფლება შემდგომში გაუქმდა, ეს ავტომატურად იწვევს გირავნობის უფლების გაუქმებასაც მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების ან ერთმანეთს შორის კომუნიკაციის გარეშე. გირავნობის აქცესორულობა კანონის იმპერატიულ პრინციპია და მისი გამორიცხვა მხარეებს შეთანხმებით არ შეუძლიათ (სუს 28.12.2009წ. №ას-654-961-09 გადაწყვეტილება, სუს 21.02.2009წ. №ას-1220-1240-2011 გადაწყვეტილება, სუს სამოქალაქო საქმეებზე 10/2012, გვ. 107-111.8910).
14. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, რადგან ძირითადი ვალდებულების ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ იქნა მიღებული და დარჩა განუხილველად, გირავნობის მოწმობის გაუქმებისა და გირავნობის საგანზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, როგორც აქცესორული უფლება არ უნდა იქნეს მიღებული და უნდა დარჩეს განუხილველად.
15. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ უნდა იქნეს მიღებული და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
17. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ღირებულება. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, სააპელაციო საჩივრის ღირებულების საკითხზე მსჯელობისას გაეთვალისწინება, რომ სარჩელისა და მასზე დართული წერილობითი მტკიცებულების თანახმად, კრედიტორმა საბოლოოდ გადასახდელად დაადგინა არა 1320,37 აშშ დოლარი, არამედ 4152 აშშ დოლარი 2015 წლის 18 მარტიდან 2015 წლის 15 დეკემბრის პერიოდისათვის (მოსარჩელის 2015 წლის 14 დეკემბრის №01/304 ცნობა), რისი გათვალისწინებითაც დავის საგანია არა 105 აშშ დოლარი (1320-1219,87=105), არამედ 2015 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ დავალიანებას – 4152,29-1219,87=2932,42 აშშ დოლარი. აღნიშნულს უნდა დაემატოს ავტომანქანის ღირებულების ნაშთი – 6000-1219,87=4780,13 აშშ დოლარი. მითითებული ოდენობა კი სსსკ-ის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ 1000 ლარზე მეტია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
20. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
21. დავის საგნის ღირებულება და მისი ოდენობის განსაზღვრის წესს ითვალისწინებს სსსკ-ის, რომლის მე-40 მუხლის მიხედვით დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. სადავო საგნის შეფასებისას მხედველობაში მიიღება იმ დროს არსებული ფასები, როდესაც შეტანილ იქნა სარჩელი, ხოლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისას – საჩივრის შეტანის დროისათვის არსებული ფასები.
22. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელით მოითხოვა, რომ ბათილად იქნას ცნობილი მხარეთა შორის 2015 წლის 18 მარტს დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების 1.1.3 და 1.1.4 პუნქტები, შესაბამისად, წლიური საპროცენტო განაკვეთი, 60%-ის ნაცვლად, განისაზღვროს 36%-ით, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო, 2%-ის ნაცვლად, – 0,2%-ით, მოსარჩელის დავალიანების მოცულობა განისაზღვროს 1219,87 აშშ დოლარით, საიდანაც ძირითადი თანხაა 1150 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი – 64,65 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო – 5,22 აშშ დოლარი, გაუქმდეს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2015 წლის 18 მარტს გაცემული გირავნობის მოწმობა, ბათილად იქნას ცნობილი გირავნობის საგნის მოპასუხის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია და სატრანსპორტო საშუალებაზე აღდგეს მოსარჩელის საკუთრების უფლება.
23. აქვე აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ 2000 ლარს არ აღემატება და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სადავო სააპელაციო საჩივრის ფასი არასწორად განსაზღვრა.
25. სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული მოთხოვნების მე-4 პუნქტად მითითებული ფრაზა, რომ მოსარჩელის „დავალიანების მოცულობა განისაზღვროს 1219,87 აშშ დოლარით“ არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ ეს აპელანტის ერთადერთი მოთხოვნაა. სასარჩელო მოთხოვნების შინაარსიდან ვლინდება, რომ მოსარჩელე, სხვა საკითხებთან ერთად, მოითხოვდა 2015 წლის 14 მაისის მდგომარეობით, 1320,37 აშშ დოლარის ნაცვლად, დავალიანების განსაზღვრას 1219,87 აშშ დოლარით. აღნიშნულის გარდა მხარე მოითხოვდა სესხის სარგებლის, პირგასამტეხლოს შემცირებას, მოპასუხის სახელზე ავტომანქანის რეგისტრაციის ბათილად ცნობასა და საკუთრების უფლების აღდგენას. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიღებულიყო სხვა მოთხოვნათა ღირებულება.
26. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, სააპელაციო საჩივრით მხარემ სრულად გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო საჩივრის ერთ-ერთ მოთხოვნა წარმოადგენდა მხარეთა შორის 2015 წლის 18 მარტს დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთის შემცირება 36%-ით (60%-ის ნაცვლად) და ყოველდღიური პირგასამტეხლოს შემცირება 0,2%-ით (2%-ის ნაცვლად).
27. სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი გასაცემის ან გადასახდელის შემცირების ანდა გადიდების შესახებ სარჩელებზე განისაზღვრება იმ თანხით, რომლითაც მცირდება ანდა დიდდება გასაცემი ან გადასახდელი, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლის განმავლობაში.
28. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა შეეხება სესხის წლიური სარგებლის – 24%-ით (არსებულ 60%-ს - 36%) და პირგასამტეხლოს ოდენობის 1,8%-ით (არსებულ 2% - 0,2%) შემცირებას. ძირითადი თანხის – 1150 აშშ დოლარის 24%-ია 276 ლარი. ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის – 1150 აშშ დოლარის 1,8%-ია 20,7 აშშ დოლარი, რაც ერთ წელზე გაანგარიშებით შეადგენს 7555,5 აშშ დოლარს (20,7 X 365). მხოლოდ აღნიშნული ორი მოთხოვნის გათვალისწინებით სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ 2000 ლარზე მეტია, მით უფრო, რომ სააპელაციო საჩივარი სხვა მოთხოვნებსაც შეიცავს, რომელთა ღირებულება სააპელაციო საჩივრის სრული ღირებულების დასადგენად უნდა შეიკრიბოს.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, წარმოდგენილი კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. თ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 მარტის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე