Facebook Twitter

საქმე №330210015730949

საქმე №ას-531-531-2018 18 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ხ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ნ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ლ. ნ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ხ.-ის (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი) მიმართ 30 000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს გააჩნდა სასესხო ვალდებულება, რომელიც დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა მოსარჩელეს. მოპასუხემ თანხის გადახდის მოვალეობა არ შეასრულა.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 372-ე მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტს, 16:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი. სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

7. სსსკ-ის 70-ე მუხლის, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ საქმის მასალებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 7 მარტს, 10:30 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ აპელანტი და მისი წარმომადგენელი, ასევე, მოწინააღმდეგე მხარე თავის წარმომადგენელთან ერთად. მიმდინარე სასამართლო სხდომა, საქმის არსებითი განხილვის მიზნით, გადაიდო 2018 წლის 13 მარტს, 16:00 საათზე, რის თაობაზეც სხდომაზე გამოცხადებული მხარეები და მათი წარმომადგენლები გაფრთხილებულ იქნენ ხელწერილით.

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტი ინფორმირებული იყო სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ.

9. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

10. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით არ მიუმართავს და სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია.

11. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამოუცხადებელი მხარე სხდომის თაობაზე ინფორმირებულია სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, აპელანტს არ უცნობებია სასამართლოსთვის 2018 წლის 13 მარტს, 16:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებანი.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

13. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ აპელანტის წარმომადგენელი საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდა და აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს ვერ აცნობა საპატიო მიზეზის არსებობის – მისი ავადმყოფობის გამო. შესაბამისად, მისი გამოუცხადებლობა სასამართლოს მიმართ უპატივცემლობად არ უნდა ჩაითვალოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

16. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

17. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

18. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

19. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

20. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით (სუსგ 12.01.2018წ. საქმე №ას-1483-1403-2017).

21. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ 2018 წლის 13 მარტის სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით.

22. აღნიშნულის მიუხედავად, არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აპელანტი მხარე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა საპატიო მიზეზით.

24. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

25. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

26. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული როგორც მხარის ავადმყოფობა, ისე ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატაში მიმდინარე საქმის განხილვაში უშუალოდ მონაწილეობდა როგორც აპელანტი, ისე მისი წარმომადგენელი.

28. საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ 2018 წლის 13 მარტის 16:00 საათისათვის სასამართლო პროცესის გადადების თაობაზე ეცნობა აპელანტსაც და მის წარმომადგენელსაც (ს.ფ. 252).

29. აღნიშნულის მიუხედავად, კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომელმაც ხელი შეუშალა თავად აპელანტს სასამართლო პროცესზე გამოცხადებაში ან სასამართლოსათვის საკუთარი და მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შესახებ შეტყობინებაში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის განხილვის დღეს მხოლოდ აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობაზე მითითება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა ვერ გახდება. აპელანტი ვალდებული იყო, თავად გამოცხადებულიყო სასამართლო პროცესზე ან სარწმუნოდ დაესაბუთებინა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა. თუნდაც ეშუამდგომლა საქმის განხილვის კვლავ გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მისი წარმომადგენელი, ავადმყოფობის გამო, ვერ დაიცავდა მხარის ინტერესებს, რის გარეშეც იგი დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა პროცესზე თავისი უფლებების სრულად რეალიზებას.

30. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აპელანტ მხარეს არ მიუთითებია ისეთი დამაბრკოლებელი გარემოების არსებობაზე, რომელიც რეალურად ხელს შეუშლიდა, გამოცხადებულიყო სააპელაციო სასამართლოში და საკუთარი საპროცესო ვალდებულებების შესრულების გზით მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, რაც გამორიცხავდა მისი მხრიდან დავის მიმართ ინტერესის დაკარგვის ვარაუდს და გახდებოდა მხარის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევის წინაპირობა.

31. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ხ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე