საქმე №330210017002018929
საქმე №ას-542-542-2018 18 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ყ.-ე (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ. ს.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ხ. ს.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ყ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე უკანონოდ ფლობს მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულ უძრავ ნივთს და ნებაყოფლობით მის გამოთავისუფლებაზე უარს აცხადებს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 9 იანვრის განჩინებით აპელანტს დაევალა, ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა: ა) სახელმწიფო ბაჟის – 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი; ბ) შესაბამისი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება სააპელაციო საჩივრის სასამართლოსთვის ფოსტის მეშვეობით გამოგზავნის ფაქტი და სააპელაციო საჩივრის გამოგზავნის თარიღი.
7. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2018 წლის 9 თებერვალს.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა აითვალა ხარვეზის შესახებ განჩინების აპელანტისათვის ჩაბარების – 2018 წლის 9 თებერვლის მომდევნო დღიდან – 2018 წლის 10 თებერვლიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2018 წლის 19 თებერვალს. შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
9. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლებით, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი, მის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
11. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა ის ნორმები, რომლებითაც უნდა ეხელმძღვანელა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ აპელანტმა ხარვეზის შევსების ვადა დაარღვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
14. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნისა და იმგვარი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სააპელაციო საჩივრის სასამართლოსთვის ფოსტის მეშვეობით გამოგზავნის ფაქტი და სააპელაციო საჩივრის გამოგზავნის თარიღი.
16. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება აპელანტს 2018 წლის 9 თებერვალს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით (ს.ფ 224). მხარეს ნათლად განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
17. ასევე დადგენილია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია.
18. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს სრულიად გონივრული ვადა დაუდგინა ხარვეზის შესავსებად, თუმცა მან საჭირო საპროცესო მოქმედებანი არასაპატიო მიზეზით არ განახორციელა.
19. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
20. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ხარვეზის გამოსწორება აპელანტს შეეძლო 2018 წლის 10 თებერვლიდან და 19 თებერვლის ჩათვლით. აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად.
21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ყ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე