საქმე №330210116001373596
საქმე №ას-592-592-2018 31 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ღ.-ე, დ.-ე. (შემდგომში – მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ფ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნივთის გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ზ. ღ.-ემ და დ. ე.-ამ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ფ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ, ნივთის გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მიზნით, 33 857 ლარის დაკისრების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეთა განმარტებით, შვილებთან ერთად 2003 წლიდან ცხოვრობენ მისამართზე, სადაც მდებარეობდა ოთხსართულიანი დაუსრულებელი კორპუსის შავი კარკასი. ამავე კორპუსის მე-4 სართულზე მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა მოსარჩელეებს შესთავაზა ბინის თავზე არსებულ სამშენებლო მოედანზე საცხოვრებელი მე-5 სართულის დაშენება. აღნიშნულ პირს მოსარჩელეებმა გადაუხადეს კომპენსაცია – 800 აშშ დოლარი და დაიწყეს სამშენებლო სამუშაოები.
3. 2003 წლის შემოდგომაზე დაასრულეს შავი კარკასი, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა, სხვა მაცხოვრებლებთან ერთად, გადაეხურათ კორპუსი. მოსარჩელეები შესახლდნენ აღნიშნულ ბინაში, შეიყვანეს კომუნიკაციები. სახელმწიფოს მხრიდან პრობლემა არ შექმნიათ. აღნიშნული დაუმთავრებელი კორპუსი იმყოფებოდა ქ.თბილისის საკუთრებაში. 2016 წლის დასაწყისში მათთან გამოცხადდა მოპასუხე და წარუდგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით, მათ მიერ აშენებული და გარემონტებული ბინა აღრიცხული იყო მის საკუთრებად.
4. აუდიტორმა შეაფასა ბინაში გაწეული ხარჯები, რომელიც შეადგენს 33 587 ლარს. დღეის მდგომარეობით ბინის მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოპასუხე, რომელიც ანგარიშვალდებულია ბინის კეთილსინდისიერი მფლობელების წინაშე.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა უსაფუძვლოა, ისინი არ წარმოადგენენ სადავო ფართის კეთილსინდისიერ მფლობელებს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და, მისი შევსების მიზნით, დაევალათ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის ან სახელმწიფო ბაჟის სახით 1343.48 ლარისა და 3.20 აშშ დოლარის (გადახდის დროისათვის არსებული დოლარის ოფიციალური კურსის შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა.
9. აღნიშნული განჩინება გაეგზავნათ აპელანტებს სააპელაციო საჩივარში მათ მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა მათთვის განჩინების ჩაბარება ვერ მოხერხდა. 2018 წლის 13 მარტს ერთი-ერთი აპელანტი თავად გამოცხადდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბარა 2018 წლის 19 თებერვლის განჩინება. მასვე გადაეცა განჩინების მეორე ეგზემპლარი მეორე აპელანტისათვის გადასაცემად, რომელიც არის მისი ოჯახის წევრი, მეუღლე.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აპელანტებისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10-დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან – 2018 წლის 14 მარტიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილი წესით განჩინებით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2018 წლის 23 მარტს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში არ იყო უქმე/დასვენების დღე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტებს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და დღემდე არც რაიმე შუმადგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.
11. სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლებისა და 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ზემოაღნიშნული ხარვეზის შეუვსებლობა წარმოშობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო საფუძველს.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
13. კერძო საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება მათ მისამართზე არ მისვლიათ, არამედ ჩაიბარეს სასამართლოს შენობაში. ხარვეზის საფუძველს წარმოადგენდა სოციალურად დაუცველ ოჯახთან ერთიან ბაზაში მათი რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც ერთვის პირველ ინსტანციაში საქმის წარმოების მასალებს. ახალი ცნობის მოპოვებას ესაჭიროებოდა დრო. ხარვეზის დადგენის პერიოდს დაემთხვა დღესასწაული და მოსარჩელეთა ოჯახი, რომლის უფროსი ღვთის მსახურია, იმყოფებოდნენ ერთ-ერთ ეპარქიაში მსახურებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
15. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
16. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
17. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელეების მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს დაევალათ 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის შეტანის დროისათვის გაცემული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერის ან სახელმწიფო ბაჟის სახით 1343.48 ლარისა და 3.20 აშშ დოლარის (გადახდის დროისათვის არსებული დოლარის ოფიციალური კურსის შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა.
18. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო პალატის განჩინება აპელანტ მხარეს 2018 წლის 13 მარტს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით (ტომი 2, ს.ფ 90). მოსარჩელეებს ნათლად განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები.
19. ასევე დადგენილია, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.
20. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებს სრულიად გონივრული ვადა დაუდგინა ხარვეზის შესავსებად, თუმცა მათ საჭირო საპროცესო მოქმედებანი არასაპატიო მიზეზით არ განახორციელეს.
21. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
22. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ხარვეზის გამოსწორება აპელანტებს შეეძლოთ 2018 წლის 14 მარიდან და 23 მარტის ჩათვლით. აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავთ, რის გამოც სააპელაციო საჩივარი კანონიერად დარჩა განუხილველად.
23. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება კერძო საჩივრის ავტორთა მითითება, რომ ხარვეზის დადგენის შემდგომი დღეები – 2018 წლის 14-23 მარტი დაემთხვა დღესასწაულებს და აპელანტთა ოჯახი მონაწილეობდა საეკლესიო მსახურებაში დედაქალაქის ფარგლებს გარეთ.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარე უფლებამოსილია, საპატიო გარემოებებზე მითითებით, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე და მოითხოვოს კონკრეტული საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის მისთვის სასამართლოს მიერ მიცემული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ. აღნიშნული საპროცესო უფლებით აპელანტებს არ უსარგებლიათ. მათ სასამართლოს მიერ დადგენილ პერიოდში ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის გაგრძელება არ მოუთხოვიათ. საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი დოკუმენტები კი უნდა დარჩეს განუხილველად (სსსკ-ის 63-ე მუხლი).
25. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ღ.-ისა და დ. ე.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე