საქმე №330210017002144945
საქმე №ას-593-593-2018 31 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. დ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ.-ე (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. მ. მ.-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. დ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე ფლობს მის კუთვნილ უძრავ ქონებას და ნებაყოფლობით მას არ ათავისუფლებს.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე იყო იპოთეკარი და სადავო საცხოვრებელი ბინა, შეუსრულებელი ვალდებულების სანაცვლოდ, გადაიფორმა. მოპასუხემ აღიარა მის მიმართ არსებული ვალი და გეგმავდა მის დაბრუნებას. სადავო ბინაში მოპასუხე ცხოვრობს მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, ამასთან, გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 4 აპრილს, 13:30 საათზე, რის შესახებაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 70-78-ე მუხლების დაცვით ეცნობა აპელანტის წარმომადგენელს.
7. აღნიშნულის მიუხედავად, არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს არ აცნობეს.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, 372-ე მუხლით, 229-ე მუხლის მეორე ნაწილით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
10. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სასამართლო უწყება არც აპელანტს და არც მის წარმომადგენელს არ ჩაბარებიათ. აპელანტის წარმომადგენლისათვის ცნობილი გახდა, რომ საფოსტო გზავნილი ჩაბარდა მის ახლობელს, რომელსაც ადრესატისათვის დოკუმენტის გადაცემა დაავიწყდა. აღნიშნული პირი არ წარმოადგენს აპელანტის წარმომადგენლის ოჯახის წევრს, შესაბამისად, კურიერმა სასამართლო გზავნილი ჩააბარა არაუფლებამოსილ პირს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2018 წლის 4 აპრილს, 13:30 საათზე.
13. საქმის თარიღის შესახებ სასამართლო უწყება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს (მისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილ მინდობილობით ტომი 1, ს.ფ 50), სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ტომი 1, ს.ფ 51). სასამართლო გზავნილი 2018 წლის 23 თებერვალს ჩაბარდა ფიზიკურ პირს, რომელიც კურიერის მითითებით არის ადრესატის თანამშრომელი, ბინაზე არსებული ორგანიზაციის წევრი (ტომი 2, ს.ფ 28).
14. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სასამართლო უწყება აპელანტის წარმომადგენელს არ ჩაბარებია, რადგან მისი მიმღები ფიზიკური პირი წარმომადგენლის ახლობელია და მისი ოჯახის წევრი არ არის.
15. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმავე ფიზიკურმა პირმა ჩაიბარა სასამართლო გზავნილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (ტომი 2, ს.ფ 54), რომლის მიღებასაც აპელანტის წარმომადგენელი ადასტურებს, თუმცა კერძო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას სააპელაციო პალატის 2018 წლის 4 აპრილის განჩინება გადასცეს საქართველოს ფოსტის სერვისცენტრში.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს სააპელაციო პალატის მითითებას, რომ სადავო სასამართლო უწყება აპელანტის წარმომადგენელს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, იმ მისამართზე, რომელიც თავად ადრესატმა დაასახელა.
17. სსსკ-ის 70-78-ე მუხლების თანახმად, მხარის წარმომადგენლისათვის სასამართლო უწყების ჩაბარება თავად მხარისათვის მის გადაცემას უთანაბრდება. შესაბამისად, აპელანტიც, თავისი წარმომადგენლის მეშვეობით, კანონის დაცვით გაფრთხილებული იყო სხდომის ჩანიშვნის შესახებ.
18. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 4 აპრილის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და მისი წარმომადგენელი. მოწინააღმდეგე მხარემ კი, მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
19. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
20. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
21. ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
22. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვებს სააპელაციო საჩივარს.
23. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ყველა ელემენტი, კერძოდ: 1. აპელანტი სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით; 2. მხარის გამოუცხადებლობა მიჩნეულ იქნა არასაპატიოდ; 3. მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
24. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. დ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე