Facebook Twitter

საქმე №330210016001431821

საქმე №ას-614-614-2018 31 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა.-ი“ (შემდგომში – მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ფ.–ი (შემდგომში – მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ა.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ფ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ სამედიცინო მომსახურების ღირებულების – 1120 ლარის გადახდისა და მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 8 იანვრიდან 12 იანვრამდე მოპასუხე მკურნალობდა მოსარჩელის კლინიკაში. პაციენტის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით 2016 წლის 8 იანვარს გაფორმდა №.. ხელშეკრულება, რომლის თანახმად პაციენტი ვალდებულია, გადაიხადოს გაწეული მომსახურების საფასური იმ შემთხვევაში, თუ მისი დაფინანსება არ განხორციელდება მკურნალობის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში.

3. მოპასუხე წარმოადგენდა კერძო სადაზღვევო პროგრამით დაზღვეულ პირს. მოპასუხის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ეცნობა სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც უარი განაცხადა მკურნალობის დაფინანსებაზე. გაწეული 4 საწოლდღის სამედიცინო მომსახურების ღირებულება – 1120 ლარი მოპასუხეს არ აუნაზღაურებია.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება ევალებოდა სადაზღვევო კომპანიას. იმ შემთხვევაში, თუკი იგი შეიტყობდა, რომ თავად მოუწევდა სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას, მიიღებდა შესაბამის გადაწყვეტილებას მკურნალობის სტაციონარში ჩატარებასთან დაკავშირებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 365-ე მუხლით (7.03.2018 №2035, ძალაშია 2018 წლის 29 მარტიდან) და დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სარჩელი მოპასუხის მიმართ სამედიცინო მომსახურების ღირებულების 1120 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემული საქმე მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის განხილვისათვის თბილისის სააპელაციო სასამართლოში შევიდა 2018 წლის 30 მარტს. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია სრულად, სააპელაციო საჩივრის ფასია 1120 ლარი. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, რაც ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნათა შესაბამისად სააპელაციო საჩივრის დასაშვებობაზე უარის თქმის საფუძველია.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

10. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ საქმეზე სასარჩელო წარმოება დაიწყო 2016 წლის 13 ივლისს, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, უკუქცევითი ძალა არ უნდა მიენიჭოს სსსკ-ის 365-ე მუხლში 2018 წლის 7 მარტს შესულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც სააპელაციო საჩივრის საგნის დასაშვები ზღვარი 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა.

11. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით, შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მიღების კანონიერი შესაძლებლობაა და მხარეს სსსკ-ის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უფლების სამართლიანი სასამართლოს გზით დაცვის საშუალება არ უნდა შეეზღუდოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მხრიდან სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების კანონიერება.

14. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

15. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

16. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017)

17. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.

18. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა 1120 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაზე.

19. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოცემული სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება შეადგენდა 1120 ლარს.

20. ამდენად, დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა, რომ ზემოაღნიშნული თანხა კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობაზე ნაკლებია. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.

21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სააპელაციო პალატას სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე უნდა ემსჯელა სასარჩელო წარმოების დაწყების მომენტის – 2016 წლის ივლისისათვის მოქმედი სსსკ-ის 365-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას, თუ მისი საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატებოდა.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს კანონის დროში მოქმედებასა და იმ საკითხს, ნორმის რომელი რედაქციით უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ საქმის განხილვისას, კერძოდ, სსსკ-ის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

23. აღნიშნული კანონის დანაწესის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სსსკ-ის 365-ე მუხლის იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებდა არა სასარჩელო წარმოების დაწყების (როგორც ამას მხარე უთითებდა), არამედ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების მომენტში.

24. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე