საქმე №ა-4222-შ-118-2016 9 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებლი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ გ-ა ხ. გ. კიზი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ-ი რ. ხ. ოღლი
დადგენილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზანგილანსკის რაინული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილება
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის გაზრდა
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზანგილანსკის რაინული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით გ-ა ხ. გ. კიზის სარჩელი დაკმაყოფილდა, შეიცვალა მოპასუხე მ-ი რ. ხ. ოღლისათვის არასრულწლოვანი შვილის (დაბ: .....წ.) _ მ-ა რ. რ. კიზის სასარგებლოდ დაკისრებული ყოველთვიური ალიმენტის ოდენობა და მოპასუხე მ- რ. ხ. ოღლის არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის დაეკისრა ყოველთვიურად ფიქსირებული ალიმენტის _ 108 (ას რვა) მანათის გადახდა მოსარჩელე გ-ა ხ. გ. კიზის სასარგებლოდ შვილის სრულწლოვანებამდე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გ-ა ხ. გ. კიზიმ და მოითხოვა ზემოხსენებული დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, მასვე განემარტა საკუთარი საპროცესო უფლებები.
განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარემ წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა სასამართლოში, რომლითაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ძირითადად ორ საფუძველს ემყარება:
ა) მხარეთა მოლაპარაკების შესაბამისად, მან წინასწარ გადაუხადა შვილს 5 წლისა და 7 თვის ალიმენტი, შესაბამისად, წარმოადგინა ხალილ მ-ის სახელზე 5 250 აშშ დოლარის გადარიცხვის ქვითრები;
ბ) მოპასუხე არ იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას სასამართლო სხდომის თოაბაზე უწყება პროცესის დასრულების შემდგომ ჩაბარდა, ამ მიზნით მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან გამოგზავნილი ორი კონვერტი, რომლებიც საქართველოში, მარნეულის რაიონში რეგისტრირებულია 2015 წლის 25 ნოემბერსა და 15 დეკემბერს.
შუამდგომლობის ავტორის ინფორმირების მიზნით საკასაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მათი რუსულენოვანი, დამოწმებული თარგმანი გაუგზავნა გ-ა ხ. გ. კიზის საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე, თუმცა, საერთაშორისო გადამზიდავის „TNT Express-ის“ აქტის თანახმად, ადრესატს კორესპოდენცია არ ჩაბარდა არასრული მისამართის გამო. „სამოქალაქო საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (შემდგომში _ მინსკის კონვენცია) შესაბამისად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტს და ამავე კონვენციის მოთხოვნათა დაცვით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებისა და მტკიცებულებების დამოწმებული ასლების შუამდგომლობის ავტორისათვის გადაცემის მიზნით, სთხოვა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა კომპეტენტური სასამართლოს მეშვეობით მხარის მისამართის დადგენასა და მისთვის კორესპოდენციის ჩაბარებაში.
საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კანცელარიას ჩაბარდა 2017 წლის 18 ოქტომბერს. საკასაციო სასამართლოს არაერთი წერილობითი მიმართვისა და „ბავშვის უფლებათა კონვენციისა“ თუ მინსკის კონვენციის შესაბამის ნორმებზე მითითების მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსმა მხოლოდ 2018 წლის 20 თებერვალს მომართა სასამართლოს წერილობით და ნაცვდად სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისა, მიუთითა მინსკის კონვენციის ნორმაზე (53-ე მუხლი), რომლის მოთხოვნებსაც შუამდგომლობა უნდა აკმაყოფილდებდეს და ითხოვა ინფორმაცია, ამ კონვენციის ხსენებული ნორმის რომელი კონკრეტული მოთხოვნა არ იქნა დაცული აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ.
საკასაციო პალატამ კვლავ მიუთითა საქმის ირგვლივ არსებულ პრობლემაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და კვლავ მოსთხოვა პასუხი იმ საკითხის დასადგენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს შუამდგომლობაზე გატარდა თუ არა რაიმე ღონისძიება. ბოლო მიმართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ჩაბარდა 2018 წლის 21 მაისს, თუმცა, ამ დრომდე რაიმე პასუხი საკასაციო სასამართოს არ გადმოსცემია.
სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვისას სასამართლო შემოიფარგლება სახელმწიფოთა შორის ორმხრივი და/ან მრავალმხრივი ხელშეკრულებით მომწესრიგებელი ნორმების დაცვის ფორმალური თვალსაზრისით შემოწმებით (მოცემულ შემთხვევაში _ მინსკის კონვენციის 53-ე-55-ე მუხლები. ამ შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებაზე აცხადებდა პრეტენზიას, რაც მისთვის ამ ვალდებულების განმეორებით იძულებით დაკისრების შესაძლებლობას გამორიცხავს, ის სადავოდ ხდიდა ასევე კონვენციის 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დარღვევას, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებას გამორიცხავს), თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით, რომლის მე-4 მუხლი ადგენს მხარეთა შეჯიბრებითობის წარმართვის ვალდებულებას, ხოლო, მე-5 მუხლი _ საქმის თანასწორობის საწყისზე განხილვის აუცილებლობას. სწორედ იმ საფუძვლით, რომ მინსკის კონვენციის 53-ე-55-ე მუხლების წინაპირობები ხსენებული პრინციპების დაცვით შემოწმებულიყო, ამასთან, სასამარლოს დაეცვა, როგორც მხარეთა, ისე _ არასრულწლოვნის ინტერესებს შორის გონივრული ბალანსი, სავალდებულოდ იქნა მიჩნეული მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან წამოჭრილი საკითხების თაობაზე შუამდგომლობის ავტორის ინფორმირება და მისი პოზიციის მიღება. ამ თვალსაზრისით, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, საკასაციო სასამართლომ ვერ ჩააბარა შუამდგომლობის ავტორს მოწინააღმდეგე მხარის შეპასუხება ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვინაიდან მის მიერ მითითებული მისამართი არასწორია, რაც შეეხება კონვენციით განსაზღვრულ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მცხოვრები მხარის მისამართის მოძიება-დადგენასა და მისთვის დოკუმენტების ჩაბარებას, საკასაციო სასამართლომ ყველა ღონე იხმარა, თუმცა, თითქმის ორწლიანი მცდელობის მიუხედავად, გაუკვეველი მიზეზით არ იქნა დახმარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მხრიდან აღმოჩენილი.
ასეთ ვითარებაში კი, ვინაიდან შეუძლებელია საქმის მხარეთა თანასწორობის საწყისზე გადაწყვეტა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები)), სასამართლო უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ამავე კოდექსის 275-ე მუხილს მე-2 ნაწილით (სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი) და ვინაიდან შუამდგომლობის ავტორმა საკასაციო სასამართლოს მიუთითა არასწორი მისამართი, ზემოხსენებული რეგულაციიდან გამომდინარე, განუხილველად დატოვოს წარმოდგენილი შუამდგომლობა.
საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ ამავე კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ-ა ხ. გ. კიზის არ დაუკარგავს უფლება, სწორი მისამართის მითითების შემთხვევაში, განმეორებით მომართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 284-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-ა ხ. გ. კიზის შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზანგილანსკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 27 ნოემბრის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ განჩინებაში მითითებული ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში, მას უფლება აქვს ამავე მოთხოვნით კვლავ აღძრას შუამდგომლობა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი