Facebook Twitter

№ას-406-406-2018 3 მაისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – პ.შ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი.წ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით:

1.1. ი.წ–ს (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.2. შეწყდა მოსარჩელესა და პ. შ–ს (შემდეგში მოპასუხეს) შორის, სრს გლდანის სამსახურის განყოფილების მიერ 2008 წლის 04 იანვარს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის N0108103.

1.3. მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2010 წლის 20 სექტემბერს დაბადებული გ.შ–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 160 (ას სამოცი ) ლარის გადახდა 2017 წლის 04 აგვისტოდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

1.4. მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის 2008 წლის 15 იანვარს დაბადებული ლ.შ–ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 160 (ას სამოცი)ლარის გადახდა 2017 წლის 04 აგვისტოდან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება ალიმენტის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე 160 ლარის ნაცვლად 100 ლარის დაკისრება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4.სააპელაციო სასამართლოს განჩინება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

10. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტი).

11. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2018 წლის 20 აპრილს სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელ გ.დ–ს (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 223).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 21 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 26 აპრილს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2018 წლის 26 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პ.შ–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე