23 ივნისი, 2018 წელი. №ას-834-834-2018 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა.ბ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ.კ–ას (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა და ა.ბ–ძეს (შემდეგში მოპასუხეს) დაევალა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნება, გაზეთ „ა–ში“, შემდეგი სახით :
- სასამართლო გადაწვეტილებით დადგინდა, რომ ა.ბ–ძის მიერ გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ „გ.კ. იყო აგენტი და როდესაც რაიმე შეკრება იმართებოდა მას ყველა არიდებდა თავს, თვით მ.კ–ვაც კი“ - არის ცილისწამება და არ შეესაბამება სიმართლეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 16 მარტის განჩინებით საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დააკმაყოფილა.
4. აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი გაუქმება მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
9. სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განჩინების ასლი 2018 წლის 25 მაისს ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის ოჯახის წევრს (მეუღლეს), რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელწერილით (ს.ფ. 104). შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 26 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 6 ივნისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი შეტანილია 2018 წლის 7 ივნისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ. 108-109).
11. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
14. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ბ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მაისის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: პაატა ქათამაძე