Facebook Twitter
№ას-1542-1462-2017 30 იანვარი, 2018 წელი,
თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე,მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე


კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – თ.ნ–ძე


მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) – შ.გ–ი, დ.ფ–ძე, გ.ფ–ძე


გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება


კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება


დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.ნ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელემ ან კერძო საჩივრის ავტორმა) სასამართლოში სარჩელი აღძრა შ.გ–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხის), დ.ფ–ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხის) და გ.ფ–ძის (შემდეგში - მესამე მოპასუხის) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან თავისი კუთვნილი უძრავი ქონების - ქ.ქუთაისში, ...... მდებარე ბინის (შემდეგში - უძრავი ქონების) გამოთხოვა, გამოთავისუფლება და მისთვის გადაცემა იმ საფუძვლით, რომ მან ეს ქონება 2015 წლის 29 იანვარს შეიძინა და მოპასუხეები იქ კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობენ.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და შესაგებელში განმარტეს, რომ მოსარჩელეს უძრავი ქონება არ შეუძენია, იგი არაკეთილსინდისიერი შემძენია, რადგან ნასყიდობის თანხა არ გადაუხდია. უძრავი ქონება პირველი მოპასუხის (რომელიც მეორე მოპასუხისა და მესამე მოპასუხის დედაა) დედამთილის - ნ.ჩ–ის საკუთრებაა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის განხილვა შეჩერდა 2015 წლის 29 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ ნ.გ–ძისა და მოსარჩელის მიმართ ნ.ჩ–ის სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველი სარჩელის პარალელურად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში იხილებოდა ნ.ჩ–ის სარჩელი მოცემული საქმის მოსარჩელის, ფ.ჩ–ის, ნ. გ–სა და ნ.გ–ძის წინააღმდეგ, უძრავ ქონებაზე დადებული გარიგებების ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამ სარჩელით სადავო იყო, მათ შორის, 2015 წლის 29 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. სასამართლომ განმარტა, რომ ამ ნორმის მიხედვით, საქმის განხილვა შეუძლებლად ჩაითვლება, თუ საქმის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ფაქტები არა „ამ საქმის“, არამედ „სხვა საქმის“ განხილვისას უნდა დადგინდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 312.2 მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს მათ შეცილებამდე. ამდენად, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ დავის გადაწყვეტამდე, სადავოობის შემთხვევაში, ჯერ საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის საფუძვლის ნამდვილობა უნდა დადგინდეს, რადგან რეესტრში არსებული ჩანაწერის საფუძვლის ბათილობა თავად ჩანაწერსაც არანამდვილს ხდის, ე.ი. აბათილებს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები სადავო გახდა და განსახილველ დავაში მოსარჩელედ ქონების რეგისტრირებული მესაკუთრე გამოდიოდა, ამიტომ ამ მონაცემების მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია არ მოქმედებდა და მათ საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელი იყო. განსახილველი დავის გადაწყვეტისათვის აუცილებელი ფაქტები სხვა საქმის განხილვისას უნდა დადგენილიყო.

8. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა, ვინაიდან დღეის მდგომარეობით იგი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეა, თუმცა თავისი საკუთრებით ვერ სარგებლობს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობის გამო. მოსარჩელემ ეს ქონება კეთილსინდისიერად შეიძინა. თუკი მოპასუხეებს რაიმე აქვთ სადავო სამკვიდროსთან დაკავშირებით, ეს ერთმანეთში უნდა გაარკვიონ, შესაბამისად, ამ საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერება დაუსაბუთებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

10. გასაჩივრებული განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ და მოცემულ საქმეზე წარმოება შეჩერდა 2015 წლის 29 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ ნ.ჩ–ის სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის თაობაზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება, მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმის წარმოების შეჩერებამდე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება (იხ. სუსგ, #ას-551-519-2012, 11.06.2012წ.).

12. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლის არსებობის გასარკვევად ყურადღება უნდა მიექცეს საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ გარემოებებს: ა. განსახილველი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან თავის საკუთრებაში აღრიცხული უძრავი ქონების გამოთხოვას (ს.ფ. 1-13); ბ. თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილება ნ.ჩ–ის სარჩელი, სადაც ერთ-ერთ მოპასუხედ დასახელებულია მოცემული საქმის მოსარჩელე. აღნიშნული სარჩელით სადავოა მოცემული საქმის მოსარჩელესა და ნ.გ–ძეს შორის 2015 წლის 29 იანვარს დადებული ნაყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ მოსარჩელე დარეგისტრირდა (ს.ფ. 18-27, 55-57, 16-17).

13. ამდენად, წინამდებარე საქმის მოსარჩელეს აღძრული აქვს ვინდიკაციური სარჩელი, შესაბამისად, მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა. მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ. მოპასუხე უნდა ფლობდეს ნივთს; გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უფლება.

14. ვინდიკაციური სარჩელი წარმატებული იქნება, თუ შესრულებულია ზემოხსენებული წინაპირობები, ამასთან, ამ წინაპირობებს სასამართლო ზემომითითებული თანმიმდევრობით ამოწმებს. ამდენად, პირველ რიგში, სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის თუ არა მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის საკუთრების მიმართ არ მოქმედებს რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ვინაიდან სადავო ქონებაზე პრეტენზიის მქონე პირის (მემკვიდრის) მიერ სხვა სამოქალაქო საქმეში აღძრულია სარჩელი რეესტრში არსებული ჩანაწერის საფუძვლის (ნასყიდობის ხელშეკრულების) ბათილად ცნობის თაობაზე, შესაბამისად, ვიდრე ხსენებული საქმის წარმოება არ დასრულდება, ანუ, ვიდრე არ გაირკვევა სადავო ქონების მესაკუთრე, მოცემული საქმის განხილვა შეუძლებელია.

15. საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

15.1. სსკ-ის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.

15.2. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი, მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს.

15.3. სსსკ-ის 312.2 მუხლის სიტყვა-სიტყვითი განმარტებით თუ ვიმსჯელებთ, სასამართლოში საჩივრის (სარჩელის) შეტანა გამორიცხავს ამ ნორმით გათვალისწინებული ვარაუდის მოქმედებას, რაც არასწორია, ვინაიდან მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. http://www.gccc.ge/, სსკ-ის 312-ე მუხლის კომენტარი).

15.4. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების საფუძვლად მითითებული გარიგების ბათილობის თაობაზე მესამე პირის მიერ სარჩელის შეტანის გამო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია აღარ მოქმედებს და, შესაბამისად, ამ ჩანაწერის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული საფუძვლით საქმის განხილვის შეუძლებლობა დაუსაბუთებელია. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია საქმის წარმოების შეჩერებაც.

16. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ნ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.




თავმჯდომარე პ.ქათამაძე





მოსამართლეები: ბ.ალავიძე





ე.გასიტაშვილი