Facebook Twitter

საქმე № ას-664-664-2018 14 ივნისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – შპს "ა.", დ.კ., ი.დ.

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ჭ.რ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბ.ჩ.რ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე ან გარდაცვლილი) და ნ.ჭ-რმა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრეს ა.უ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე), შპს „ა–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან პირველი კასატორი), ი.დ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე ან მეორე კასატორი) და დ.კ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოპასუხე ან მესამე კასატორი; მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხე ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები ან კასატორები) წინააღმდეგ და მოითხოვეს:

1.1. პირველი მოპასუხისათვის ზიანის, 237 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება;

1.2. მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებისათვის სესხის - 400 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სოლიდარულად დაკისრება;

1.3. მეორე მოპასუხისათვის, 2013 წლის 10 თებერვლიდან ამავე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, სესხის ძირითად თანხაზე სარგებლის - 56 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება;

1.4. მესამე და მეოთხე მოპასუხეებისათვის სესხის ძირითად თანხაზე პირგასამტეხლოს სოლიდარულად დაკისრება, 2013 წლის 11 თებერვლიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა :

2.1.1. მეორე, მესამე და მეოთხე მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის - 400 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება დაეკისრათ;

2.1.2. მეორე მოპასუხეს, მოსარჩელეთა სასარგებლოდ, სესხის სარგებლის - 56 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება დაეკისრა;

2.1.3. მესამე და მეოთხე მოპასუხეებს, მოსარჩელეების სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს გადახდა სესხის ძირითადი თანხის 0.1%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 400 აშშ დოლარი) 2013 წლის 11 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

2.2. სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ, უარყოფილ იქნა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მოპასუხეებმა, ასევე, მოსარჩელეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.

5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

7. სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არც სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და არც დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენის ნაწილში, არ გამოუსწორებიათ. 2018 წლის 4 ივნისს მოპასუხეებმა განცხადება წარმოადგინეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში და მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის 30 დღით გაგრძელება ითხოვეს, განცხადებაზე თანდართული საკასაციო საჩივარი კი, კვლავ დაუსაბუთებელი იყო და არ შეიცავდა კასაციის საფუძვლებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო :

8. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8.1. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია – საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში ასევე იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.

8.2. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და სსსკ-ის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი კასატორების წარმომადგენელ - ა.შ–ს სატელეფონო შეტყობინებით იმავე დღეს ეცნობა.

8.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა 2018 წლის 29 მაისს დაიწყო და ამავე წლის 4 ივნისს ამოიწურა. ამდენად, კასატორები ვალდებული იყვნენ ხარვეზი 2018 წლის 4 ივნისის ჩათვლით შეევსოთ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორებმა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვადის 30 დღით გაგრძელებაზე, ხოლო მათ მიერ განცხადებაზე თანდართული საკასაციო საჩივარი, კვლავ დაუსაბუთებელი იყო და არ შეიცავდა კასაციის საფუძვლებს.

8.4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც ამ უფლებების სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს მიეცათ გონივრული ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რაც მათ არ განახორციელეს. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს შესაძლოა ემსჯელა კიდეც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში ხარვეზის გონივრული ვადით გაგრძელების თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუკი კასატორები ხარვეზს ნაწილობრივ შეავსებდნენ და სასამართლოს წარუდგენდნენ სსსკ-ის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად შედგენილ დასაბუთებულ საკასაციო საჩივარს.

8.5. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

8.6. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 391.11, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ა–ს", დ.კ–სა და ი.დ–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი