Facebook Twitter

საქმე #ა-3144-შ-83-2018 6 ივლისი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე სს „ც-ის“ შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი „G-Y-ს“ მიმართ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობის შესახებ და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ც-ის“ სარჩელი „G-Y-ს“ მიმართ სუბროგაციის გზით ზიანის _ 227 664 რუბლისა და 77 კაპიკის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა, „G-Y-ს“ სს „ც-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 227 664 რუბლისა და 77 კაპიკის, ასევე, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის _ 7 553 რუბლის ანაზღაურება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სს „ც-ამ“ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწვლით ირკვევა, რომ:

ა) „G-Y-მ“, რომელიც საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში შპს „ტ-ის“ სასარგებლოდ ახორციელებდა ტვირთის გადაზიდვას, დაარღვია გადაზიდვის წესები და დააზიანა ტვირთ. შპს „ტ-ს“ მზღვეველმა _ სს „ც-ამ“ აუნაზღაურა ზიანი და სუბროგაციული სარჩელით მიმართა საარბიტრაჟო სასამართლოს გადამზიდავ „G-Y-ს“ მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა „G-Y“, მას არც შეპასუხება წარუდგენია და არც წარმომადგენელი დაუნიშნავს;

ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხეს გაეგზავნა სასამართლო უწყება, ასევე, მოსარჩელემ გაუგზავნა განჩინება საქმის განხილვის გადადების თაობაზე, გარდა ამისა, საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გაცემულია ცნობა, რომლის თანახმადაც საქმეში წარმოდგენილი საფოსტო ქვითრებით დასტურდება მოპასუხისათვის შეტყობინებების ჩაბარების ფაქტი. ამ ცნობას ერთვის საფოსტო გზავნილები და ქვითრები, რომელთა შესწავლითაც ირკვევა, რომ მიმღების გრაფა არ არის შევსებული, მასზე არ არის მიმღების ხელმოწერა და კორესპოდენციის ჩაბარების თარიღი, ხოლო საფოსტო კონვერტების ასლებზე გაკეთებული საფოსტო შენიშვნების თანახმად, მოპასუხისათვის კორესპოდენციის ჩაუბარებლობის მიზეზად, ერთ შემთხვევაში, მითთებულია ადრესატის „არყოფნა“, ხოლო, მეორე შემთხვევაში _ „მოუკითხაობა“;

გ) საარბიტრაჟო სასამართლოს ცნობით გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და იგი არ არის აღსრულებული;

დ) „G-Y“, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, მდებარეობს საქართველოში, ქ.თბილისში, კ-ი 3, 1/16.

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელში (შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების მარეგულირებელ მატერიალური სამართლის ნორმებს განსაზღვრავს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი მხარდაჭერისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენცია (ე.წ მინსკის კონვენცია), რომელიც სპეციალურ წინაპირობებს ადგენს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანისათვის. კონვენციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების შესახებ შუამდგომლობას მათ შორის უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილი იყო გადაწყვეტილება და რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია პროცესში, სათანადო წესით და დროულად გამოძახებულ იქნა სასამართლოში. თავის მხრივ, კონვენციის მიზნებისათვის მისი მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ხელშემკვრელ მხარეთა ვალდებულებას, სხვა ქვეყნის მოქალაქეს (იურიდიულ პირს) შეტყობინება ჩააბარონ არა ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით, არამედ, ამავე კონვენციით განსაზღვრული წესების შესაბამისად (მაგ: მე-6 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების გადაცემა სამოქალაქო საქმეებზე).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის (რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება) ინფორმირების ფაქტის დადასტურებას, ამავე კონვენციის მიზნებისათვის არა ფორმალური, არამედ, არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან მისი 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ეს გარემოება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს (52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტიელების ცნობისა და მისი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად ან ჯეროვნად არ გადაეცა სასამართლოში გამოცხადება). ამ თვალსაზრისით პალატა მოიშველიებს ეროვნულ სასამართლო პრაქტიკას, ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას შეეხებოდა და მოპასუხეს არ ჰქონდა ჩაბარებული სასამართლოში გამოძახების შესახებ შეტყობინება, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ დასაბუთებით, რომ საქართველში რეგისტრირებული იურიდიული პირისათვის სასამართლოში მიწვევის შესახებ შეტყობინება უნდა გაგზავნილიყო არა საქმის განმხილველი სასამართლოს შიდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, არამედ ორმხრივი შეთანხმებით დადგენილი წესით (იხ. ვებგვერდი www.supremecourt.ge სუსგ #ა-2257-შ-73-09, 2 მარტი, 2010 წელი)

მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, შუამდგომლობას არ ერთვის მასში მითითებული გარემოების _ მოპასუხის ჯეროვანი წესით ინფორმირების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო წარდგენილი საფოსტო მასალებით ირკვევა, რომ „G-Y-ს“ საქმის განხილვის თაობაზე გაგზავნილი კორესპოდენცია არ ჩაბარებია, გარდა ამისა მხარეს არ დაუყენებია შუამდგომლობა ამ მტკიცებულების საპატიო მიზეზით წარუდგენლობის თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, სს „ც-ას“ უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას და უტყუარი მტკიცებულებებით დაადასტურებს „G-Y-სათვის“ სასამართლოში მიწვევის დამადასტურებელი მტკიცებულებების ჩაბარების დოკუმენტაციას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5, 70.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ც-ას“ უარი ეთქვას „G-Y-ს“ მიმართ რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.

3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის გამოსწორების შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას იმავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ.ალავიძე