საქმე №ას-949-885-2017 23 თებერვალი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ლ. ლ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. და ლ. ლ-ეები (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე, პროცესის ხარჯების განსაზღვრა
დავის საგანი – ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ლ. ლ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ლ-ისა და ლ. ლ-ის (შემდგომში _ მოპასუხეები, მოწინააღმდეგე მხარეები, ლ. ლ-ე, ასევე წოდებული, როგორც მეორე აპელანტი) მიმართ და მოითხოვა 2013 წლის 13 დეკემბერს რ. ლ-ესა და დ. ლ-ეს შორის ყვარლის რაიონის სოფელ ჭ-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ #57.03.59.0--) დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2013 წლის 14 ნოემბერს რ. ლ-ესა და ლ. ლ-ეს შორის ყვარლის რაიონის სოფელ ჭ-ში მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ #57.03.59.0--, შემდგომში _ სადავო ქონება) დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელის მამამ _ რ. ლ-ემ 2013 წლის 29 ნოემბერს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე მოახდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ყვარლის რაიონის სოფელ ჭ-ში მდებარე 3440 კვ.მ (დაუზუსტებელი) სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთზე და აღნიშნული ქონება 2013 წლის 13 დეკემბერს მიჰყიდა დ. ლ-ეს. 2013 წლის 11 ნოემბერს რ. ლ-ემ ცნობა-დახასიათების საფუძველზე მოახდინა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ყვარლის რაიონის სოფელ ჭ-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 578 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე (191 კვ. მეტრი შენობა-ნაგებობა). 2013 წლის 14 ნოემბერს კი, ქონება აჩუქა ლ. ლ-ეს. სადავო უძრავი ქონებები საკოლმეურნეო კომლის ქონებას წარმოადგენდა. # AA2013049623-03 საარქივო დოკუმენტით დასტურდება, რომ კომლის წევრები იყვნენ თავად მოსარჩელე, მისი მამა _ რ. ლ-ე და დედა _ მ. ლ-ე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომლის წევრები წარმოადგენენ სადავო ქონების თანამესაკუთრეებს და რ. ლ-ეს ამ ქონების ერთპიროვნულად გასხვისების უფლება არ ჰქონდა. მოპასუხეები კეთილსინდისიერ შემძენებად ვერ ჩაითვლებიან, რადგან ისინი რ. ლ-ის ძმის შვილიშვილები არიან, იმავე სოფელში ცხოვრობენ, ამიტომ იცოდნენ, რომ რ. ლ-ე არ იყო მთლიანი ქონების მესაკუთრე, ეს რეესტრის ჩანაწერითაც დგინდებოდა, სადაც ქონების მესაკუთრედ რ. ლ-ის ოჯახი იყო მითითებული, შესაბამისად, მათ იცოდნენ რეესტრის ჩანაწერის უზუსტობის შესახებ. ამასთან, მოსარჩელის მითითებით, რ. ლ-ე ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ სადავო სახლში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, ამჟამადაც ამ სახლში მოსარჩელე ცხოვრობს და იგი მოპასუხეს არ გადასცემია.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით დ. ლ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2013 წლის 13 დეკემბერს რ. ლ-ისგან # 57.03.59.0-- მიწის ნაკვეთი შეიძინა რ. ლ-ის ოჯახის წევრების: მეუღლის _ მ. ლ-ისა და შვილის _ ლ. ლ-ის თანხმობით. ხელშეკრულების დადებისთანავე ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხა თავის სახელზე და დღემდე ფლობს და ამუშავებს მიწის ნაკვეთს, რაც ცნობილი იყო მოსარჩელისთვისაც, ამიტომ ხელშეკრულება კანონიერია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
2.2. ლ. ლ-ემ ასევე არ ცნო სარჩელი იმ ფაქტზე მითითებით, რომ 2013 წლის 14 ნოემბერს რ. ლ-ემ აჩუქა ქონება, რომელიც ცნობა-დახასიათების საფუძველზე საჯარო რეესტრში აღრიცხული იყო, როგორც რ. ლ-ის ერთპიროვნული საკუთრება, ხოლო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია, ამიტომ ხელშეკრულება კანონიერია და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 14 ნოემბერს რ. ლ-ესა და ლ. ლ-ეს შორის დადებული ყვარლის რაიონის სოფელ ჭ-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ #57.03.59.0--) ჩუქების ხელშეკრულება (დამოწმებული საჯარო რეეტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2013 წლის 14 ნოემბერს), ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა 2013 წლის 13 დეკემბერს რ. ლ-ესა და დ. ლ-ეს შორის დადებული ყვარლის რაიონის სოფელ ჭ-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ # 57.03.59.0--) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
4.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;
4.2. ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. ლ-ემაც, რომლითაც მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც ლ. ლ-ის სარჩელი ლ. ლ-ის მიმართ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და 2013 წლის 14 ნოემბრის უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (ყვარლის რაიონის სოფელ ჭ-ში მდებარე უძრავი ქონების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 578კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ საცხოვრებელ სახლზე ს/კ #57.03.59.0--) ბათილად იქნა ცნობილი 1/3 ნაწილში.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა აპელანტმა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე, პროცესის ხარჯების განსაზღვრა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებულ ნაწილში უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, ხოლო სარჩელი განუხილველად იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი. ვიდრე პალატა საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობას შეამოწმებდეს, ყურადღებას საკასაციო სამართალწარმოების რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილებს:
1.1.1. საკასაციო წესით მართლმსაჯულების განხორციელებისას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება მოწმდება ორი მიმართულებით, კერძოდ: სასამართლო უპირველესად ამოწმებს, სახეზე ხომ არ არის გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები, რომლებიც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლში, ხოლო, ამ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, შეფასებას ექვემდებარება კასატორის პრეტენზიების დასაბუთებულობა, ამ გარემოებათა ჩამონათვალი კი, რეგლამენტირებულია ამავე კოდექსის 393-ე მუხლში.
1.1.2. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
1.2. საკასაციო პალატა მიუბრუნდება განსახილველ საკითხს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის კვლევას შეეხება. უნდა ითქვას, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაციას თავად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი იძლევა და დოქტრინაში განვითარებული შეხედულების თანახმად, ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. აღიარებითი სარჩელის ლეგალურ დეფინიციას შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. აღიარებითი სარჩელი, ბუნებრივია, სრულად უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმალურ-შინაარსობრივ მოთხოვნებს, თუმცა, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით დაწესებულია დამატებითი მოთხოვნა ამ ტიპის სარჩელებისათვის _ იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა. გასათვალისწინებელია, რომ დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, რა დროსაც პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: აქვს მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ? უზრუნველყოფს მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას?. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს განეკუთვნება შემდეგი:
ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში;
ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას;
გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.
1.2.1. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის განხილვისას მნიშვნელოვანია, გაირკვეს, ხომ არ არსებობს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები, რადგან ამგვარი წინაპირობების არსებობისას, მოსარჩელე ვერ შეძლებს თავისი ნამდვილი მიზნის (უფლების დაცვის) აღიარებითი სარჩელით მიღწევას, აღნიშნული კი, თავის მხრივ, საფუძველს აცლის აღიარებით მოთხოვნას. ამავდროულად, მხედველობაშია მისაღები საპროცესო ეკონომიის პრინციპი, რომელიც უფლების რეალური დაცვის ხელშეწყობის საშუალებაა და ემსახურება იმას, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარემ ერთი და არა რამდენიმე სარჩელის აღძვრის გზით უზრუნველყოს.
1.2.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი) განმარტა შემდეგი: აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ, 10.11.2015, საქმეზე #ას-937-887-2015; იხ. სუსგ-ები # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; # ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).
1.3. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ:
1.3.1. რ. ლ-ე თავის სიცოცხლეში მეუღლესთან _ მ. ლ-ესთან და შვილთან _ ლ. ლ-ესთან ერთად ცხოვრობდა სადავო საცხოვრებელ სახლში, ამ ოჯახს სხვა სახლი არ ჰქონია. მისი გარდაცვალების შემდეგ სახლში ცხოვრობდნენ დედა-შვილი - ლ. და მ. ლ-ეები, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ დღემდე სადავო სახლში ცხოვრობს ლ. ლ-ე და იგი ლ. ლ-ეს არ გადასცემია;
1.3.2. 2013 წლის 5 დეკემბერს რ. ლ-ემ საჯარო რეესტრში აღრიცხა სადავო უძრავი ქონება (ს/კ #57.03.59.0--). საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილია #94 მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო მესაკუთრედ მითითებულია რ. ლ-ის ოჯახი;
1.3.3. 2013 წლის 11 ნოემბერს რ. ლ-ემ საჯარო რეესტრში აღრიცხა სადავო უძრავი ქონება (ს/კ #57.03.59.0--). საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად წარდგენილია ცნობა-დახასიათება #2013058599, ხოლო მესაკუთრედ მითითებულია - რ. ლ-ე;
1.3.4. 2013 წლის 14 ნოემბერს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე რ. ლ-ემ #57.03.59.0-- უძრავი ქონება აჩუქა ლ. ლ-ეს, ხოლო, 2013 წლის 13 დეკემბრის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რ. ლ-ემ #57.03.59.0-- უძრავი ქონება მიჰყიდა დ. ლ-ეს;
1.3.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის თელავის არქივში დაცული ყვარლის რაიონის სოფელ ჭ-ის სასოფლო საბჭოს 1986-1990 წლებისა და 1991-1995 წლების საკომლო წიგნებში კომლის უფროსად ჩაწერილია რ. ლ-ე. კომლში ირიცხებიან: მ. ლ-ე _ ცოლი, ლ. ლ-ე _ შვილი, ამიტომ რ. ლ-ეს, მ. ლ-ესა და ლ. ლ-ეს, როგორც კომლის წევრებს, წარმოეშვათ თანასაკუთრების უფლება კომლის ქონებაზე;
1.3.6. სადავო ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გაჩუქებულ საცხოვრებელ სახლზე ტექნიკური პასპორტი შედგა 1990 წელს, საცხოვრებელი სახლი აშენებულია 1970 წელს, მესაკუთრედ აღირიცხა რ. ლ-ე;
1.3.7. რ. ლ-ე გარდაიცვალა 2014 წლის 23 ივლისს, ხოლო მ. ლ-ე _ 2014 წლის 4 ნოემბერს.
1.4. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: მართალია, სარჩელი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას იურიდიული ინტერესის თაობაზე, თუმცა, დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, უდავოა, რომ მოსარჩელეს სურს ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვება (აღდგენა), რომელიც სადავოდ გამხდარი გარიგებების საფუძველზე აღარ გააჩნია. ამ მიზნის მიღწევა კი, მხოლოდ აღიარებითი სარჩელის პირობებში შეუძლებელია, ამ მოთხოვნის რეალიზაციის საშუალებას მიკუთვნებითი სარჩელი წარმოადგენს, სასამართლო კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის იმპერატიული შეზღუდვიდან გამომდინარე, ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნას და ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმას, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ აღიარებითი სარჩელი განსახილველ შემთხვევაში, დაუშვებელია.
1.5. საკასაციო პალატა, საკითხის სრულყოფის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თვისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. (საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე. იხ. ასევე: IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).
1.6. მოხმობილი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მართალია, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზე მასშია საუბარი, თუმცა, ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც, დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც სახეზე გვაქვს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ №ას-551-522-2015, 14 აგვისტო, 2015 წელი). მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მოთხოვნებს, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული.
1.7. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოწინააღმდეგე მხარეს არ გაუსაჩივრებია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე იგი ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და შესაბამისად, მასზე საკასაციო პალატა არ მსჯელობს, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება წინამდებარე განჩინების შეფასების საგანი არ არის.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, ლ. ლ-ე ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებულია, თუმცა, ეს საკითხი მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების პროპორციულად ლ. ლ-ისათვის ლ. ლ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრებაზე უარის თქმის წინაპირობა ვერ გახდება, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. გარდა ამისა, პალატა არ იზიარებს კასატორის შუამდგომლობას პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თოაბაზე, რადგანაც წინამდებარე განჩინებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული (გარდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილისა, რომელიც, როგორც ზემოთ ითქვა საკასაციო პალატის შეფასების საგანი არ არის), რაც იმას ნიშნავს, რომ დავა არცერთი მხარის სასარგებლოდ არ დასრულებულა, შესაბამისად, არ არსებობს პროცესის ხარჯების განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 187-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ლ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში (სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში) გაუქმდეს და ლ. ლ-ის სარჩელი რ. ლ-ესა და დ. ლ-ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების, ასევე, რ. ლ-ესა და ლ. ლ-ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების (2/3 ნაწილში) ბათილად ცნობის თაობაზე დარეს განუხილველად.
3. კასატორის შუამდგომლობა პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი