საქმე №ას-573-573-2018 5 ივლისი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ა.ბ., თ.ბ., ნ.ბ., თ.ბ., მ.ბ. (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ქ.ა.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ქ.ა–ს“ სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა თ., ა., ნ., თ. და მ.ბ–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთების გამოთხოვასა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას, დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული განჩინება ამავე წლის 26 აპრილს საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მოპასუხეებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღეში საქართველოს უზენაეს საასამართლოში დაზუსტებული საკასაციო საჩივრის, კასაციის საფუძვლების მითითებით, კანონით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობისა და 300 ლარის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი მოპასუხეებს 2018 წლის 8 მაისს ჩაჰბარდათ.
6. 2018 წლის 15 მაისს მოპასუხეებმა შუამდგომლობით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვეს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება. ამავე წლის 28 მაისის განჩინებით მოპასუხეებს 3 დღით გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა. აღნიშნული განჩინების ასლი მხარეს ამავე წლის 31 მაისს ჩაჰბარდა.
7. 2018 წლის 5 ივნისს მოპასუხეებმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინეს დაზუსტებული საკასაციო საჩივარი კასაციის საფუძვლების მითითებითა და უფლებამოსილი პირების ხელმოწერით, ამასთან იშუამდგომლეს ხარვეზის დარჩენილ ნაწილში ვადის გაგრძელების თაობაზე. ამავე წლის 14 ივნისის განჩინებით მოპასუხეების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 2 დღით გაუგრძელდათ ხარვეზის დარჩენილი ნაწილის შევსების ვადა. განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2018 წლის 22 ივნისს მოპასუხეთა წარმომადგენელს ჩაჰბარდა.
8. 2018 წლის 26 ივნისს მოპასუხეთა წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და ითხოვა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო :
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგეგში სსსკ) 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 07 მაისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, ამის შემდეგ კასატორებმა ორჯერ მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და ამასთან ნაწილობრივ შეავსეს ხარვეზი. 2018 წლის 14 ივნისის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 2 დღით. აღნიშნული განჩინების ასლი კასატორებს სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნათ და ამავე წლის 22 ივნისს მოპასუხეთა წარმომადგენელს ჩაჰბარდა.
11. 2018 წლის 26 ივნისს მოპასუხეთა წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა ხარვეზისთვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, სსსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ კასატორთა შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაუსაბუთებელია, გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც კასატორებს ხარვეზი დაუდგინდათ საკასაციო საჩივარზე, კიდევ ორჯერ გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადა, თუმცა, მათ მხოლოდ ნაწილობრივ შეავსეს ხარვეზი, სახელმწიფო ბაჟი კი დღემდე არ გადაუხდიათ. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში სამართალწარმოება ორივე მხარის თანასწორობის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბრად დაცვას გულისხმობს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანიდან გასულია ორ თვეზე მეტი, ხარვეზის შევსების ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება შელახავს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს, ვინაიდან ეს გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
14. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 63-ე, 285-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ბ–ს, თ.ბ–ს, ნ.ბ–ს, თ.ბ–ს და მ.ბ–ს შუამდგომლობა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. ა.ბ–ს, თ.ბ–ს, ნ.ბ–ს, თ.ბ–ს და მ.ბ–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მზია თოდუა