საქმე № ას-810-810-2018 6 ივლისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.თ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.ტ. (მოსარჩელე)
მესამე პირები - ი.თ., ე.თ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სამოქალაქო საქმის განხილვის შეჩერება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, დ.ტ–ს სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა მოპასუხეების, მ.თ–ისა და მ.მ–ის უკანონო მფლობელობიდან თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქ თბილისში, ....... ქალაქ თბილისში ..... გამოთხოვასა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას, დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.თ–მ.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მ.თ.ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაზუსტებული საკასაციო საჩივრის, კასაციის საფუძვლებით მითითებითა და სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი მოპასუხეს 2018 წლის 22 ივნისს ჩაჰბარდა.
6. 2018 წლის 25 ივნისს კასატორის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ითხოვა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო :
7. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
7.1. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, ამასთან, სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.
7.2. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და სსსკ-ის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინების ასლი მხარეს 22 ივნისს ჩაჰბარდა.
7.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა 2018 წლის 23 ივნისს დაიწყო და ამავე წლის 27 ივნისს ამოიწურა. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2018 წლის 27 ივნისის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელებაზე.
7.4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ-ის მე-5 მუხლი), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც ამ უფლებების სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს მიეცათ გონივრული ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად, რაც მათ არ განახორციელეს. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლოს შესაძლოა ემსჯელა კიდეც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში ხარვეზის გონივრული ვადით გაგრძელების თაობაზე, იმ შემთხვევაში, თუკი კასატორები ხარვეზს შეავსებდნენ და სასამართლოს წარუდგენდნენ სსსკ-ის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად შედგენილ დასაბუთებულ საკასაციო საჩივარს.
7.5. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
7.6. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 391.11, 401-ე, 284-ე, 285-ე, მუხლიებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. თ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა