საქმე №ას-440-440-2018 12 ივნისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები : მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – დ.ბ–ძე, ი.მ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ლ.ბ." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „ლ.ბ–სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, კრედიტის მიმცემი, მოწინააღმდეგე მხარე, ბანკი ან კრედიტორი) და ი.მ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი, კრედიტის ამღები ან მსესხებელი) შორის 2013 წლის 10 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, საკრედიტო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე გაიცა კრედიტი - 17 500 ლარი 60 თვით, 2018 წლის 28 ნოემბრამდე, წლიური საპროცენტო სარგებლის 17% - ის დარიცხვით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 867-ე, 868-ე და 623-ე მუხლები).
2. ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5% იყო (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები).
3. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და დ.ბ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი ან თავდები) შორის 2013 წლის 10 დეკემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც თავდებობის ხელშეკრულება), რომლის თანახმად, თავდებმა სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულებით თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობის ზღვარი 25 878.15 ლარით განისაზღვრა.
4. მსესხებელმა ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა. მან 2014 წლის 28 აპრილიდან შეწყვიტა გადახდა. მოპასუხეებს წერილობით ეცნობათ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თაობაზე, თუმცა ამ წერილს მათი მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
5. სარჩელის აღძვრის დროისათვის, ბანკის მიმართ მსესხებლის ფულადი დავალიანება შეადგენდა დასაბრუნებელ კრედიტს - 12078.14 ლარს, პროცენტს - 2685.40 ლარსა და ჯარიმას - 2514.01 ლარს (იხ. დავალიანების შესახებ ცნობა, ტ.1, ს.ფ. 15).
6. 2016 წლის 21 ნოემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 17 277.55 ლარის, ანაზღაურება. მისი მტკიცებით, მსესხებელმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ნაწილობრივ შეასრულა, კერძოდ, მან 2014 წლის 28 აპრილიდან სესხის გადახდა შეწყვიტა. მოპასუხეებს წერილობით ეცნობათ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით არსებული დავალიანების შესახებ, თუმცა მსესხებელსა და თავდებს რეაგირება არ მოუხდენიათ.
7. მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ - 13 339 ლარის ნაწილში ცნეს, ხოლო დანარჩენ ნაწილში გამორიცხეს მოთხოვნა და განმარტეს, რომ ბანკმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მას მოპასუხეების მხრიდან თანხის ზედიზედ ორჯერ გადაუხდელობისთანავე უნდა შეეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულება და, შესაბამისად, სარჩელით სესხზე დარიცხული პროცენტი არა 2685,40, არამედ მხოლოდ 542 ლარი უნდა მოეთხოვა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, დავალიანების - 14 889.24 ლარის ანაზღაურება დაეკისრათ, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 12 078.24 ლარი, პროცენტი - 2 685.40 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 125.70 ლარი იყო; სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისათვის 2 388.21 ლარის დაკისრების ნაწილში უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 131-ე, ასევე, სსკ-ის 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე და 895-ე მუხლები გამოიყენა.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის მხოლოდ 13 339 ლარის ნაწილში დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით :
9.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ მსესხებელმა სესხი უკანასკნელად 2014 წლის 28 აპრილს გადაიხადა, ხოლო მოსარჩელემ სარჩელი 2 წლის, 6 თვისა და 21 დღის შემდეგ - 2016 წლის 21 ნოემბერს აღძრა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, რომლის თანახმადაც, კრედიტორს ხელშეკრულება უნდა შეეწყვიტა ზედიზედ ორჯერ თანხის გადაუხდელობისთანავე, ასეთ შემთხვევაში, სესხზე დარიცხული ორი თვის პროცენტი არა 2685.40, არამედ მხოლოდ 542 ლარი იქნებოდა, რომელსაც დაემატებოდა პირგასამტეხლოც. შესაბამისად, მოპასუხეებს ზედმეტად დაეკისრათ 1 549.75 ლარის ანაზღაურება, რაც მოსარჩელის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების პრეტენზია, რომ მსესხებლის მიერ კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ზედიზედ ორჯერ დარღვევის გამო, მოსარჩელეს დაუყოვნებლივ ცალმხრივად უნდა შეეწყვიტა ხელშეკრულება. პალატის დასკვნებით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისას, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა კრედიტორის უფლებაა და არა მოვალეობა, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო აპელანტების მოსაზრება, რომ ბანკს ხელშეკრულების შეწყვეტის ვალდებულება მსესხებლის მხრიდან გადახდის გრაფიკის ზედიზედ ორჯერ დარღვევისთანავე ჰქონდა;
10.2. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხეების არც ის პრეტენზია გაიზიარა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მათთვის დაკისრებული კრედიტის პროცენტით - 1549.76 ლარით, ბანკი უსაფუძვლოდ გამდიდრდა. პალატამ სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე მიუთითა და განმარტა, რომ ვინაიდან, მოსარჩელეს სარჩელის აღძვრამდე კრედიტის ხელშეკრულება ცალმხრივად, ვადამდე არ შეუწყვეტია, ამასთან, რადგანაც საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა ხუთი წლით - 2018 წლის 28 ნოემბრამდე იყო განსაზღვრული, შესაბამისად, მოპასუხეებს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კრედიტის პროცენტი მართებულად დაეკისრათ.
11. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის მხოლოდ 13 339 ლარის ნაწილში დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 9).
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
14.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
15. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
16. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების აპელირებას, რომ მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ზედიზედ ორჯერ დარღვევის გამო, მოსარჩელეს დაუყოვნებლივ ცალმხრივად უნდა შეეწყვიტა ხელშეკრულება. პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და აღნიშნავს, რომ მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევისას ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა კრედიტორის უფლებაა და არა მოვალეობა.
17. საკასაციო სასამართლო კასატორების არც იმ პრეტენზიას იზიარებს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მათზე დაკისრებული კრედიტის პროცენტის - 1549.76 ლარის ანაზღაურების შემთხვევაში, ბანკი უსაფუძვლოდ გამდიდრდება, სახელდობრ:
17.1. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
17.2. აღნიშნული ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის თაობაზე, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით, სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია, დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (შდრ. სუსგ №ას-360-342-2015, 03.06.2015).
17.3. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელეს სარჩელის აღძვრამდე კრედიტის ხელშეკრულება ცალმხრივად, ვადამდე არ შეუწყვეტია. ასევე, უდავოა, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ხუთი წლის ვადით - 2018 წლის 28 ნოემბრამდე დაიდო, ხოლო სარჩელი ბანკმა 2016 წლის 21 ნოემბერს აღძრა, ამდენად, რადგანაც სადავო პროცენტი კასატორებს მოქმედი, ნამდვილი ხელშეკრულების საფუძველზე დაეკისრათ, ბანკი უსაფუძვლოდ ვერ გამდიდრდება.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-462-462-2018, 22.06.2018).
19. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ბ–ძისა და ი.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. დ.ბ–ძესა (პ/ნ ....) და ი.მ–ძეს (პ/ნ ....) დაუბრუნდეთ ე.კ–ძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 27.03.2018 წ. და საგადახდო დავალება #0, გადახდის თარიღი 04.04.2018) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი