Facebook Twitter

საქმე №ას-709-709-2018 12 ივნისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ა. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ი., რ.ი. (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ….., პირველი სართული, 234.54 კვ.მ, ს/კ .... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება ან საერთო საცხოვრებელი) სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ტ.1. ს.ფ. 25-26, საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

2. თ.ა. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი), ასევე, თ. და რ. ი–ები (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში საერთო საცხოვრებელში რეგისტრირებულ დევნილთა სახელობით სიაში ირიცხებიან. მათ პირად სარგებლობაში გამოყოფილი აქვთ უძრავი ქონების მეორე სართულზე განთავსებული საცხოვრებელი ოთახები: N3, N4, N5, N6, N7, N8, N9, N 13, ასევე, საზაფხულო აივანი და პირველ სართულზე მდებარე სათავსი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ფართი, არასაცხოვრებელი ფართი ან სათავსი) უძრავ ქონებას დევნილები სახელმწიფოს თანხმობით ფლობენ.

3. 2017 წლის 13 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, უკანონოდ დაკავებული სათავსის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, მას სახელმწიფოსგან სადავო სახლის მე-2 სართულზე განთავსებული საცხოვრებელი ფართი გადაეცა, სადაც ოჯახთან ერთად წლების მანძილზე ცხოვრობს. ამასთან, იგი უძრავი ქონების პირველ სართულზე მდებარე არასაცხოვრებელ ფართსაც მრავალი წელი მართლზომიერად ფლობდა, რომელიც მოპასუხეებმა თვითნებურად დაიკავეს და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ ათავისუფლებენ მას.

4. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მათ წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტეს, რომ მოსარჩელე სადავო ფართის მფლობელი არასდროს ყოფილა, ამასთან, იგი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ვერ ისარგებლებს სადავო ფართით, გამომდინარე იქიდან, რომ ის სახელმწიფოს საკუთრებაა, რომლით სარგებლობაც, საერთო საცხოვრებლის ნებისმიერ მობინადრეს შეუძლია.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 159-ე და 160-ე მუხლები გამოიყენა.

6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

6.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე სადავო ფართის კეთილსინდისიერი მფლობელია, ხოლო მოპასუხეებმა თვითნებურად დაიკავეს მოსარჩელის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართი;

6.2. უსაფუძვლოა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა, რომ, რადგანაც მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრე არ არის, მას ვინდიკაციური სარჩელის აღძვრის უფლება არ ჰქონდა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 159-ე, 160-ე, 170.1, 172.1 მუხლებით იხელმძღვანელა და განმარტა, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება, თუ არა მფლობელობა საამისო უფლების მქონე პირის გარეშე. პალატის დასკვნებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება შესაბამისი მტკიცებულებებით არ დადასტურებულა, ამდენად, არ არსებობდა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

8. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივრის იდენტურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 6).

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

11.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნა, სსკ-ის 160-ე (თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია ახალ მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება მოსთხოვოს. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება. მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა შეიძლება, გამოყენებულ იქნეს უკეთესი უფლების მქონე პირის მიმართაც, თუკი მან ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების გზით) მუხლიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მოთხოვნა განხორციელებადი იქნებოდა, შემდეგი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სახელდობრ: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო ნივთის კეთილსინდისიერი მფლობელი; მას სხვა პირის მხრიდან ჩამორთმეული უნდა ჰქონდეს მფლობელობა სადავო ნივთზე და ახალ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ნივთის ფლობის უკეთესი უფლება.

12.1. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან სადავო უძრავ ქონებაზე კეთილსინდისიერი (მართლზომიერი) მფლობელობის ფაქტი. იმისთვის, რომ მოსარჩელე მიჩნეულ იქნეს კეთილსინდისიერ მფლობელად, მას აღნიშნული მფლობელობა მიღებული უნდა ჰქონდეს ამ ქონების მესაკუთრის, სახელმწიფოსაგან. ერთადერთი მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელე ცდილობდა სადავო ფაქტობრივი გარემოების დამტკიცებას, არის შპს .....-ის მიერ გაცემული ცნობა, სადაც მითითებულია, რომ საერთო საცხოვრებელში 1993 წლიდან გეოლოგიური დეპარტამენტის მიერ ჩასახლებულები არიან სოხუმში არსებული გეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლების ოჯახები და მათ ამ შენობაში პირად სარგებლობაში გამოყოფილი აქვთ მეორე სართულზე განთავსებული საცხოვრებელი ოთახები, ასევე საზაფხულო აივანი და პირველ სართულზე განლაგებული სათავსი. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული მტკიცებულება ვერ ადასტურებს მოსარჩელისათვის მესაკუთრის მსგავსი მფლობელობის უფლების მინიჭების ფაქტს, ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად იქნა უარყოფილი.

13. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ მტკიცებულებას, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს საჯარო რეესტრის ამონაწერი, რამდენადაც, უძრავ ნივთზე არც პირდაპირი და არც არაპირდაპირი მფლობელობა მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციას არ ქმნის. სსკ-ის 158.2 მუხლის თანახმად, მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. ამავე კოდექსის 311.1 მუხლის თანახმად კი, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობისა და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. კანონის აღნიშნული დებულებები ხელს უწყობს უფლების მქონე, ასევე, მესამე პირთა ინტერესების დაცვას სამოქალაქო ბრუნვაში და სწორედ ამ მიზნითაა დადგენილი რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია (სსკ-ის 312-ე მუხლი). ამდენად, იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის, შეუძლებელია იგი მიჩნეულ იქნეს მესაკუთრედ. ეს გარემოება კი, თავის მხრივ, გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების გამოყენებას, რადგანაც ამ ნორმათა საფუძველზე, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მხოლოდ მესაკუთრემ შეიძლება, მოითხოვოს (შდრ. სუსგ №ას-1105-1062-2016, 17.03.3107).

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგები: №ას-1105-1062-2016, 17.03.3107).

15. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ა–ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი