საქმე №ას-739-739-2018 13 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ხ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინებაზე, საქმეზე – ს. ვ-ის სარჩელის გამო, მ. ხ-ის მიმართ განქორწინების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივნისის განჩინებით მ. ხ-ის წარმომადგენელ რ. ფ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი დასაბუთებეული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა. ხოლო, ამავე პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით რ.ფ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა და მ. ხ-ს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა კიდევ 5 (დღით).
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, ისევე როგორც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელ რ.ფ-ეს. განჩინების შეტყობინების ამგვარი ფორმა სწორედ იმიტომ აირჩია სასამართლომ, რომ ხარვეზი შეეხებოდა საკასაციო საჩივრის შინაარსობრივ (სსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი) მხარეს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ კასატორი და მისი წარმომადგენელი საკასაციო საჩივარში თავადაც მიუთითებდნენ იმ ფაქტზე, რომ არ იცნობდნენ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და დასაბუთებულ საკასაციო საჩივარს წარმოადგენდნენ.
2018 წლის 3 ივლისს სასამართლოს მომართა კასატორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, რაც შეეხება დასაბუთებულ საკასაციო საჩივარს, მხარეს ის არ წარმოუდგენია და არც საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია მის წარმოსადგენად.
საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. ამდენად, სასამართლო მხოლოდ მაშინაა უფლებამოსილი გააგრძელოს საპროცესო ვადა, როცა ამის თაობაზე მხარე შუამდგომლობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს რომ, მ. ხ-მა სრულყოფილად არ გამოასწორა დადგენილი ხარვეზი, ამასთან, არც საპროცესო ვადის გაგრძელება არ მოუთხოვია, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს რ. ფ-ის მიერ 2018 წლის 11 ივნისის #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 45 ლარი და 2018 წლის 2 ივლისის #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე და 374-ე მუხლებით, 396-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ მ. ხ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს რ. ფ-ის მიერ 2018 წლის 11 ივნისის #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 45 ლარი და 2018 წლის 2 ივლისის #1 საგადახდო დავალებით გადახდილი 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე