საქმე #ას-980-2018 13 ივლისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ყ-ის სახელით ს. ყ-ის მიერ შემოტანილი განცხადება-საჩივრის განსახილველად მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე – მ. ყ-ის სარჩელის გამო, შპს „ყ-ის“ მიმართ ქმედების დავალდებულების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ყ-ის სახელით ს. ყ-ის მიერ შემოტანილი განცხადება-საჩივარი განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:
მ. ყ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ყ-ის“ მიმართ და მოითხოვა #05-04648-17 და #01-06560-17 წერილების ბათილად ცნობა და შპს „ყ-ის“ დავალდებულება მოახდინოს სამი მრიცხველისა და ქსელის დემონტაჟი და მათი გადატანა სხვა ადგილას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სარჩელზე დაადგინა ხარვეზი, ამასთან არაერთხელ გაუგრძელა მხარეს საპროცესო ვადა მათ შორის სათანადო წესით გაფორმებული მინდობილობის წარმოსადგენად, რომელშიც მითითებული იქნება მინდობილობის მოქმედების ვადა და რომლის საფუძველზეც ს. ყ-ს მინიჭებული ექნებოდა სასამართლოში საქმის წარმოებისა და სარჩელის აღძვრის უფლებამოსილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაიულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით მ. ყ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის საოქმო განჩინებით სამოქალაქო საქპროცესო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, ს. ყ-ს უარი ეთქვა საქმეზე წარმომადგენელად დაშვებაზე. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ყავაელაშვილის წარმოამდგენელმა ს. ყ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით ს. ყ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 თებერვლის საოქმო განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ს. ყ-მა მიმართა განცხადება-საჩივრით, რომელიც გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
წარმოდგენილ განცხადება-საჩივარში ს.ყ-ი უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სვამს კითხვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინებაში მითითებულ კონკრეტულ გარემოებებზე, კერძოდ, განმცხადებელი მოითხოვს განმარტებას თუ რატომ არ მიუთითა სასამართლომ განჩინებაში, მის მიერ წარმოდგენილ დაზუსტებულ სარჩელსა და დაზუსტებულ საჩივარზე, რატომ დანიშნა თავდაპირველად კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა და ა.შ.
ზემოხსენებული საფუძვლების ფორმალურ-პროცესუალური თვალსაზრისით შეფასების შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ შინაარსობრივად ის წარმოადგენს განცხადებას გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტების თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262.1 მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების (განჩინების) განმარტების უფლება აქვს მხოლოდ გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს, ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივნისის განჩინების განმარტების შესახებ განცხადებაზე.
გარდა ამისა, პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საპროცესო დოკუმენტი, რომელზეც წარმოდგენილია წინამდებარე განცხადება-საჩივარი, ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის თაობაზე მიღებული განჩინებაა, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რაიმე წესით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 396-ე (4), 399-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ყ-ის სახელით ს. ყ-ის მიერ შემოტანილი განცხადება-საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე