Facebook Twitter

3გ-ად-80-კს-02 8 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. მეტრეველი (თავმჯდომარე),

ბ. კობერიძე,

მ. ვაჩაძე

კერძო საჩივრის თხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა სააპელაციო სასამართლოში.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 8 სექტემბერს ს. ყ.-მ სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების: გ. ყ.-ის, გორის რაიონის გამგეობისა და სოფ. ...-ის თემის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელით ითხოვა სოფ. ...-ის თემის საკრებულოს 1998წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებისა და გორის რაიონის გამგეობის 1999წ. 27 აპრილის ¹43 დადგენილების ბათილად ცნობა.

...-ის თემის საკრებულოს 1998წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილი იყო გორის მერიის ტექაღრიცხვის ბიუროს წინაშე შუამდგომლობის აღძვრა სოფ. ...-ში მცხოვრები გ. ყ.-ისათვის გარდაცვლილი ქმრის, ნოდარ ყ.-ის, მიერ დატოვებული გაუფორმებელი ბინის დაკანონების თაობაზე.

გორის რაიონის გამგეობის 1999წ. 27 აპრილის ¹43 დადგენილებით დადგინდა, რომ გორის რაიონის ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც აღრიცხული იყო გ. ყ.-ის სახელზე, გატარებულიყო სამართლებრივ რეგისტრაციაში.

გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ...-ის თემის საკრებულოს 1998წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება და გორის რაიონის გამგეობის 1999წ. 27 აპრილის ¹43 დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი. ...-ის თემის საკრებულოს და გორის რაიონის გამგეობას დაევალათ სარჩელში მოყვანილ გარემოებათა კანონიერი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რომლითაც “მხარეები მოყვანილ იქნებოდნენ პირვანდელ მდგომარეობაში”.

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ყ.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 აპრილის განჩინებით გ. ყ.-ის სააპელაციო საჩივარზე მხარეთა მორიგების გამო, შეწყდა საქმის წარმოება. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 მარტის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის 2002წ. 24 აპრილის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა შემდეგი სახის მორიგება: გ. ყ.-ი იღებდა ვალდებულებას, რომ თავისი სიცოცხლის განმავლობაში არ გაასხვისებდა, არ გააქირავებდა, არ დააგირავებდა სადავო სახლსა და მიწის ნაკვეთს. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, სახლიც და მიწის ნაკვეთიც საკუთრებაში უნდა გადასცემოდა ს. ყ.-ს ან ს. ყ.-ის მემკვიდრეებს, ს. ყ.-ი თანახმა იყო აღნიშნულ პირობებზე.

გ. ყ.-მ სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 24 აპრილის განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი, რომელშიც აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მას და მოწინააღმდეგე მხარეს შორის მორიგება მოხდა სადავო ბინაზე და არა _ მიწის ნაკვეთზე. იგი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის 2002წ. 24 აპრილის განჩინებას იმ ნაწილში, რომ მას არ აქვს მიწის ნაკვეთის გასხვისების უფლება, რადგანაც სარჩელის საგანს წარმოადგენდა სახლი და არა _ მიწის ნაკვეთი. იგი არ იყო თანახმა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ აღნიშნული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცემოდა ს. ყ.-ს.

გ. ყ.-მ კერძო საჩივრით ითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2002წ. 24 აპრილის განჩინების გაუქმება და მოცემული საქმის არსებითად განხილვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინებით არ დააკმაყოფილა გ. ყ.-ის კერძო საჩივარი და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოცემულ საქმეში მხარეებად (მოპასუხეებად) ჩართულნი არიან გორის რაიონის გამგეობა და სოფ. ...-ის თემის საკრებულო. მხარეთა შორის მორიგების აქტს კი ხელს აწერენ მხოლოდ მოსარჩელე ს. ყ.-ი, მოპასუხე გ. ყ.-ი და მათი წარმომადგენლები. სოფ. ...-ის თემის საკრებულოს და გორის რაიონის გამგეობას მორიგების აქტის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღიათ. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული მორიგება ყველა მხარის მონაწილეობით უნდა მომხდარიყო.

გარდა ამისა, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საქმე მორიგებით დაამთავროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული მორიგების აქტი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. კერძოდ, მორიგების აქტი თავისი არსით წარმოადგენს გ. ყ.-ის ანდერძს, რომელსაც, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სხვა შედეგები შეიძლება მოჰყვეს და ამიტომ ამგვარი სახით მისი დამტკიცება სააპელაციო სასამართლოს მიერ უკანონოა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მოცემული საქმე არსებითად უნდა განიხილოს სააპელაციო სასამართლომ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ყ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 24 აპრილისა და 31 ოქტომბრის განჩინებები.

3. საქმე არსებითად განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.