№ას-667-634-2014 16 ოქტომბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – გ.ხ–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ვ. (მოსარჩელე), სს „პ.პ.“ (მოპასუხე, კასატორი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 მაისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ვ.ვ–ამ (შემდეგში - მოსარჩელე) 2013 წლის 22 მაისს სარჩელი აღძრა სს „პ.პ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე) წინააღმდეგ მიღებული შესრულების უკან დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. სარჩელის უზრუნველსაყოფად მოსარჩელემ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 მაისის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა აეკრძალა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 მაისის განჩინება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 274 698.11 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 535 071.50 ლარის, აგრეთვე, 1 274 698.11 ლარის წლიური 9%-ის გადახდა 2013 წლის 21 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა.
6. 2015 წლის 23 ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა გ.ხ–ამ (შემდეგში - განმცხადებელი) მის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნით. განმცხადებელი მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით იგი ცნობილ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული იმ უძრავი ქონების (თბილისში, ……, საკადასტორ კოდი .....) მესაკუთრედ, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიება, კერძოდ, აკრძალულია უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. განმცხადებლი საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ დარეგისტრირდა, თუმცა ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა ძალში დარჩა. ამდენად, განმცხადებელი მოითხოვს მითითებული აკრძალვის გაუქმებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
წარმოდგენილი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
8. პალატა განმარტავს, რომ სხვა სასამართლოს (ქვედა ინსტანციის სასამართლოს) მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების სამართლებრივი შესაძლებლობა საკასაციო სასამართლოს (ზედა ინსტანციის სასამართლოს) მხოლოდ მითითებული ნორმით გათვალისწინებულ შემთხვევებში აქვს.
9. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამრთლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება მითითებული გადაწყვეტილებით არ გაუქმებულა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე წარდგენილ განცხადებაზე, რომელიც გამოყენებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. პალატა მიიჩნევს, რომ მითითებულ საკითხზე უნდა იმსჯელოს იმ სასამართლომ, რომელმაც სადავო უზრუნველყოფის ღონიძიება გამოიყენა.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 186.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, წარმოდგენილი განცხადება, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვას არ ექვემდებარება და განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ხ–ას განცხადება დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი