№ას-667-634-2014 16 ოქტომბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ა.ხ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ვ. (მოსარჩელე), სს „პ.პ.“ (მოპასუხე, კასატორი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – საქმეში მესამე პირად ჩაბმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ვ. ვ-ამ (შემდეგში - მოსარჩელე) 2013 წლის 22 მაისს სარჩელი აღძრა სს „პ.პ-ის“ (შემდეგში - მოპასუხე) წინააღმდეგ მიღებული შესრულების უკან დაბრუნებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. სარჩელის უზრუნველსაყოფად მოსარჩელემ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 მაისის განჩინებით განმცხადებლის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა აეკრძალა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 მაისის განჩინება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 274 698.11 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 535 071.50 ლარის, აგრეთვე, 1 274 698.11 ლარის წლიური 9%-ის გადახდა 2013 წლის 21 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა.
6. 2015 წლის 12 ივნისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ა.ხ–ძემ (შემდეგში - განმცხადებელი) საქმეში მესამე პირად ჩაბმის მოთხოვნით. განმცხადებლის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხება მის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, კერძოდ, მან მოპასუხესთან გააფორმა ხელშეკრულება ავტოსადგომის ნასყიდობის თაობაზე, გადაუხადა მას ნასყიდობის საფასური 15 000 აშშ დოლარი. ავტოსადგომი ამჟამად განმცხადებლის მფლობელობაშია, თუმცა ვერ ახერხებს საჯარო რეესტრში თავის საკუთრებად აღრიცხვას, რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განჩინებით უძრავ ქონებაზე (თბილისი, …… ავტოსადგომი N89, საკადასტორ კოდი …….) გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიება, კერძოდ, აკრძალულია მისი გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) მეცხრე კარზე, რომლითაც განსაზღვრულია საქმის წარმოების წესები საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. დასახელებული კარის დებულებათა ანალიზით ირკვევა როგორც საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლები, ისე ამ ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მონაწილე სუბიექტები, რომლებიც სსსკ-ის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის (სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში) მიხედვით, არიან მხოლოდ მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით. სსსკ-ის არც ერთი ნორმა ახალი მხარისა თუ სუბიექტის ჩაბმას საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ ითვალისწინებს.
8. განმცხადებელი მიუთითებს, რომ მას დავის საგანზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა აქვს, რომელსაც დავაში მესამე პირად ჩართვის შემდეგ წარადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს სსსკ-ის 88-ე მუხლის პირველ ნაწილზე (თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) და განმარტავს, რომ მესამე პირის სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება ერთდროულად.
9. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი (საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები) ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ამ ინსტანციის სასამართლოში საქმეში ახალი სუბიექტი ვერ ჩაებმება იმიტომაც, რომ სასამართლო მისი მოთხოვნის მართებულობაზე ვერ იმსჯელებს და მოსაზრებებს ვერ გამოიკვლევს. აღსანიშნავია ისიც, რომ საკასაციო სასამართლოში დავის საგნის გაზრდა და სარჩელის შეტანა დაუშვებელია (სსსკ-ის 406-ე მუხლი).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს განმცხადებლის საქმეში მესამე პირად ჩაბმის სამართლებრივი წინაპირობები, რაც განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ხ–ძის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი