№ას-667-634-2014 16 ოქტომბერი, 2015 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „პ.პ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ვ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მიღებული შესრულების უკან დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სს „პ.პ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მენარდე, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) და ვ.ვ–მ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც შემკვეთი, მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) 2007 წლის 21 მაისს გააფორმეს N2-13, N2-14, N4-7, N4-8 შეთანხმებები, რომლებიც დასათაურებულია, როგორც „უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო შეთანხმებები, ხელშეკრულებები). ხელშეკრულებათა მიხედვით, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის დაემზადებინა და საკუთრებაში გადაეცა უძრავი ნივთები (საცხოვრებელი ბინები და ავტოსადგომები მრავალბინიან სახლში) შეთანხმებული საზღაურის (1 152 000 აშშ დოლარის) გადახდის სანაცვლოდ. მითითებულ ხელშეკრულებებში, 2008 წლის 24 ნოემბერის შეთანხმებებით, ცვლილება შევიდა, კერძოდ, N2-13 და N2-14 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული უძრავი ქონება ერთ საცხოვრებელ ბინად გაერთიანდა, იმავეზე შეთანხმდნენ მხარეები N4-7 და N4-8 ხელშეკრულებათა საგნების მიმართაც. ზემოხსენებული შეთანხმებებით შეიცვალა ხელშეკრულებების საერთო ღირებულებაც და განისაზღვრა 1 165 541 აშშ დოლარით.
2. მოსარჩელემ შეთანხმებულ ვადაში გადაიხადა ასაშენებელი უძრავი ქონების საფასურის ნაწილი - 786 656.45 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. 15.03.2009 წლის შემდეგ მას დარჩენილი თანხა (378 844.55 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) აღარ გადაუხდია.
3. 2009 წლის 5 ოქტომბერს მოპასუხემ N159/09 წერილით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ, ვალდებულების დარღვევის გამო, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებები შეწყვეტილი იყო 2009 წლის 1 ივლისიდან და მოსარჩელეს გადახდილი თანხა, ბესა და პირგასამტეხლოს გამოკლებით, უძრავ ქონებათა მესამე პირზე მიყიდვის შემდეგ დაუბრუნდებოდა.
4. 2011 წლის 18 ივლისს წერილობითი პრეტენზიით მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. მოპასუხემ, საპასუხო წერილობითი პრეტენზიით, მოთხოვნილი თანხიდან, ხელშეკრულებათა 5.4. პუნქტების შესაბამისად (თუ მყიდველმა კანონიერი საფუძვლის გარეშე უარი თქვა ძირითადი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, გამყიდველს უფლება აქვს, მოითხოვოს პირგასამტეხლო წინამდებარე ხელშეკრულების მე–8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის 0.1 პროცენტის ოდენობით თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის. საურავი დაირიცხება ოცდაათი კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ გამყიდველს უფლება აქვს, მყიდველის შეტყობინების გარეშე ნასყიდობის საგანი მიჰყიდოს მესამე პირს. ამ შემთხვევაში „ბე“ რჩებოდა მის მიმღებს, ამასთან, იგი ჩაითვლებოდა ზიანის ანაზღაურების ანგარიშში, ხოლო ავანსად გადახდილი თანხა დაუბრუნდება მყიდველს ნასყიდობის საგნის მესამე პირისათვის მიყიდვისთანავე. ნასყიდობის საგნის მესამე პირისათვის წინამდებარე ხელშეკრულების მე–8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფასზე ნაკლებ ფასად მიყიდვის შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია, გამყიდველს გადაუხადოს სხვაობა მესამე პირთან გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასსა და წინამდებარე ხელშეკრულების მე–8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფასს შორის, გამყიდველის მიერ მყიდველისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან ათი დღის ვადაში), შესრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს, ბე-სა და სადავო ფართის რეალიზაციის შედეგად მიღებული სხვაობის გაქვითვა მოითხოვა.
5. 2013 წლის 22 მაისს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და გადახდილი თანხის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა. 2013 წლის 1 ნოემბერს მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და, საბოლოოდ, შემდეგი მოთხოვნები წაუყენა მოპასუხეს:
5.1. 1 274 698.11 ლარის (786 656.45 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის) დაბრუნება;
5.2. 1 274 698.11 ლარის წლიური 9%-ის (535 077.50 ლარის) გადახდა 2009 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 21 აპრილამდე;
5.3. 1 274 698.11 ლარის წლიური 9%-ის გადახდა 2013 წლის 21 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
მოსარჩელის მტკიცებით, წინარე ხელშეკრულებების საფუძველზე მან მოპასუხეს ავანსად 786656.45 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გადაუხადა. ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად კი, მოპასუხეს წარმოეშვა მითითებული თანხის მისთვის დაბრუნების ვალდებულება. მოსარჩელემ მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვა, კერძოდ, რასაც იგი მიიღებდა ავანსად გადახდილი თანხის ბანკში ვადიან ანაბარზე წლიური 9%-იანი სარგებლით განთავსების შემთხვევაში, 2009 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 21 აპრილამდე (322 927.90 აშშ დოლარის ეკვივალენტი 535 077.50 ლარი) და 2013 წლის 21 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
6. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, მან განმარტა, რომ მოსარჩელემ ავანსად სულ გადაიხადა 784 446 აშშ დოლარი და არა - 786 656.45 აშშ დოლარი. მოპასუხის განმარტებით, 784 446 აშშ დოლარიდან მას გადასახდელი აქვს 615 541.86 აშშ დოლარი, ვინაიდან ავანსად მიღებულ თანხას უნდა გამოაკლდეს (გაიქვითოს) მოსარჩელის მიერ მისთვის გადასახდელი შემდეგი თანხები: ა) ბე - 4000 აშშ დოლარი; ბ) პირგასამტეხლო - 10 170.87 აშშ დოლარი; გ) N7 და #8 ბინების გაყოფაზე გაწეული ხარჯი - 11 536.26 აშშ დოლარი; დ) N7 ბინის გაყიდვის სხვაობა - 90 761.75 აშშ დოლარი; ე) N8 ბინის გაყიდვის სხვაობა - 27 733.66 აშშ დოლარი; ვ) N13 და N14 ბინების გაყიდვის სხვაობა - 24 701 აშშ დოლარი. მოპასუხის განმარტებით, მას ზიანის ანაზღაურება არ უნდა დაეკისროს, ვინაიდან, ხელშეკრულების 5.4 პუნქტის მიხედვით, ავანსად გადახდილი თანხა მოსარჩელეს დაუბრუნდება ნასყიდობის საგნის მესამე პირისათვის მიყიდვის და არა ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა:
7.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 274 698.11 ლარის გადახდა;
7.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 535 071.50 ლარის, აგრეთვე, 1 274 698.11 ლარის წლიური 9%-ის გადახდა 2013 წლის 21 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
8. პირველი ინსტანციის სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 316-ე, 317-ე, 352.1-ე, 405-ე, 408.1, 411-412-ე მუხლები და განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოპასუხეს წარმოეშვა ავანსად მიღებული თანხის დაბრუნების ვალდებულება.
9. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნების ვალდებულება მას წარმოეშვა არა ხელშეკრულების შეწყვეტის, არამედ ქონების მესამე პირზე გასხვისების მომენტიდან. სასამართლოს მოსაზრებით, მითითებული პირობა ბათილი იყო სსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან ნასყიდობის საგნის მესამე პირზე მიყიდვა დამოკიდებული იყო მოპასუხის ნებაზე.
10. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა ზიანი - მიუღებელი შემოსავალი, კერძოდ, ის თანხა, რასაც იგი მიიღებდა ავანსად გადახდილი თანხის საბანკო ანაბარზე განთავსების შემთხვევაში დარიცხული სარგებლის სახით. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, დასაბუთებული იყო მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 1 274 698.11 ლარის წლიური 9%-ის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების 1.1 პუნქტის გაუქმება მისთვის 1 052 575 ლარის ზემოთ (222 114.11 ლარის) თანხის დაკისრების ნაწილში, ასევე, გადაწყვეტილების 1.2 პუნქტის გაუქმება, რომლითაც მას დაეკისრა 535 071.50 ლარისა და 1 274 698.11 ლარის წლიური 9%-ის გადახდა 2013 წლის 21 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის შედავება, რომ ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილი თანხა შეადგენდა 784 446 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს და არა - 786 656.45 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს და მიუთითა საქმის მასალებში წარდგენილ 21.04.2013 წლის აუდიტორულ ანგარიშზე, რომელშიც გამოკვეთილია აპელანტისათვის გადარიცხული თანხის - 786 656.45 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (1 274 698.11 ლარის) დაანგარიშების საფუძველი და ოდენობა. ამ მტკიცებულების გაბათილება, სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ ვერ შეძლო, ამიტომ მისი პრეტენზია დაუსაბუთებელი იყო. აქედან გამომდინარე, 1 274 698.11 ლარის (786 656.45 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის) მოპასუხისათვის დაკისრება სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია.
14. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელისათვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე და მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების ამ ნაწილში მოპასუხეს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ მითითებული თანხების გაქვითვა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი) მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ მოპასუხე წარადგენდა შეგებებულ სარჩელს. პალატის განმარტებით, მოპასუხის ზემოხსენებული მოთხოვნა სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევიდან გამომდინარეობს, ამიტომ ასეთი მოთხოვნის წაყენება შესაძლებელია შეგებებული სარჩელის წარდგენით, რომელიც მოპასუხეს არ აღუძრავს.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის ნაწილობრივ (1 052 575 ლარის ზემოთ დაკისრებული თანხის ნაწილში) უარყოფა მოითხოვა, შემდეგ პრეტენზიებზე მითითებით:
16.1. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების 5.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, ბეს, ზიანისა და ფასთა შორის სხვაობის გაქვითვისათვის შეგებებული სარჩელის აღძვრა იყო აუცილებელი. ასეთ შემთხვევაში, აზრი ეკარგება შესაგებლის წარდგენას, რომლითაც მოპასუხე თავს იცავს სარჩელისაგან. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ შეძლო და დაამტკიცა გარემოებები, რომლებზეც იგი თავის შესაგებელს ამყარებდა, სასამართლომ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.
16.2. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელშეკრულებების საფუძველზე მყიდველისათვის გადახდილი თანხა შეადგენს 786 656.45 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, რაც არასწორია. მოპასუხემ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარადგინა თანხის გადახდის ქვითრები და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის მიმართ უცხოური ვალუტის (აშშ დოლარის) გაცვლის ოფიციალური კურსის სია გადახდის თარიღების შესაბამისად. გადახდილი თანხების გაანგარიშება არ მოითხოვს რაიმე სპეციალურ ცოდნას და, მითითებულ მტკიცებულებათა საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეეძლო, გადაემოწმებინა აუდიტორული ანგარიში. მიუხედავად ამისა, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ აუდიტის დასკვნას.
16.3. არასწორია სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ნაწილში. მოპასუხის მიერ მყიდველისათვის დასაბრუნებელი თანხა ჯამში 615 542 აშშ დოლარია და დაბრუნების ვალდებულება მას წარმოეშვა არა 2009 წლის 1 ივლისს, არამედ მესამე პირებისათვის ნასყიდობის საგნის მიყიდვის შემდეგ. ამასთან, მოპასუხეს არასდროს უთქვამს უარი მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით თანხის მოსარჩელისათვის დაბრუნებაზე. ვინაიდან მოსარჩელის მთავარ ინტერესს წარმოადგენდა უძრავი ქონების შეძენა, მოპასუხემ რამდენჯერმე შესთავაზა ალტერნატივა, მაგრამ მყიდველი არ გამოეხმაურა. ბოლოს, გრაფიკის დაცვით თანხის დაბრუნება შესთავაზა, თუმცა მოსარჩელემ არც ამ შეთავაზებას არ უპასუხა.
17. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენებისა და განმარტების კუთხით ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. უპირველესად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო ხელშეკრულებათა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებებად კვალიფიკაციის თაობაზე და განმარტავს, რომ მითითებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები არ მოიცავს ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ნიშნებს. პალატა მიიჩნევს, რომ 2007 წლის 21 მაისის ხელშეკრულებები სამართლებრივად არა ნასყიდობის, არამედ ნარდობის ხელშეკრულებებია. მართალია, მათში საუბარია უძრავ ქონებათა ნასყიდობაზე, თუმცა მხოლოდ ამაზე მითითება ვერ განაპირობებს ხელშეკრულებათა ნასყიდობის ხელშეკრულებად დაკვალიფიცირებას. ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ის არსებითი უფლება-მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ გარიგების შედეგად და არა - ზოგადი დათქმები ან ხელშეკრულების სათაური. ნასყიდობის ხელშეკრულება მიმართულია უკვე არსებული საქონლის გადაცემასთან. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაურის გადახდის სანაცვლოდ, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ამავე ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით აეშენებინა და მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაეცა წინასწარ განსაზღვრული საცხოვრებელი ბინები და ავტოსადგომები. აქედან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ხელშეკრულებებს ნარდობის ხელშეკრულების შინაარსი აქვთ. ნარდობის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შრომითი საქმიანობის შედეგი. ნასყიდობა კი, განსხვავებით ნარდობის ხელშეკრულებისაგან, საქონლის წარმოება - დამზადებასთან დაკავშირებულ ურთიერთობას არ არეგულირებს (შდრ: იხ. სუსგ №ას-1162-1091-2012, 7.03.2013).
20. შემკვეთის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, ხელშეკრულებაზე მენარდის უარს ნარდობის ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები არ ითვალისწინებს (გარდა 647.2 მუხლისა, რომელიც განსხვავებულ შემთხვევას აწესრიგებს), რის გამოც მენარდის ხელშეკრულებიდან გასვლისას ვალდებულებითი ურთიერთობის უკუქცევისათვის გამოყენებული უნდა იქნეს ვალდებულებითი სამართლის შესაბამისი ზოგადი ნორმები.
21. სსკ-ის 352.1 მუხლი (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება) განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმის) სამართლებრივ შედეგს. იგი გამოიხატება მხარეებისათვის მიღებული შესრულებისა და სარგებლის დაბრუნებაში. ამავე კოდექსის 405-ე მუხლი კი, ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის წესსა და სავალდებულო წინაპირობებს, შესაბამისად, სსკ-ის 352-ე და 405-ე მუხლები მხოლოდ ერთობლივად გამოიყენება.
22. განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ შემკვეთის მოთხოვნა მენარდისათვის ავანსად გადაცემული თანხის დაბრუნების თაობაზე სსკ-ის 352.1 მუხლს ეფუძნება. ამ მოთხოვნის საფუძვლიანობის გასარკვევად უნდა შემოწმდეს, შესრულებულია თუ არა მითითებული ნორმის წინაპირობები, კერძოდ, არსებობს თუ არა ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი და ხომ არ იკვეთება ხელშეკრულებიდან გასვლის გამომრიცხველი გარემოებები. სსკ-ის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველ წინადადების მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმის შესაბამისად, ხელშეკრულებაზე უარი ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიერ დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრაჰენტი არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას და დამატებით განსაზღვრულ ვადაშიც არ ასრულებს მას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა, რომ შემკვეთმა დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, არ გადაიხადა ნარდობის საზღაური შეთნხმებული გრაფიკის მიხედვით. ამ დარღვევის გამო მენარდე გავიდა ხელშეკრულებიდან, რის თაობაზეც წერილობით აცნობა შემკვეთს. უდავოა, რომ შემკვეთი არ შესდავებია მენარდეს ხელშეკრულებიდან გასვლის გამო და არც ხელშეკრულებიდან გასვლის გამომრიცხველ გარემოებებზე არ მიუთითებია, პირიქით, იგი დაეთანხმა ხელშეკრულებიდან მენარდის გასვლას და მოითხოვა მის მიერ ავანსად გადაცემული თანხის მენარდისაგან დაბრუნება.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შემკვეთისათვის 786 656.45 აშშ დოლარის ეკვივალენტი 1 274 698.11 ლარის დაბრუნება კანონიერია, ვინაიდან ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შედეგი რესტიტუციაა. ამ დროს თავდაპირველი ვალდებულებითი ურთიერთობის ადგილს იკავებს უკუქცევის შედეგად წარმოშობილ შესრულებათა უკან დაბრუნების ურთიერთობა, რაც ხელშეკრულების დადების შემდეგ შესრულებათა გაცვლამდე არსებული ვითარების აღდგენას გულისხმობს, ანუ ხელშეკრულებიდან გასვლით წარმოიშობა ახალი ვალდებულება (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება). მოცემულ შემთხვევაში, მენარდე, რომელიც რესტიტუციის მოვალეა, ვალდებულია, შემკვეთს დაუბრუნოს უძრავი ქონების ასაშენებლად ამ უკანასკნელის მიერ ავანსად გადახდილი თანხა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, მოპასუხისათვის 1 274 698.11 ლარის დაკისრების ნაწილში, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს (სსსკ-ის 410-ე მუხლი).
24. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას მენარდისათვის ავანსად გადაცემული თანხის არასწორად დაანგარიშების თაობაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 16.2 პუნქტი), ვინაიდან ეს გაანგარიშება ემყარება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ აუდიტის დასკვნას, რომლის საპირწონედ მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. ასეთ მტკიცებულებად სასამართლო არ განიხილავს მხოლოდ გადახდის ქვითრებსა და სტატისტიკურ მონაცემებს ლარის მიმართ უცხოური ვალუტების გაცვლის ოფიციალური კურსების თაობაზე, ვინაიდან სადავო გარემოების დადგენა შეუძლებელია მათში მითითებული მონაცემების დამუშავების გარეშე (რისთვისაც სპეციალური ცოდნაა საჭირო), შესაბამისად, სწორედ სპეციალისტის მიერ შედგენილი დასკვნა უნდა წარმოედგინა კასატორს მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნის საპირწონედ.
25. მოსარჩელის მეორე მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებაა, რომელიც სსკ-ის 352.1 მუხლით განსაზღვრული რესტიტუციის ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარეობს და ამავე მუხლის მეხუთე ნაწილითაა გათვალისწინებული, კერძოდ, სსკ-ის 352.5 მუხლის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ვალდებულებათა დარღვევისათვის, 394-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. სსკ-ის 394.1 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია, მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. იურიდიულ დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, სსკ-ის 352.5 მუხლის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ გულისხმობს პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას. პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგი უკვე გამოვლენილია ამ ნორმის გამოყენებისას - მხარეები გავიდნენ ხელშეკრულებიდან და მათ წარმოეშვათ ნატურით დაბრუნების ვალდებულება. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, 394-ე და 352.5 მუხლების საფუძველზე გამოყენების შემთხვევაში, ვრცელდება არა ხელშეკრულებიდან გასვლის (ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის) გამო წარმოშობილ ზიანზე, არამედ ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად დადგენილ ნატურით დაბრუნების ვალდებულების დარღვევაზე, რის შედეგადაც კრედიტორს მიადგა ზიანი. შესაბამისად, 394-ე მუხლით დადგენილი ზიანის ანაზღაურების წინაპირობას (მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მუხლი გამოიყენება 352.5 მუხლის საფუძველზე) წარმოადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის ფაქტი და გასვლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობა (იხ. სახელშეკრულებო სამართალი, ავტორები: ზ.ძლიერიშვილი, გ.ცერცვაძე, ი.რობაქიძე, გ.სვანაძე, ლ.ცერცვაძე, ლ.ჯანაშია, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი 2014, გვ. 513).
26. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს სსკ-ის 352.5 და 394.1 მუხლებით დადგენილი ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, კერძოდ, ნარდობის ორმხრივი ხელშეკრულებიდან მენარდის გასვლისა და ამ უკანასკნელის მიერ გასვლის შედეგად წარმოშობილი რესტიტუციის ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მენარდის (რესტიტუციის მოვალის) მიერ რესტიტუციის ვალდებულების დარღვევა იმაში გამოიხატა, რომ მან შემკვეთს (რესტიტუციის კრედიტორს) არ დაუბრუნა ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე ავანსად მიღებული ნარდობის საზღაური, რითაც შემკვეთმა დაკარგა ამ თანხის გამოყენებისა (მაგალითად, ბანკში ანაბარზე განთავსებისა) და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა (სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო).
27. რესტიტუციის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ფაქტის დასადგენად, მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ როდის უნდა შეასრულონ მხარეებმა ეს ვალდებულება. სსკ-ის 354-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად წარმოშობილი ვალდებულებები მხარეებმა ერთდროულად უნდა შეასრულონ. იურიდიულ დოქტრინაში გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, უკან დაბრუნების ურთიერთობები განსხვავებულად მოაწესრიგონ, ვიდრე ამას 354-ე მუხლი ითვალისწინებს. ამდენად, განსახილველი მუხლის შინაარსი დისპოზიციურია. თუ მხარეთა შორის რაიმე სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, მაშინ გამოიყენება 354-ე მუხლის წესი (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი 2001, გვ. 254-255).
28. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა ხელშეკრულების 5.4 პუნქტით მოაწესრიგეს ხელშეკრულების შესასრულებლად გადაცემულის (შემკვეთის მიერ ავანსად გადახდილი ნარდობის საზღაურის) უკან დაბრუნების ურთიერთობები, კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, ავანსად გადახდილი თანხა დაუბრუნდება მყიდველს ნასყიდობის საგნის მესამე პირისათვის მიყიდვისთანავე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ეს დათქმა უშუალოდ მხარეთა მიერ ინდივიდუალურად შეთანხმებული პირობაა, რომელიც სახელშეკრულებო სამართალში მოქმედი მხარეთა ნების ავტონომიის, კერძოდ, ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის პრიციპის გამოვლინებაა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომელიც მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის (სსკ-ის 319.1 მუხლი). კერძო სამართალში აღიარებული ნების ავტონომია სწორედ იმას გულისხმობს, რომ მხარეებმა საკუთარი ინტერესების ფორმირება თავისუფლად, თავიანთსავე ნებაზე დაფუძნებულ სახელშეკრულებო პირობებში გამოხატონ. პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს და საქმის მასალებიდანაც არ იკვეთება და არც მხარეები არ მიუთითებენ, რომ მოცემული პირობა ხელშეკრულების სტანდარტული პირობაა, ამიტომ სასამართლო არ ამოწმებს მის ნადვილობას სსკ-ის 342-348-ე მუხლების საფუძველზე. ზემოხსენებული პირობის შინაარსის შეფასებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შემკვეთის მიერ ავანსად გადახდილი თანხა გახარჯულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმ უძრავი ქონების შექმნაზე (აშენებაზე), რომელიც შემკვეთს უნდა გადასცემოდა საკუთრებაში. ამ უკანასკნელმა კი, დაარღვია რა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მენარდე გავიდა ხელშეკრულებიდან, რასაც შემკვეთი სადავოდ არ ხდის. შესაბამისად, მივიღეთ ისეთი ვითარება, როდესაც შემკვეთს აღარ სურს, საკუთრებაში მიიღოს მისი სახსრებით დამზადებული ნარდობის საგანი, რის გამოც მენარდე იძულებულია, გაასხვისოს ეს ქონება და მიღებული თანხა გადაუხადოს შემკვეთს. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ავანსის დაბრუნების თაობაზე მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობა არ ეწინააღმდეგება ვალდებულების პირობათა სამართლიანობის საფუძველზე განსაზღვრის პრინციპს (სსკ-ის 325-ე მუხლი). ამდენად, პალატის მოსაზრებით, სადავო პირობაზე მენარდე და შემკვეთი ურთიერთშესატყვისი ნების გამოვლენით შეთანხმდნენ და იგი ნამდვილია. დაუსაბუთებელია შემკვეთის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებიდან გასვლით მენარდემ უარი თქვა ზემოხსენებულ შეთანხმებაზე, ანუ სადავო პირობის გამოყენებაზე. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სწორედ ხელშეკრულებიდან გასვლით მოიპოვა მენარდემ შემკვეთის სახსრებით დამზადებული ნარდობის საგნის გასხვისების უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ხელშეკრულების შესრულება დაევალებოდა.
29. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რესტიტუციის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანი შემკვეთს უნდა აუნაზღაურდეს არა 2009 წლის 1 ივლისიდან (ხელშეკრულებაზე უარის თქმის მომენტიდან), არამედ სარჩელის შეტანის მომენტიდან, ვინაიდან შემკვეთის სახსრებით დამზადებული ნარდობის საგნების გასხვისება ამ დროისათვის დასრულდა. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება მითითებულ ნაწილში ნაწილობრივ დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე (სსსკ-ის 411-ე მუხლი). ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, საკასაციო პალატა მოიხმობს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგავაროვან სასამართლო პრაქტიკას, რომლის მიხედვით, მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია, შესაბამისად, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. განსახილველ შემთხვევაში, მიუღებელი შემოსავალი ფულის დაუბრუნებლობას უკავშირდება. ფულის განსაკუთრებული უნარის გათვალისწინებით, მისი ფლობა ყოველთვის ქმნის შემოსავლის მიღების პრეზუმფციას (შდრ: იხ. #ას-1294-1314-2011, 31.10.2011; #ას-511-484-2015, 30.09.2015; #ას-873-835-2014, 09.10.2015). საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ფულის დროულად გადაუხდელობით გამოწვეული „მინიმალური ზიანი“ მერყეობს წლიური 7-10%-ის ფარგლებში და, როგორც წესი, გამოიანგარიშება საბანკო ანაბარზე შეტანილი თანხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მიუღებელი შემოსავლის თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან (შდრ: იხ. #ას-1294-1314-2011, 31.10.2011). ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავლის - ავანსად გადახდილი თანხის წლიური 9%-ის დაკისრების თაობაზე კასატორს დასაბუთებული პრეტენზია და არც რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პროცენტის შეცვლის აუცილებლობას დაასაბუთებდა.
30. საკასაციო პალატა არ იზიარებს წინამდებარე განჩინების 16.1 პუნქტში მითითებულ კასატორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა სარჩელისაგან თავდაცვის საშუალებად იცნობს როგორც შესაგებლის (სსსკ-ის 201-ე მუხლი), ისე - შეგებებული სარჩელის (სსსკ-ის 188-ე-190-ე მუხლები) წარდგენის ინსტიტუტს. მათ შორის არსებითი სხვაობა ისაა, რომ შესაგებლით მხარე უარყოფს მის წინააღმდეგ წარდგენილ მოთხოვნებს, იმგვარად, რომ თავად რაიმე მოთხოვნას მოსარჩელის მიმართ არ აყენებს. შეგებებული სარჩელის პირობებში კი, მოპასუხე სამართლებრივად უთანაბრდება მოსარჩელეს, რომელსაც ასევე გარკვეული მოთხოვნა აქვს მოსარჩელის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, მენარდე შესაგებლით უარყოფს მის წინააღმდეგ წარდგენილ მოთხოვნებს და იმავდროულად შემკვეთისაგან მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურების თაობაზე მენარდეს შეგებებული სარჩელი უნდა აღეძრა, რაც მას არ გაუკეთებია, შესაბამისად, სასამართლო ვერ იმსჯელებდა მენარდის მიერ შესაგებელში დაყენებულ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე (შდრ: იხ. სუსგ №ას-356-335-2014, 23.01.2015; №ას-406-386-2015, 20.07.2015).
31. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
32. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე 7000 ლარი (ტ. I, ს.ფ. 444), ხოლო საკასაციო საჩივარზე 8000 ლარი (ტ. II, ს.ფ. 88) აქვს გადახდილი. სსსკ-ის 53-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრება სარჩელის დაუკმაყოფილებელი ნაწილის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის - 5 161.00 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
33. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „პ.პ–ს“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სს „პ.პ–ს“ სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 პუნქტი ზიანის ანაზღაურების, ასევე, ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების თაობაზე;
3. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებულ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. ვ.ვ–ს სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
5. სს „პ.პ–ს“ ვ.ვ–ს სასარგებლოდ დაეკისროს 1 274 698.11 ლარის წლიური 9%-ის გადახდა 2013 წლის 22 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
6. ვ.ვ–ს სს „პ.პ–ს“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის – 5 161.00 ლარის გადახდა;
7. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დანარჩენ ნაწილში დაჩეს უცვლელად;
8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი