Facebook Twitter

საქმე №ას-1027-2018 23 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ს. ა. ყ. შ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩნებაზე, საქმეზე – ს. ი-ის სარჩელის გამო, ს. ა. ყ. შ-ის მიმართ, ალიმენტის დაკისრებისა და არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საქმის მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. ა. ყ. შ-ის საკასციო საჩივარს საკასაციო პრეენზიის 50 (ორმოცდაათი) ლარით გაზრდის ნაწილში უარი უნდა ეთქვას მიღებაზე, ხოლო დანარჩენ ნაწილში წარმოებაში უნდა იქნას მიღებული შემდეგი გარემოებების გამო:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით ს. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; არასრულწლოვანი ს.ბ. გ-ი ს-ის საცხოვრებელი ადგილად განისაზღვრა დედის, ს. ი-ის საცხოვრებელი ადგილი; ს. ა. ყ. შ-ს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა დაკისრებული ალიმენტის 150 ლარამდე შემცირება. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ნაწილობრივ დაეთანხმა გადაწყვეტილებას, 2017 წლის 15 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილება ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 ლარის დქაკისრების ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩინებით ს. ა. ყ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გადასახდელი ალიმენტის 100 ლარით განსაზღვრა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო წარმოებისას მხარე მოკლებულია შესაძლებლობას გაზარდოს მოთხოვნა.

განსახილველ შემთხვევაში, ს. ა. ყ. შ-ს გაზრდილი აქვს მოთხოვნა 50 ლარით, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში მისი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას.

რაც შეეხება საკასაციო საჩივარს, დაკისრებული ალიმენტის 150 ლარამდე შემცირების მოთხოვნის ნაწილში, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, იგი წარმოებაში უნდა იქნას მიღებული ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, განსახილველად მიღების შემდეგ საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები უნდა გადაეგზავნოს მეორე მხარეს, რომელსაც საკასაციო სასამართლო დაუნიშნავს ვადას საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო პასუხის წარმოდგენის ვადა უნდა განესაზღვროს 5 დღით.

საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი გადახდილია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, მე-400, 401-ე, 406-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ა. ყ. შ-ის საკასაციო საჩივარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 მაისის განჩნებაზე, გაზრდილი საკასაციო პრეტენზიის ნაწილში უარი ეთქვას მიღებაზე.

2. ს. ა. ყ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

3. მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნოს საკასაციო საჩივრის ასლი და განემარტოს, რომ მათ უფლება აქვს, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი.

4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს სამოქალაქო საქმეთა პალატა განიხილავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილ ვადაში (არა უგვიანეს 2018 წლის 23 ოქტომბრისა) მხარეთა დასწრების გარეშე, რის თაობაზეც ეცნობოთ მხარეებს.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე