საქმე №ას-856-800-2017 20 ოქტომბერი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ შპს „ხ-ო“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა-ი+“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ნარდობის საზღაურისა და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ა-ი +-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი, მენარდე ან გამყიდველი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ხ-ოს“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, მოვალე, შემკვეთი ან მყიდველი) მიმართ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 87 039 ლარისა და ზიანის _ 9 078 ლარის (მიუღებელი შემოსავალი) მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 7 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, მოპასუხისათვის მიეწოდებინა წვრილმარცვლოვანი ასფალტბეტონი. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 10 მარტიდან 2014 წლის აპრილამდე მოსარჩელემ შემკვეთს 116 474 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა. 2014 წლის 13, 14, 15 და 20 მარტს მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულებები გაფორმდა, რომელთა ფარგლებში მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა შეესრულებინა გზების შეკეთების სამუშაოები (ფრეზირება) ქ.თბილისში, ხოლო დამკვეთს, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტისა და ფორმა #2-ის საფუძველზე უნდა გადაეხადა შესაბამისი ღირებულება. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მომსახურებას მოსარჩელე ქვენარდობის საფუძველზე ასრულებინებდა შპს „ს-იას“ (შემდგომში _ ქვეკონტრაქტორი), რის თაობაზეც, ცნობილი იყო შემკვეთისათვის. საბოლოო ჯამში, ნარდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, შესრულებულია 283 232 ლარის ღირებულების სამუშაო, რაც დადასტურებულია საგადასახადო ანგარიშფაქტურებითა და მხარეების მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტებით. 2014 წლის 20 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 23 874 ლარის ღირებულების სამუშაო შემკვეთის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტისა და ანგარიშფაქტურის საფუძველზე არ იქნა დადასტურებული, თუმცა, ქვეკონტრაქტორთან 2014 წლის 30 აპრილს გაფორმებული #44 მიღება-ჩაბარების აქტითა და 2014 წლის 14 მაისის ანგარიშფაქტურით დგინდება, რომ მოსარჩელემ მენარდისაგან მიიღო შესრულებული სამუშაო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის დავალიანება 2014 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით 2014 წლის 20 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 87 039 ლარს შეადგენს. ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო კრედიტორმა განიცადა მატერიალური ზიანი (მიუღებელი შემოსავლის სახით). იგი, როგორც იურიდიული პირი, ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, რაც მოპასუხისთვის სავარაუდოა. სამართლიანი საორიენტაციო თანხა, რომლის მოტანაც დავალიანებულ თანხას შეეძლო თვიური 2,1%-ია, ხოლო ყოველდღიურად _ 0,07%. 2012 წლის 20 მარტის ხელშეკრულების 2.2. მუხლის თანახმად, დამკვეთს ანგარიშსწორება უნდა მოეხდინა მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენიდან 15 საბანკო დღის განმავლობაში. შესრულებული სამუშაოების შესახებ 2014 წლის 24 აპრილის აქტით გათვალისწინებული ანაზღაურების ვალდებულება შემკვეთს წარმოეშვა 2014 წლის 12 მაისიდან, ამ დროისათვის გადასახდელი თანხა შეადგენდა 63 165 ლარს, ამ დროიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 6 807 ლარი. 2014 წლის 14 მაისს მოპასუხეს წარედგინა მიღება-ჩაბარების აქტი 23 874 ლარზე. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების მიღება მოპასუხეს ხელმოწერით არ დაუდასტურებია, იგი არ თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისაგან, შესაბამისად, თანხის გადახდის ბოლო ვადა 2014 წლის 31 მაისი იყო. პირველი ივნისიდან სარჩელის წარდგენამდე (16.10.2014წ.) ვადაგადაცილებამ შეადგინა 136 დღე, მიყენებულმა ზიანმა _ 2 271 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის ფარგლებში განმარტა, რომ მხარეთა შორის მართლაც არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელემ შეასრულა სამუშაოები, თუმცა არა 2014 წლის 14 მაისის შესრულებული სამუშაოების შესახებ #3 აქტში. ამ ფასებს არ დაეთანხმა შემკვეთი და არ დაადასტურა მიწოდებული ინფორმაცია, სხვა მხრივ, ყველა სამუშაოს ღირებულება ანაზღაურებულია. სასარჩელო განცხადების მიღების შემდგომ მოპასუხემ გადაამოწმა მიწოდებული დოკუმენტაცია და გამოარკვია, რომ მენარდე აწვდიდა გაყალბებულ მონაცემებს, კერძოდ, დოკუმენტაციის შესაქმნელად გამოყენებულია ფირმის ბეჭედი და დირექტორის ფაქსიმილია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 23 874 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დავალიანების ძირი თანხის _ 63 165 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 9 078 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მენარდის სარჩელი შემკვეთის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მენარდის სასარგებლოდ დაეკისრა 87 039 ლარის გადახდა, ხოლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის ფაქტობრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორც დავალიანების არსებობის ფაქტი, ისე _ მისი დადასტურების შემთხვევაში, შემკვეთისათვის ანაზღაურების დაკისრების კანონიერება. ამ თვალსაზრისით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მენარდემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მისი მოთხოვნა შემკვეთისათვის დავალიანების დაკისრების ნაწილში საფუძვლიანი იყო, რასაც არ ეთანხმება კასატორი და მიიჩნევს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი (სსსკ-ის 393-ე მუხლი).
1.2. საკასაციო პრეტენზიის ფარგლები:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი განმარტება მისცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 133-ე მუხლებს და მხარის აღიარება, რომელიც სათანადოდ არ ყოფილა გაქარწყლებული, არასწორად არ დაუდო საფუძვლად გადაწყვეტილებას (სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი). უფრო კონკრეტულად, კასატორი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 24 აპრილს გაფორმებული #6 მიღება-ჩაბარების აქტიდან გამომდინარე შესრულების ღირებულების _ 162 990,21 ლარის მიღება 2015 წლის 6 ოქტომბრის სხდომაზე აღიარა მენარდემ და შემკვეთი, როგორც მოპასუხე მხარე, აღარ იყო ვალდებული, დაედასტურებინა ამ ნაწილში შესრულების გზით ვალდებულების შეწყვეტის ფაქტი, თავის მხრივ, მოსარჩელემ აღიარების გაქარწყლების მიზნით მიუთითა კანონის არცოდნაზე, რაც არ არის საკმარისი.
1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და მათი სავალდებულობა საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
კასატორის შედავების საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილ, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა წინააღმდეგაც დასაშვები/დასაბუთებული პრეტენზია არ ყოფილა კასატორის მხრიდან წარმოდგენილი (სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)):
1.3.1. მხარეები იმყოფებოდნენ ნასყიდობისა და ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში 2014 წლის 7 მარტის, 2014 წლის 13 მარტის, 2014 წლის 14 მარტის, 2014 წლის 15 მარტის და ამავე წლის 20 მარტის ხელშეკრულებების თანახმად;
1.3.2. სასარჩელო მოთხოვნა შემკვეთისათვის დავალიანების _ 87 039 ლარისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე ემყარება 2014 წლის 20 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთვალდებულებას. ამ ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა შეესრულებინა გლდანის რაიონში გზებისა და ქუჩების შეკეთების სამუშაოები. ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მიღება-ჩაბარებისა და ფორმა #2-ის გაფორმების შემდეგ, ხელშეკრულების დანართ #1-ში მოცემული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. სამუშაოების შესრულება და ანაზღაურების გადახდა დაფიქსირდებოდა მიღება-ჩაბარების აქტითა და ფორმა #2-ით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 30 აგვისტომდე პერიოდი;
1.3.3. 2014 წლის 24 აპრილს გაფორმებული შესრულებული სამუშაოს აქტი #2-ით შესასრულებელი სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ 2014 წლის 20 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე შეადგინა 162 990.21 ლარი. 2014 წლის 24 აპრილის მიღება-ჩაბარების #6 აქტის თანახმად, შემკვეთმა ჩააბარა, ხოლო დამკვეთმა (ქ.თბილისის მერია) მიიღო 2014 წლის 20 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 162 990,21 ლარის ღირებულების სამუშაო;
1.3.4. 2014 წლის 14 მაისის შესრულებული სამუშაოს აქტი #3-ით შესასრულებელი სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ 2014 წლის 20 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე შეადგინა სულ 23 874 ლარი. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის სხდომაზე მოსარჩელემ აღიარა აღნიშნული თანხის შემკვეთის მიერ მისთვის გადახდა და განმარტა, რომ ეს თანხა წარმოადგენდა 162 990,21 ლარის ნაწილს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა სარჩელი, მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელისათვის გადასახდელად სწორედ აღნიშნული 23 874 ლარის გადახდა;
1.3.5. საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშფაქტურების, ელექტრონული საგადასახადო დავალებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების თანახმად, მათ შორის არსებული რამდენიმე გარიგებიდან ხდებოდა ურთიერთვალდებულების შესრულება. ამჟამად სადავოა მხარეებს შორის 2014 წლის 20 მარტის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შემკვეთის მიერ 87 039 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოსათვის გადახდის ვალდებულება. მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლიანობას ამყარებს 2014 წლის 24 აპრილს გაფორმებული შესრულებული სამუშაოს აქტი #2-სა და 2014 წლის 24 აპრილის მიღება-ჩაბარების #6 აქტით დადასტურებულ შესრულებულ სამუშაოზე. სამუშაოს შესრულებისა და ამ შესრულების მიღების ფაქტს სადავოდ არც შემკვეთი ხდის, არამედ სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას უპირისპირებს და შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მტკიცებისათვის ეყრდნობა უკვე დასახელებულ #2 და #6 აქტებს, ასევე საქმეში წარმოდგენილ ზედნადებებსა და ელექტრონულ საგადასახადო დავალებებს, ამასთან განმარტავს, რომ თანხა სრულად აქვს გადახდილი. თავდაცვის საპროცესო საშუალებად მოპასუხე დამატებით მიუთითებს მოსარჩელის ე.წ აღიარებაზე, რომ თანხა გადახდილია, რასაც დაეყრდნო პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას და 87 039 ლარის შემკვეთისათვის დაკისრებაზე უარი სწორედ ამ საფუძვლით უთხრა მოსარჩელეს;
1.3.6. მოპასუხემ, როგორც მოვალემ, ვერ წარადგინა 87 039 ლარის ოდენობით შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. საქმეში არსებულ 2014 წლის 1 მაისის #632 ელექტრონულ საგადახდო დავალებაში 177 581,85 ლარის გადახდის დანიშნულებად მითითებულია შესრულებული სამუშაოების ღირებულება. 2014 წლის 24 აპრილის #627 და ამავე წლის 16 აპრილის #617 ელექტრონულ საგადახდო დავალებებში თანხების _ 2 000 ლარისა და 69 720 ლარის გადახდის დანიშნულებად მითითებულია ასფალტბეტონის ღირებულება და ასფალტბეტონისა და ფრეზის მომსახურების ღირებულება. 2014 წლის 20 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 24 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი #6-ისა და სამუშაოს შესრულების აქტი #2-ის შესაბამისად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას აღნიშნული ელექტრონული საგადასახადო დავალებები არ ადასტურებს, რადგანაც მითითებული დოკუმენტებით იმ პირობებში, როცა 2014 წლის 20 მარტის ხელშეკრულების გარდა, თუნდაც იმავე თვეში სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობაც გააჩნდათ მხარეებს, ვერ დგინდება მათი კავშირი ზემოთ მითითებულ მიღება-ჩაბარებისა და შესრულებული სამუშოს შესახებ 2014 წლის 24 აპრილის #6 და #2 აქტებთან.
1.4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.4.1. პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა) კონტექსტში, სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას ამოწმებს მხოლოდ იმ პრეტენზიათა ფარგლებში, რომლებიც მხარის მიერ გადმოცემულია საკასაციო საჩივარში. იმ გარემოების თაობაზე, რომ მოპასუხემ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა, საკასაციო საჩივარი შედავებას არ შეიცავს. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ნაწილში და აღნიშნავს, რომ განსახილველი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი წარმოადგენს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. განსახილველი ნორმა იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე _ ურთიერთმოვალეები. ზოგადი წესის თანახმად, შემკვეთს საპასუხო შესრულების ვალდებულება წარმოეშობა მას შემდეგ, რაც მენარდე შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას (შეად. სკ-ის 369-ე მუხლი: იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა, გარდა ამისა, სპეციალური ნორმის _ სკ-ის 648-ე მუხლის მიხედვით, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას).
1.4.2. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს მენარდის მხრიდან ვალდებულების შესრულების ფაქტი, რაც მას მოთხოვნის უფლებას წარმოუშობს შემკვეთის მიმართ, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართლებულია. რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, იგი თავს იცავს ვალდებულების შესრულების ფაქტზე მითითებით (მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი) და შედავების ფარგლებში ვალდებულია, წარადგინოს შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურების ტვირთი, როგორც საპროცესო, ისე _ მატერიალურ სამართალში ერთნაირადაა განაწილებული, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, შესრულების გზით ვალდებულების შეწყვეტის ფაქტი უნდა დაადასტუროს ფაქტის მიმთითებელმა მხარემ სათანადო მტკიცებულებით, რაც შეეხება მტკიცების მატერიალურ-სამართლებრივ მხარეს, როგორც ზემოხსენებული დამფუძნებელი ნორმის დისპოზიცია, ისე _ ფულადი ვალდებულების შესრულების მარეგულირებელი ნორმა _ სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ავალდებულებს მოვალეს, წარადგინოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა თავად განსაზღვრეს 2014 წლის 20 მარტის ხელშეკრულებით (იხ. 20.03.2014წ. ხელშეკრულების 2.2. პუნქტი: შესრულებული სამუშაოს ღირებულებას „დამკვეთი“ უხდის „შემსრულებელს“ ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით). ის ფაქტი, რომ მოვალეს შესრულების ფაქტის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი არ წარუდგენია სასამართლოსათვის, როგორც ზემოთ არაერთხელ ითქვა, კასატორის მხრიდან შედავებული არ არის. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემკვეთისათვის 63 165 ლარის დაკისრების ნაწილში გამართლებულია.
1.4.3. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 133-ე მუხლების მოთხოვნები და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით მოწესრიგებული აღიარების ინსტიტუტი, საპროცესო სამართლის თეორიაში მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება, საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღიარება უნდა იყოს კონკრეტული და გამოხატავდეს მხარის გაცნობიერებულ ნებას, რომ ის ადასტურებს მტკიცების საგანში შემავალ ამა თუ იმ ფაქტს და მკაფიოდ და ნათლად ადასტურებს მის არსებობას. საკასაციო პალატა დეტალურად გაეცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 ოქტომბრის სხდომის ოქმის აუდიოჩანაწერს და მისი შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის ზემოხსენებული წინაპირობები, კერძოდ, არ დგინდება მოსარჩელის მხრიდან იმგვარი ერთმნიშვნელოვანი განმარტების მიცემა, რაც თუნდაც ფორმალურად მიიყვანდა სასამართლოს დასკვნამდე, რომ სახეზე იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის წინაპირობები და აღიარების ავტორს წარმოუშობდა მისი გაქარწყლების ვალდებულებას (მტკიცება იმისა, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას).
1.4.4. წინამდებარე საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების საფუძველს, პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინების თანახმად, წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი (სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე), შესაბამისად, პალატა ამ კუთხითაც გააკეთებს გარკვეულ შეფასებას: საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი 23 874 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით მენარდეს უარი ეთქვა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე შემკვეთისათვის 63 165 ლარის, ასევე, მიუღებელი შემოსავლის _ 9 078 ლარის დაკისრებაზე. საქალაქო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ მენარდის მიერ და სააპელაციო განაცხადის მოცულობა, ბუნებრივია, აპელანტის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას არ შეეხებოდა. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, უდავოა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილება, სამოქალაქო სპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული) შევიდა კანონიერ ძალაში. სააპელაციო პალატამ 63 165 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანად მიიჩნია რა აპელანტის მოთხოვნა, იგი გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს (სსსკ-ის 377-ე (1) და 384-ე მუხლების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ) და ახალი გადაწყვეტილებით შემკვეთს დააკისრა მათ შორის ის თანხა, რაც მას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე დაკისრებული ჰქონდა, შესაბამისად, ამ ნაწილში არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული).
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის სამართლებრივი დასაბუთება:
2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
2.2. ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.4.4. პუქნტში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს სარჩელის დაკმაყოფილებისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში და ვინაიდან საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები არ იკვეთება, პალატის მიერ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება მიღებული, რომლითაც შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ 2014 წლის 20 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს 63 165 ლარის გადახდა.
2.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია საკასაციო წესით, სასამართლო ამ ნაწილში ყოველგვარი შეფასების გარეშე უცვლელად ტოვებს მას.
3. სასამართლო ხარჯები:
3.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ხ-ოს“, შპს „ა-ი +-ის“ სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟიდან დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროს 2 526,6 ლარის გადახდა;
3.2. რაც შეეხება საკასაციო სამართალწარმოების ხარჯებს, პალატა მიუთითებს მის 2017 წლის 10 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის 4 351,95 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების (სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) ფართო განმარტების შედეგად ხარჯები უნდა განაწილდეს შემდეგნაირად: შპს „ხ-ოს“ ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3 158,25 ლარის (მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პროპორციულად), ხოლო, შპს „ა-ი +-ს“ _ 1 193,7 ლარის (დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად) გადახდა.
4. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ხოლო, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს შპს „ხ-ოს“ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარების საფუძველი, შესაბამისად, მხარეს უნდა დაუბრუნდეს #ა-3310-17 განცხადებებზე დართული დოკუმენტები 59 (ორმოცდაცხრამეტი) ფურცლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 104-ე, 407-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ხ-ოს“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. შპს „ა-ი+-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „ა-ი+-ის“ სარჩელი შპს „ხ-ოს“ მიმართ, ნარდობის საზღაურისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
4. შპს „ხ-ოს“ (ს/კ #...) შპს „ა-ი +-ის“ (ს/კ #...) სასარგებლოდ 2014 წლის 20 მარტის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 63 165 ლარის გადახდა.
5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
6. შპს „ხ-ოს“ (ს/კ #...) შპს „ა-ი +-ის“ (ს/კ #...) სასარგებლოდ სააპელაციო სასამართლოში გადახდილი ბაჟიდან დაეკისროს 2 526,6 ლარის გადახდა.
7. შპს „ხ-ოს“ (ს/კ #...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 10.07.2017წ. განჩინებით გადავადებული ბაჟიდან 3 158,25 ლარის, ხოლო შპს „ა-ი +-ს“ (ს/კ #...) _ 1 193,7 ლარის გადახდა.
8. შპს „ხ-ოს“ დაუბრუნდეს #ა-3310-17 შუამდგომლობაზე დართული მასალები 59 (ორმოცდაცხრამეტი) ფურცლად.
9. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი