11 ივნისი, 2018 წელი
№ას-692-692-2018 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – სს „თ.ბ.“
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ დ.ბ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ს“ (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა; დ.ბ–ძეს (შემდეგში მოპასუხეს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 505,19 ლარის გადახდა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა:
- 2016 წლის 15 აპრილიდან საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ძირ თანხაზე - 2879.26 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 86.37 ლარს.
- 2016 წლის 15 აპრილიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2879.26 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 14.39 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა.
3. აღნიშნული დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 17 მარტის დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5. აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით:
- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 მარტის დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;
- მოსარჩელის განცხადება დამატებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დარჩა განუხილველი.
7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კერძო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, კერძო საჩივარი განუხილველი დარჩება.
10. სსსკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 აპრილის განჩინების ასლი 2018 წლის 1 მაისს ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელს - მ.დ–ძეს, რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელწერილით (ს.ფ. 197). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანის 12 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 2 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 14 მაისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივარი შეტანილია 2018 წლის 15 მაისს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ს.ფ. 199-201).
12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
14. მოცემულ შემთხვევაში სს თ.ბ–მა“ დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, ვინაიდან კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა კერძო საჩივარი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 17 მაისს #3 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ.ბ–ს“ კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული.
2. სს „თ.ბ–ს“ (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 17 მაისის #3 საგადახდო დავალებით გადახდილი 50 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: პაატა ქათამაძე