Facebook Twitter

№ას-397-397-2018 2 მაისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) – ი.ზ., ზ.ზ., ზ.ზ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ვ.დ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების სრულიად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა

დავის საგანი _ მეუღლეთა თანასაკუთრებიდან წილის მიკუთვნება, ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

1.1. ვ.დ–ს (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა;

1.2. მოსარჩელე ცნობილ იქნა ი.ზ–ს (შემდეგში პირველი მოპასუხის) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისი, ......(უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.....) ½ -ის მესაკუთრედ და ამ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ზ.ზ–სა (შემდეგში მეორე მოპასუხეს) და პირველ მოპასუხეს შორის 2009 წლის 22 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება;

1.3. მოსარჩელე ცნობილ იქნა ზ.ზ–ს (შემდეგში მესამე მოპასუხის) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისი, ...... (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №....) 1/2 -ის მესაკუთრედ და ამ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი მეორე და მესამე მოპასუხეს შორის 2009 წლის 22 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება;

1.4. მოსარჩელე ცნობილ იქნა მესამე მოპასუხის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ..... (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №....) ½ -ის მესაკუთრედ და ამ ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი მეორე და მესამე მოპასუხეს შორის 2009 წლის 15 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება;

1.5. მოსარჩელე ცნობილ იქნა ქ.თბილისში, ......... განთავსებული მოძრავი ნივთების: 3 ცალი კარადის, 2 ცალი საწოლის, 2 ცალი ტუმბოს, 2 ცალი კომოდის, 2 ცალი კომოდის სარიკის, „ბელუქსის“ ფირმის ტყავის სამეულის (სამადგილიანი, ორადგილიანი და ერთადგილიანი), შუშის მაგიდის, პლაზმური ტელევიზორის, 2 ცალი ბროლის ჭაღის, იტალიური მაგიდის 6 სკამით, დესაუს, ვიტრინის, მოოქროვილი ჭიქების, ბორდოსფერი ყავის და ჩაის სერვიზების, ლურჯი გერმანული „ვაიმარის“ ჩაის სერვიზის, მაკაგონის ჩარჩოში ჩასმული სარკის, 3 ცალი დესაუზე დადებული სტატუეტის, მაცივრის და ამჟამად ქ.თბილისში, ....... მდებარე #24 ბინაში განთავსებული კომპიუტერის 1/2- ის მესაკუთრედ.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 აპრილის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, მესამე მოპასუხეს დაევალა 1826,06 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა; პირველ მოპასუხეს 1414,1 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა; პირველ და მეორე მოპასუხეებს დაევალათ 350 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ პირველი და მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო მესამე კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი).

9. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2018 წლის 11 ივნისს სსსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად, ჩაბარდა პირველ მოპასუხეს (რომელიც არის მეორე მოპასუხის დედა), შესაბამისად, სსსკ-ის 74-ე მუხლის მიხედვით, გზავნილი პირველი და მეორე მოპასუხეებისათვის ჩაბარებულად ითვლება.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი და მეორე მოპასუხეებისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 12 ივნისიდან და ამოიწურა ამავე წლის 18 ივნისს.

11. პირველი და მეორე კასატორები ვალდებული იყვნენ ხარვეზი შეევსოთ 2018 წლის 18 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.

12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი და მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი.

15. რაც შეეხება მესამე მოპასუხის საკასაციო საჩივარს, საკასაციო სასამართლოს დადგენილ ვადაში განცხადებით მომართა მან და წარმოადგინა 4 455,95 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მესამე მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში უნდა იქნეს მიღებული 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად, ვინაიდან საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე და 397-ე მუხლების მოთხოვნებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ზ–სა და ზ.ზ–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. წარმოებაში იქნეს მიღებული ზ.ზ–ს საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად;

3. მოწინააღმდეგე მხარეს გადაეგზავნოს საკასაციო საჩივრისა და თანდართული მასალების ასლები და განემარტოს, რომ მას უფლება აქვს ამ განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში წარმოადგინოს წერილობითი პასუხი ზ.ზ–ს საკასაციო საჩივარზე;

4. საკასაციო საჩივრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის საკითხს საკასაციო სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე