Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-81-კ-ს-02 28 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

მ. ვაჩაძე

დავის საგანი: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

აღწერილობითი ნაწილი:

... ინსტიტუტმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრმა 10.05.02წ. ¹1-3/800 ბრძანებით ... ინსტიტუტის 500 კვ.მ ფართი გამოუყო კოდორს ხეობიდან ლტოლვილ მოსახლეობას განსათავსებლად. განმცხადებელს მიაჩნია, რომ ბრძანება ეწინააღმდეგება «საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ" კანონის 29-ე მუხლის პირველ პუნქტს და ამის შესახებ აცნობა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, რომელმაც გაიზიარა ¹1-3/800 ბრძანების უკანონობის შესახებ მოსაზრება და თხოვნით მიმართა აკადემიას, რათა აღნიშნული ფართი ინსტიტუტს სათანადო ანაზღაურებით დაეთმო უკრაინის საელჩოსათვის. ინსტიტუტმა ხელშეკრულება გააფორმა უკრაინის მხარესთან ინსტიტუტის შენობის ნაწილის იჯარით გაცემის თაობაზე, მიუხედავად ამისა ინსტიტუტი ვერ ასრულებს უკრაინის მხარესთან ნაკისრ ვალდებულებას, ვინაიდან აღნიშნული ფართი დაკავებული აქვთ ლტოლვილებს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ლტოლვილები არ აპირებენ ნებაყოფლობით შენობის გათავისუფლებას, ანადგურებენ ინსტიტუტის ქონებას, რის შემდეგაც ინსტიტუტი განიცდის მატერიალურ ზარალს. განმცახდებელმა მიუთითა, რომ აპირებს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 10.05.02წ. ¹1-3/800 ბრძანების ბათილობის შესახებ სარჩელის აღძვრას სასამართლოში და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ინსტიტუტის შენობაში შეჭრილი მოსახლეობის შენობიდან გამოსახლება.

თბილისის საოლქო სასამრთლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 09.10.02წ. განჩინებით ... ინსტიტუტის განცხადებას სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების, ანუ ინსტიტუტის შენობის, მდებარე ქ. თბილისი, ... 500 კვ.მ ფართიდან კოდორის ხეობიდან ლტოლვილების გამოსახლების თაობაზე ეთქვა უარი. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ კოდორის ხეობიდან იძულებით გადმოსახლებულმა ოჯახებმა დაიკავეს ... ინსტიტუტის ფართის ნაწილი საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 10.05.02წ. ¹1-3/800 ბრძანების მე-7 პუნქტის საფუძველზე, ანუ ინსტიტუტის შენობაში არ არსებობენ უკანონოდ შეჭრილი პირები, შენობაში შესახლებულ პირებს გააჩნიათ სააამისოდ გარკვეული სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, განმცხადებელი არ ითხოვს სადავო ბრძანების მე-7 პუნქტის მოქმედების შეჩრებას. სასამართლო კოლეგიამ ასევე მიუთითა, რომ განმცხადებელმა ვერ დაასაბუთა იმ გარემოების რეალურად არსებობა, რომელიც შეუძლებელს გახდის ან შეუშლის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

... ინსტიტუტის დირექტორმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სასამართლო კოლეგიის განჩინება. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ ინსტიტუტის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 10.05.02წ. ¹1-3/800 ბრძანების მე-7 პუნქტის შეჩერება და უკანონოდ შეჭრილი პირების გამოსახლება, ვინაიდან ინსტიტუტის თანამშრომლები ვერ სარგებლობენ ლაბორატორიებით, შეუძლებელია იქმნება ინსტიტუტის ნორმალური ფუნქციონირება. ამასთან, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ თავადვე შეაჩერა თავისი ბრძანების სადავო პუნქტი, მაგრამ შესაბამისი ბრძანება არ გამოუცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 10.05.02წ,. ¹1-3/800 ბრძანების მე-7 პუნქტის მოქმედების შეჩერება და ინსტიტუტის შენობაში უკანონოდ შეჭრილი ლტოლვილი მოსახლეობის გამოსახლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 25.10.02წ. განჩინებით ... ინსტიტუტის კერძო საჩივარი განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს იძულებით გადაადგილებული პირების ... ინსტიტუტის შენობაში განთავსების სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის 10.05.02წ, ¹1-3/800 ბრძანების მე-7 პუნქტის მიხედვით ... ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, ... მდებარე შენობის 5000 კვ.მ ფართი გამოიყო კოდორის ხეობიდან იძულებით გადმოსახლებული ოჯახების დროებითი განთავსების მიზნით. ამასთანავე, ... ინსტიტუტს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით არ მოუთხოვია სარჩელის აღძვრამდე სადავო აქტის _ «ქ. თბილისში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისა და კოდორის ხეობიდან იძულებით გადმოსახლებული ოჯახების დროებითი განთავსების მიზნით გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ" ბრძანების მე-7 პუნქტის მოქმედების შეჩერება. საკასაციო პალატა დაუშვებლად თვლის ასეთი მოთხოვნის დაყენებას უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეტანილი საჩივრით. საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით პალატა შეუძლებლად მიიჩნევს აგრეთვე უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოსახლების გამოყენებას, ვინაიდან იგი ეხება მოწინააღმდეგე მხარის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესებს, კოდორის ხეობიდან იძულებით გადმოსახლებული ოჯახების ისტიტუტის შენობიდან გასახლება უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს შენობაში დროებით განთავსებულ პირებს. მიუხედავად ამისა, უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების განცხადების ავტორს არ წარმოუდგენია უზრუნველყოფის გარანტია, სსკ-ს 57-ე მუხლის თანახმად, მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლს წინაშე ისეთი საპროცესო მოქმედების შესრულებაზე, რომლითაც მოწინააღმდეგე მხარეს შეიძლება მიადგეს ზიანი _ არ შეუძლია შემოიფარგლოს მხოლოდ ასეთი მოთხოვნით და იმავდროულად უნდა შესთავაზოს სასამართლოს ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტია, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ შეიძლება განიცადოს ამ საპროცესო მოქმედების, განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით. საჩივრის ავტორი არ უთითებს ზარალის უზრუნველყოფის რაიმე გარანტიას. ამავე დროს, სადავო სამართალურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, ნათელია, რომ უზრუნვლეყოფის სახით შენობიდან მოწინააღმდეგე მხარის გამოსახლების მოთხოვნა ფაქტობრივად წარმოადგენს არა უზრუნველყოფის ღონისძიების გაღებას, არამედ მისი მეშვეობით, წინასწარ, საქმის გადაწყვეტამდე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

აღნიშულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიის გასაჩივრებული განჩინება მიღებულია კანონმდებლობის მოთხოვნით დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ... ინსტიტუტის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 09.10.02წ. და 25.10.02წ. განჩინებები.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.