Facebook Twitter

№ას-1064-984-2017 31 ოქტომბერი, 2017 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – შპს „თბ.ს.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს.ს.პ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ს.ს.პ–მ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს „თბ.ს–ს“ (შემდეგში: მოპასუხის, აპელანტის, კერძო საჩივრის ავტორის ან ორგანიზაციის) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 2 500 ლარის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 2 500 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. მითითებული განჩინებით დადგენილია შემდეგი გარემოებები:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის, ასევე, ელექტრონული ფორმატით შესრულებული დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენა ამ განჩინებით დადგენილ ვადაში (7 დღეში). ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

4.2. ზემოხსენებული განჩინება გაეგზავნა აპელანტს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

4.3. სასამართლო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ ხარვეზის განჩინება 2017 წლის 2 ივნისს ჩაჰბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს - მენეჯერს.

4.4. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი აპელანტმა ფოსტას ჩააბარა 2017 წლის 12 ივნისს.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 70.1 მუხლზე და განმარტა, რომ, რაკი სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაჰბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, ეს განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად მიიჩნეოდა 2017 წლის 2 ივნისს. აქედან გამომდინარე, აპელანტისათვის ხარვეზის შევსების 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 3 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 9 ივნისს. საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა დაგვიანებით, კერძოდ, 2017 წლის 12 ივნისს. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 63-ე მუხლით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 374-ე მუხლით და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ. მისი განმარტებით, ხარვეზის განჩინება მას კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია, კერძოდ, პირი, რომელსაც სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაჰბარდა, ამ განჩინების ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი არ იყო. იგი ორგანიზაციაში მუშაობდა „ტენდერების მენეჯერის“ თანამდებობაზე, რომლის უფლებამოსილებაში შედიოდა სატენდერო წინადადებების მომზადება. მას არ ჰქონდა სასამართლოში ორგანიზაციის წარმომადგენლობის უფლება, არ იყო კანცელარიის თანამშრომელი - ოფისმენეჯერი, ან/და კანცელარიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. აქედან გამომდინარე, მისთვის ხარვეზის განჩინების ჩაბარება ორგანიზაციისათვის ჩაბარებად ვერ მიიჩნეოდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

9. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო.

10. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ისაა, რომ მისი სააპელაციო საჩივარი სასამართლოს განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა, ვინაიდან ხარვეზის განჩინება მას კანონით დადგენილი წესით არ ჩაჰბარებია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი).

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არაუფლებამოსილ პირს ჩაჰბარდა. პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით მოწესრიგებულია ორგანიზაციისათვის უწყების ჩაბარების საკითხი, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს, ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2017 წლის 25 მაისის განჩინების ასლი მოპასუხეს გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე (იხ. ს.ფ. 32, 176, 192) და ჩაჰბარდა ორგანიზაციის მენეჯერს (იხ. ს.ფ. 213-216), რაც, სსსკ-ის 70.1 და 73.8 მუხლების მიხედვით, მიიჩნევა ხარვეზის განჩინების აპელანტისათვის ჩაბარებად. საკასაციო პალატის მოსაზრებით, უწყების ჩაბარებულად მიჩნევისათვის მნიშვნელობა არა აქვს, უწყებას ორგანიზაციის ოფისმენეჯერი ჩაიბარებს თუ ტენდერების მენეჯერი. მათ შორის ფუნქციების განაწილება დაწესებულების შიდაორგანიზაციული საქმეა, რაც არ ცვლის იმ გარემოებას, რომ კორესპონდენციის ჩაბარებისას ისინი ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ (შდრ. იხ. სუსგ, #ას-67-58-2011, 18.03.2011წ.; სუსგ, #ას-1184-114-2015, 22.01.2016წ.).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე.

13. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე, ვინაიდან არ არსებობს საპროცესო ვადის გაგრძელების საპატიო მიზეზი, რაც ასეთი შუამდგომლობის დაკმაყოფილების აუცილებელი წინაპირობაა (სსსკ-ის 64-ე და 215.3 მუხლები).

14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „თბ.ს–ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი