Facebook Twitter

№ას-1415-1335-2017 5 იანვარი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ნ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.თ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით:

- ნ.თ–ძის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა;

- ნ.ბ–ძე (შემდეგში პირველი მოპასუხე) ცნობილ იქნა ქ. ქუთაისში, ...... (საკადასტრო კოდი: .....) მდებარე ნ.ბ–ძის (შემდეგში მეორე მოპასუხე) საცხოვრებელი ბინის თანამესაკუთრედ და დადგინდა აღნიშნული უფლების აღრიცხვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 დეკემბრის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ქ. ...... (საკადასრტო კოდი:#......) მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულების და ამ მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების ½-ის 5%, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანის წარმოდგენა. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

6. 2017 წლის 18 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს მხარეებმა, წარმოადგინეს ერთობლივი განცხადება და ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი და განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. განსახილველ შემთხვევაში, როგორც უკვე ითქვა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი).

10. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2017 წლის 15 დეკემბერს სსსკ-ის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორს.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2017 წლის 16 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 20 დეკემბერს ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2017 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

13. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

14. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.

15. რაც შეეხება მხარეების მიერ ერთობლივად წარმოდგენილ განცხადებას პირველ ინსტანციაში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებისა და ქონებაზე ყადაღის მოხსნის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან, როგორც ზემოთ ითქვა, საკასაციო საჩივარი არ იქნა მიღებული წარმოებაში, რაც გამორიცხავს ამ განცხადების საკასაციო სასამართლოში განხილვის შესაძლებლობას. ზემოაღნიშნული განცხადებით მხარეებს შეუძლიათ მიმართონ სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილების მიმღებ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ნ.ბ–ძის, ნ.ბ–ის და ნ.თ–ძის განცხადება დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე