საქმე №ას-818-818-2018 23 ივლისი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ი.თ–ძე, კ.თ–ძე, ნ.დ. (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - სს "თ.ბ." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სს "თ.ბ–ს" სარჩელი ი.თ–ძის, კ.თ–ძისა და ნ.დ–ს მიმართ, რომლითაც ის მოითხოვდა მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის 6 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების - 16711,68 ლარის გადახდას, საიდანაც ძირი დავალიანება იყო 9778,62 ლარი, პროცენტი - 5108,8 ლარი, ჯარიმა - 1766,59 ლარი, დაზღვევა - 57,67 ლარი და 2017 წლის 25 მაისიდან 2018 წლის 6 თებერვლამდე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 9778,62 ლარზე აღსრულებამდე წლიური 24% სარგებლის გადახდას, რაც ყოველთვიურად შეადგენს 195,57 ლარს, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, ი.თ–ძეს, კ.თ–ძესა და ნ.დ–ს სს „თ.ბ–ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2015 წლის 6 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების - 15121,09 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი დავალიანებაა 9778,62 ლარი, პროცენტი - 5108,8 ლარი, ჯარიმა - 176 ლარი, დაზღვევა - 57,67 ლარი და 2017 წლის 25 მაისიდან 2018 წლის 6 თებერვლამდე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 9778,62 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 24% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 195,57 ლარს.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის მხოლოდ ძირი დავალიანების - 9778,62 ლარის და დაზღვევის - 57,67 ლარის ფარგლებში დაკმაყოფილების მოთხოვნით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს დაეკისრათ 2017 წლის 25 მაისიდან 2018 წლის 6 თებერვლამდე ყოველთვიურად, აღსრულებამდე 195,57 ლარის დაკისრება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „თ.ბ–ს“ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სს „თ.ბ–ს“ სასარგებლოდ სოლიდაურად დაეკისრათ დავალიანების ცნობის გაცემიდან, 2017 წლის 25 მაისიდან 2018 წლის 6 თებერვლამდე პერიოდზე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 9778,62 ლარზე წლიური 16,8%-ზე გაანგარიშებით, მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 136,90 ლარის გადახდა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება ამავე წლის 6 ივნისს საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, კერძოდ, დავალიანების ძირი თანხის - 9778,62 ლარის, ჯარიმის - 176 ლარისა და დაზღვევის 57,67 ლარის ნაწილში, მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
4.1. მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე ძირითადი დავალიანების გარდა სხვა დავალიანება არ ჰქონდა, ხოლო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ერთი წინადადებითაც კი არ მიუთითა, თუ რატომ, რა მტკიცებულებებზე და სამართლებრივ გარემოებებზე დაყრდნობით ითხოვდა ის აღნიშნული თანხების არ დაკისრებას.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. მათი შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადავადების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 312.94 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედნის წარმოდგენა ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
6. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
7.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი მოპასუხეთა წარმომადგენელ ა.ქ-ძეს 2018 წლის 22 ივნისს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა.
7.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისთვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 23 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 27 ივნისს ამდენად, კასატორები ვალდებული იყვნენ 27 ივნისის ჩათვლით შეევსოთ ხარვეზი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.
7.3. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
7.4. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე, 401-ე, 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.თ–ძის, კ.თ–ძისა და ნ.დ–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა