Facebook Twitter

საქმე №ას-829-829-2018 23 ივლისი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - ს.ყ., ს.ყ., ს.ყ.(მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.ა. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე.ა–ის სარჩელი ს.ი–ის, ს.ყ–ის, ს.ყ–ისა და ს.ყ–ის მიმართ, რომლითაც ის მოითხოვდა მოპასუხების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების ქ. თბილისში, ..... მდებარე #137-ე ბინის (ს/კ. ......) გამოთხოვასა და მესაკუთრისათვის გადაცემას დაკმაყოფილდა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამავე კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ი–მა, მათი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფის მოთხოვნით

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 აპრილის განჩინებით, ს.ი–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება და ამავე კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის საოქმო განჩინება.

4. აღნიშნული განჩინება ამავე წლის 6 ივნისს საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს.ი–მა, ს.ყ–მა და ს.ყ–მა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, იმ საფუძველზე მითითებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის მიერ მითითებული გარემოება, კერძოდ ს.ი–ის მიერ ინიცირებული დავის საფუძვლები და სასამართლოში წარმოდგენილი ახსნა-განმარტება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 ივნისის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე. მათ დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დედნისა და კანონით გათვალისწინებული მინდობილობის წარმოდგენა ს.ყ–ისა და ს.ყ–ის სახელზე. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.

6. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წარმომადგენლის მიერ შეტანილ საკასაციო საჩივარს უნდა დაერთოს მინდობილობა, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის უფლებამოსილებას საკასაციო საჩივრის შეტანაზე, თუ ასეთი უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი არ არის საქმეში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ს.–ის წარმომადგენელ ბ.ბ–ს 2018 წლის 22 ივნისს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა, ხოლო ს.ყ–სა და ს.ყ–ს 26 ივნისს ჩაჰბარდათ.

7.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისთვის ხარვეზის შევსების 5 - დღიანი ვადის დენა ერთ შემთხვევაში დაიწყო 2018 წლის 23 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 27 ივნისს, ხოლო მეორე შემთხვევაში, 2018 წლის 27 ივნისს დაიწყო და დასრულდა ამავე წლის 31 ივნისს, ამდენად, კასატორები ვალდებული იყვნენ მითითებულ ვადებში შეევსოთ ხარვეზი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის.

7.3. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

7.4. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე, 401-ე, 63-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ი–ის, ს.ყ–ის და ს.ყ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მზია თოდუა