საქმე №ას-548-548-2018 3 ივლისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს "გ. " (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "გ." (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ნასყიდობის საფასურის დაკისრება, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „გ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამყიდველი) 2016 წლის 7 აგვისტოს ზეპირი ფორმით დადებული შეთანხმების საფუძველზე, შპს „გ“-ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მყიდველი) 18 128.35 ლარისა (ნავთობპროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა №308785, შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი ანგარიშფაქტურა) და 17 632.87 ლარის (ნავთობ პროდუქტების სპეციალური საგადასახადო ანგარიშფაქტურა №308786, შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე ანგარიშფაქტურა) ღირებულების ნავთობპროდუქტი - ბიტუმი ორ ნაწილად მიაწოდა.
2. 2016 წლის 23 აგვისტოს მოპასუხემ მოსარჩელეს მეორე ანგარიშფაქტურაში მითითებული საქონლის ღირებულებიდან - 17 632.87 ლარიდან ამ უკანასკნელის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე 17 132.87 ლარი ჩაურიცხა. დარჩენილი 500 ლარი მას არ გადაუხდია.
3. მოპასუხემ მოსარჩელეს პირველი ანგარიშფაქტურით განსაზღვრული თანხა არ გადაუხადა. მან 2016 წლის 10 აგვისტოს 18 128.35 ლარი ჩარიცხა არა მოსარჩელის, არამედ სხვა საბანკო ანგარიშზე, სახაზინო კოდით - GE....... საგადახდო დავალებაში მიმღებ ბანკად სს „ს.ბ.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ბანკი), ხოლო მიმღებ პირად გამყიდველი მიეთითა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 44, 77).
4. მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს მიწოდებული საქონლის ღირებულების დარჩენილი ნაწილის ანაზღაურების მოთხოვნით, რასაც ამ უკანასკნელის რეაგირება არ მოჰყოლია.
5. 2017 წლის 24 თებერვალს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, ნასყიდობის საფასურის დარჩენილი ნაწილის - 18 628.15 ლარის, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ზიანის - 2000 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის - 960 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მოპასუხეს ნაწილ-ნაწილ მიაწოდა 17 632.87 და 18128.35 ლარის ნავთობპროდუქტი. მოპასუხემ მას საბანკო ანგარიშზე მეორე ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული თანხიდან -17632.87 ლარიდან მხოლოდ 17132.87 ლარი ჩაურიცხა, ხოლო პირველ ანგარიშფაქტურაში მითითებული თანხა - 18128.35 ლარი მან არა გამყიდველის, არამედ სხვა, უცხო პირის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე აღიარებს თანხის შეცდომით სხვის ანგარიშზე ჩარიცხვის ფაქტს, მას მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხა მოსარჩელემ უნდა დაიბრუნოს მესამე პირისგან და არა მოპასუხისაგან.
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი და განმარტა, რომ მხარეებს შორის დაიდო განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, ვინაიდან თანხა მყიდველს მოგვიანებით უნდა გადაეხადა და არა ნასყიდობის საგნის მიღებისთანავე. ამასთან, პროდუქტის ტრანსპორტირების დროს მოსარჩელე საწარმოს დირექტორმა მოპასუხე კომპანიის ბუღალტერს სწორედ იმ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი გადასცა, რომელზეც მოპასუხემ 2017 წლის 10 აგვისტოს 18 128.15 ლარი ჩარიცხა. იმავე წლის 23 აგვისტოს კი, მეორე ანგარიშფაქტურით გათვალისწინებული თანხა მოსარჩელეს სხვა საბანკო ანგარიშზე მხოლოდ იმ მიზეზით გადაერიცხა, რომ მოპასუხე კომპანიის ბუღალტერი იმყოფებოდა შვებულებაში, ხოლო შემცვლელ ბუღალტერს თანხის გადარიცხვისათვის საჭირო ანგარიშის რეკვიზიტები არ ჰქონდა და, სწორედ ამიტომ, მას კომპანიის დირექტორმა ელექტრონული ფოსტით მიაწოდა გამყიდველის საბანკო ანგარიშის ის რეკვიზიტები, სადაც თანხა ჩაირიცხა.
გამყიდველი იყო ვალდებული, მისთვის გადაეცა საკუთრების უფლება ნასყიდობის საგანზე და მასთან დაკავშირებული საბუთები. საკუთრებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებში იგულისხმება უნაღდო ანგარიშსწორების წესით ნასყიდობის საფასურის გადასახდელად აუცილებელი საბანკო რეკვიზიტები. ამდენად, საბანკო რეკვიზიტების არასწორი მონაცემების მიწოდების რისკი გამყიდველის მხარესაა და მას შეუძლია, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, იმ პირს მოსთხოვოს თანხის გადახდა, რომელსაც თანხა შეცდომით ჩაერიცხა.
7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიღებული პროდუქციის ღირებულების დარჩენილი ნაწილის - 18 628,15 ლარის, ეროვნული ვალუტის ცვლილებით გამოწვეული ზიანის - 2000 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის - 960 ლარის ანაზღაურება დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 316-ე-317-ე, 477-ე, 386.2, 427-ე, 373-ე, 361-ე, 429-ე, 983-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე და 389-ე მუხლები გამოიყენა.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
8.1. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ სადავო თანხა მოპასუხემ არა მოსარჩელის, არამედ სხვა საბანკო ანგარიშზე გადარიცხა. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის ფაქტი, რომ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი, რომელზეც მყიდველმა თანხა ჩარიცხა, მოპასუხე საწარმოს ბუღალტერს თავად მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა გადასცა;
8.2. მხარეებს შორის არსებული სადავო სამართლებრივი ურთიერთობა თავისი შინაარსით არა ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის, არამედ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებაა, შესაბამისად, მხარეებს შორის შეთანხმება წერილობითი ფორმით უნდა დადებულიყო, სადაც მოსარჩელე ვალდებული იქნებოდა, მიეთითებინა საანგარიშსწორებო საბანკო რეკვიზიტი, რაც, თავის მხრივ, შეცდომის დაშვებას გამორიცხავდა. რადგანაც სხვა პირის საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვა, არა მყიდველის ბრალით, არამედ გამყიდველის სურვილით იყო განპირობებული, ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იყო, უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, თანხის ანაზღაურება თანხის მიმღებისაგან მოეთხოვა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
9.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მყიდველის ვალდებულებაა ნასყიდობის საფასურის გადახდა, შესაბამისად, მას ევალება, სასამართლოს წარუდგინოს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები ან ის მტკიცებულებები, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას. პალატის დასკვნებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ მოპასუხეს 2016 წლის 10 აგვისტოს საგადახდო დავალებაში მითითებული საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები მოსარჩელის დირექტორმა ან სხვა უფლებამოსილმა პირმა მიაწოდა;
9.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ნასყიდობის საფასურის გადახდა პერიოდულობით, გრძელვადიანი გადახდით. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები ნასყიდობის საფასურის გადახდის ამ პირობაზე არ შეთანხმებულან, შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მხარეთა შორის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო;
9.3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან არ გამომდინარეობდა. მან განმარტა, რომ, 2016 წლის 10 აგვისტოს საგადასახადო დავალებაში მითითებული ანგარიში ეკუთვნის თუ არა სხვა რომელიმე პირს და აღნიშნული თანხა ჩაერიცხა თუ არა ვინმეს, უცნობი იყო. ამის თაობაზე მტკიცებულებები არც მოპასუხეს წარუდგენია სასამართლოსთვის. შესაბამისად, მოსარჩელეს, უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე სადავო თანხის მიმღები არაუფლებამოსილი პირის მიმართ, მოთხოვნის უფლება არ წარმოშობია.
10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
13.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13.2. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ნასყიდობის საფასურის, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 477-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე), 389-ე (თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლები.
13.3. სსკ-ის 373-ე მუხლის მიხედვით, მოვალე ვალდებულია შეუსრულოს ვალდებულება კრედიტორს ან იმ პირს, რომელიც კანონით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილია, მიიღოს შესრულება; თუ ვალდებულების შესრულება მიიღო იმ პირმა, რომელიც არ იყო უფლებამოსილი, ვალდებულება ჩაითვლება შესრულებულად მაშინ, როცა კრედიტორმა მისცა ამის თანხმობა ან ამ შესრულებისგან მიიღო სარგებელი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „შესრულების მიმღებად, უპირველეს ყოვლისა, ითვლება კრედიტორი. ზოგჯერ შესრულება შეიძლება, განხორციელდეს კრედიტორის ნაცვლად, სხვა პირის მიმართ. შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირი სასამართლოს გადაწყვეტილებითაც შეიძლება განისაზღვროს. კრედიტორის ნაცვლად შესრულების მიმღები მესამე პირის უფლებამოსილება შეიძლება, სხვადასხვაგვარად დადგინდეს, მაგალითად, როგორიცაა წერილობითი საბუთი, რომლითაც დგინდება მესამე პირის ვინაობა; მინდობილობა; სადამფუძნებლო დოკუმენტები (იურიდიული პირების მიმართ) ან გამომდინარეობდეს საქმის გარემოებებიდან“ (შდრ. სუსგ №ას-1003-924-2017, 01.12.2017).
13.4. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა, კერძოდ, მან 2016 წლის 7 აგვისტოს მოპასუხეს 18 128.35 და 17 632.87 ლარის ღირებულების ნავთობპროდუქტი ბიტუმი ონ ნაწილად მიაწოდა. უდავოა ისიც, რომ მოპასუხემ მეორე ანგარიშფაქტურით განსაზღვრული საქონლის ღირებულებიდან - 17 632.87 ლარიდან 17 132.87 ლარი მოსარჩელეს კუთვნილ საბანკო ანგარიშზე ჩაურიცხა, ხოლო პირველ ანგარიშფაქტურაში მითითებული თანხა - 18 128.35 ლარი მან არა მოსარჩელის, არამედ სხვა პირის საბანკო ანგარიშზე გადარიცხა. მხარეთა შორის ერთადერთ სადავო გარემოებას წარმოადგენს, გადარიცხა თუ არა მოპასუხემ ნასყიდობის საფასური „სხვა პირის“ ანგარიშზე, მოსარჩელის თანხმობით (სსკ-ის 373.2).
13.5. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ ზემოაღნიშნული სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს (მყიდველს), რომელმაც არაკვალიფიციური შედავების პირობებში, ვერ შეძლო მის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურება. ამრიგად, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები №ას-570-541-2015, 11.11.2015; .№ას-854-804-2015, 07.03.2016; №ას-725-693-2014, 03.07.2015; №ას-130-122-2017, 24.03.2017).
15. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს "გ-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "გ-სს" (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1080 ლარის (საგადახდო დავალება #128, გადახდის თარიღი 02.05.2018წ. და საგადახდო დავალება #144 გადახდის თარიღი 18.05.2018წ.) 70% – 756 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი