საქმე №ას-602-602-2018 5 ივლისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ქ.თ.მ.ბ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ა. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის13 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ლ.ა. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე, დასაქმებული ან გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი) სსიპ „ქ.თ.მ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი ან ბიბლიოთეკა) 2011 წლის 3 იანვრის N1 ბრძანებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 8 ივნისის N2662 ბრძანებით, ც.კ–ძე ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა, ხოლო მოსარჩელე გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. დასაქმებულის ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 1600 ლარით განისაზღვრა (იხ. ს.ფ. 14).
3. დამსაქმებლის საშტატო განრიგის მიხედვით, ბიბლიოთეკაში გენერალური დირექტორის ორი მოადგილის თანამდებობა არსებობდა (იხ. ს.ფ.112).
4. მოსარჩელის 2016 წლის 31 მარტის N18 და იმავე წლის 18 ნოემბრის N74 ბრძანებებით, ო.ჯ–ძე და ე.მ. ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე დაინიშნენ (იხ. ს.ფ. 110-111). 2015 წლის 15 დეკემბრის ბრძანებით, ე.მ. მოსარჩელემ დაკავებული თანამდებობიდან თავადვე გაათავისუფლა (იხ. ს.ფ. 15).
5. 2016 წლის 15 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული მოსარჩელის გათავისუფლებასა და გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ზ.წ–ის დანიშვნის საკითხს დაეთანხმა (იხ. ს.ფ. 56, ასევე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის # ... ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქ. თბილისის მერი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით, ს.ფ.116-120).
6. 2016 წლის 16 დეკემბერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა მოსარჩელე მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა (იხ. ს.ფ. 21).
7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 28 დეკემბრის N 2-2628 ბრძანებით, მოსარჩელე ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლდა (იხ. ს.ფ. 23).
8. 2016 წლის 19 დეკემბერს, მოსარჩელემ წერილი გაუგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, რომლითაც მან ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე საქმიანობის გაგრძელება მოითხოვა.
9. დამსაქმებლის 2017 წლის 16 იანვრის N16 საპასუხო წერილის მიხედვით, ვინაიდან, 2015 წლის 8 ივნისის ბრძანებით, მოსარჩელე გენერალური დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, მოადგილის მოვალეობას არ ასრულებდა და იგი ამ თანამდებობიდან დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშვნით გათავისუფლდა, ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელემ მოადგილის თანამდებობებზე სხვა პირები თავადვე დანიშნა, ეს უკანასკნელი დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებულად ითვლებოდა (იხ. ს.ფ. 22).
10. 2017 წლის 26 იანვარს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა გენერალური დირექტორის მოადგილის უწინდელ თანამდებობაზე აღდგენა (უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობის მიცემა), 2016 წლის 28 დეკემბრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე, იძულებითი განაცდურის, ყოველთვიურად 1600 ლარის ანაზღაურება. ის ამტკიცებდა, რომ ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შედეგად, დამსაქმებელმა უსაფუძვლოდ ჩათვალა რომ ეს უკანასკნელი გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციიდანაც იყო გათავისუფლებული. მოსარჩელის განმარტებით, მისი - როგორც გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ გამოცემულა, გათავისუფლების იმ ფორმას კი, რომელიც 2017 წლის 16 იანვრის წერილშია მითითებული, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
11. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი და განმარტა, რომ მოსარჩელე დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან, გენერალური დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშვნით გათავისუფლდა. დირექტორის მოვალეობის შესრულების პერიოდში, მოსარჩელე დირექტორის მოადგილის რაიმე ფუნქციას არ ასრულებდა, ამასთან, ეს უკანასკნელი ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოსაც იმ ოდენობით იღებდა, რაც ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორისათვის იყო განკუთვნილი. მოპასუხის მტკიცებით, საყურადღებო იყო ის ფაქტიც, რომ დამსაქმებლის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ დირექტორის მოადგილის ორივე თანამდებობაზე მოსარჩელემ სხვა პირები თავადვე დანიშნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, მე-2, 31-ე, 32-ე, 37-ე და 38-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, მე-8, 115-ე, 54-ე, 115-ე, 316-ე, 317-ე და 976-ე მუხლები, ასევე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე და 24-ე მუხლები, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-4, მე-8 და მე-14 მუხლები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებები გამოიყენა.
13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
13.1. უსაფუძვლოა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა, რომ ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნით, მოსარჩელე გათავისუფლდა დირექტორის მოადგილის პოზიციიდან. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მოსარჩელეს წერილობით არ განუცხადებია უარი მისი ძირითადი თანამდებობიდან გათავისუფლებაზე;
13.2. მოსარჩელემ კუთვნილ თანამდებობაზე, დირექტორის მოადგილედ, ე.მ. დროებით, ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის პოზიციაზე შესაბამისი კანდიდატურის გამწესებამდე დანიშნა - ანუ, იმ კონკრეტულ თარიღამდე, სანამ თავად მოსარჩელეს ექნებოდა ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულება დაკისრებული.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელე აღდგენილად ჩაითვალა ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე 2016 წლის 28 დეკემბრიდან; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 2016 წლის 28 დეკემბრიდან - თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის, იძულებითი განაცდურის, ყოველთვიურად 1600 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება დაეკისრა.
14.1. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გენერალური დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშვნა, მოსარჩელის მუდმივი თანამდებობიდან, გენერალური დირექტორის მოადგილეობიდან მოხსნას, ავტომატურად ვერ გამოიწვევდა;
14.2. სააპელაციო პალატის დასკვნებით, რადგანაც სადავო ბრძანება არ შეიცავდა ინფორმაციას მოსარჩელის მიერ იმჟამად დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, დასაქმებულისთვის განჭვრეტადი ვერ იქნებოდა დამსაქმებლის მიერ გამოხატული ნების შედეგი, შესაბამისად, შეუძლებელი იყო დასაქმებულს ინფორმირებული გადაწყვეტილება მიეღო. ამ უკანასკნელმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა ცოდნოდა, რომ სამსახურებრივი საჭიროების არსებობისას, მის მიერ გენერალური დირექტორის მოვალეობების დროებით შესრულებას, შესაძლოა, მუდმივი სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოეწვია.
14.3. სააპელაციო სასამართლოს დასკვნებით, რადგანაც შრომითი ხელშეკრულების არამართლზომიერად მოშლის მომენტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დრო დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენაა, მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო. განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს დასაქმებულის ყოველთვიური ხელფასი 1600 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ფარგლებში, მოსარჩელეს 2016 წლის 28 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენამდე, იძულებითი განაცდური, ყოველთვიურად 1600 (დარიცხული) ლარი უნდა ანაზღაურებოდა.
15. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :
15.1. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის, როგორც ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ გამოცემულა, ის გარემოება, რომ მოსარჩელემ დირექტორის მოადგილეების ორივე ვაკანტურ თანამდებობაზე თავად დანიშნა სხვა პირები, ცხადყოფდა, რომ იგი საკუთარ თავს გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე აღარ მოიაზრებდა;
15.2. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ბიბლიოთეკაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა გაუქმდა. ამჟამად, შტატით გათვალისწინებულია გენერალური დირექტორის მოადგილის ერთი პოზიცია, რომელიც კურირებს ადმინისტრაციული მართვის სფეროს, თუმცა აღნიშნული თანამდებობა არ არის ვაკანტური;
15.3. რადგანაც, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, პირადი განცხადების საფუძველზე დაინიშნა და, შესაბამისად, გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა მან საკუთარი ნებით დატოვა, სააპელაციო პალატამ სშკ-ის 32-ე მუხლის გათვალისწინებით, უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
18.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 32.1 (თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით) მუხლები.
19.1. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე 2011 წლის 3 იანვრიდან ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. უდავოა ისიც, რომ ეს უკანასკნელი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 8 ივნისის ბრძანებით დამსაქმებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 1600 ლარით განისაზღვრა. აღნიშნული ბრძანებით მოსარჩელე თავისი ძირითადი თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა და მას დირექტორის მოვალეობის შესრულება დროებით, ამ თანამდებობაზე შესაბამისი პირის დანიშვნამდე დაეკისრა. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ბიბლიოთეკის დირექტორის მოვალეობის შესრულების პერიოდში დირექტორის მოადგილეების თანამდებობებზე ო.ჯ–ძე და ე.მ. დანიშნა, რომელთაგან უკანასკნელი, მოგვიანებით, თავადვე გაათავისუფლა.
19.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ მოსარჩელემ საკუთარი ნებით დატოვა გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა, ვინაიდან, აღნიშნული გარემოება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებას, რომ დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ გამოცემულა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც მოსარჩელის მხრიდან წერილობითი ან ზეპირი ფორმით ნების გამოვლენა დასტურდება დირექტორის მოადგილის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ უკანასკნელის მიერ დირექტორის მოადგილეების დანიშვნას, აღნიშნული არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ საკუთარი ნებით უარი განაცხადა მუდმივად დაკავებულ თანამდებობაზე.
19.3. ვინაიდან, კასატორი საკასაციო საჩივარში თავადვე ადასტურებს, რომ ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობა (თუნდაც ერთი) კვლავაც არსებობს, იკვეთება სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის ყველა წინაპირობა, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა აღნიშნული პოზიცია ამჟამად ვაკანტური.
19.4. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილშიც, ვინაიდან, დადგენილია, რომ მოსარჩელის იძულებითი მოცდენა გამოწვეული იყო დამსაქმებლის ბრალით, რაც, სშკ-ის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის დაკისრების საფუძველია.
19.5. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო და მართებულად დაკმაყოფილდა.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა, რომ დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება (ხელშეკრულებიდან გასვლა) უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სსკ-ის 115-ე მუხლი), (იხ. სუსგ-ები №ას-1155-1086-2015, 2016 წლის 2 თებერვლის განჩინება; №ას-545-513-2012, 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება; № ას-549-517-2010, 2010 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, № ას-545-513-2012, 2012 წლის 5 ოქტომბრის განჩინება).
21. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
23. განასახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარემ წარმოდგენილი საკასაციო შესაგებლით ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2400 ლარის ანაზღაურება იშუამდგომლა. პალატა თვლის, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და კასატორს, მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ, იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 700 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს, სახელდობრ:
23.1. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში, განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით - 2 000 ლარამდე ოდენობით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, მხარისთვის იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა არ შეიძლება ემყარებოდეს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ მას გაწეული ხარჯების თაობაზე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს წარმოდგენილი არ აქვს მტკიცებულება იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე, სასამართლოს შეუძლია, ივარაუდოს, რომ ამგვარი მომსახურება უფასო არ იქნებოდა, შესაბამისად, მხარეს შეიძლება მიაკუთვნოს იურიდიული მომსახურების ხარჯებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება გონივრულობის ფარგლებში. სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილი იყოს სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ა–ძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 391-ე, 401-ე, 408.3, 53-ე, 284-ე, 285-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ ქ.თ.მ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ ქ. თ. მ.ბ–ას ლ.ა–ას სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯის ნაწილის - 700 ლარის ანაზღაურება;
3. სსიპ ქ. თ.მ.ბ–ას (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 960 ლარის (საგადახდო მოთხოვნა # 03333, გადახდის თარიღი 30.05.2018 წ.) 70% – 672 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი