Facebook Twitter

საქმე №ას-607-607-2018 3 ივლისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – დ.ვ–ძე, შ.ვ–ძე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – დაკრძალვისა და მოვლის ხარჯების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.კ–ძე (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც გარდაცვლილი, მოსარჩელეების მამიდა, მოპასუხის ბებია ან მამკვიდრებელი) 2013 წლის 9 აგვისტოს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ უკანასკნელს დარჩა ერთადერთი მემკვიდრე - შვილიშვილი გ.კ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, კასატორი ან მემკვიდრე), რომელმაც ბებიის დანაშთი სამკვიდრო სრულად მიიღო.

2. 2012-2013 წლებში მ.კ–ძის ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, მას აღარ შეეძლო, დამოუკიდებლად გადაადგილება და გარეშე პირის მოვლას საჭიროებდა. ამ უკანასკნელს გარდაცვალებამდე ძმისშვილები, შ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოსარჩელე ან პირველი აპელანტი) და დ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოსარჩელე ან მეორე აპელანტი) ვ–ები (მხარეები ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოსარჩელეები, აპელანტები ან მოწინააღმდეგე მხარეები) უვლიდნენ, ხოლო მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მათ დაკრძალვისა და სხვა სარიტუალო ხარჯებიც გაიღეს.

3. მოპასუხე 1993 წლიდან მუდმივად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. იგი ბებიის დაკრძალვას არ დასწრებია და არც რაიმე სახის ხარჯები გაუწევია, რაც დაკრძალვისა და სხვა შემდგომი რიტუალების შესრულებასთან იქნებოდა დაკავშირებული.

4. 2015 წლის 10 აგვისტოს მოსარჩელეებმა სარჩელი აღძრეს მოპასუხის წინააღმდეგ, გარდაცვლილის მოვლისა და პატრონობისათვის - 9082 ლარის, ასევე, დაკრძალვისა და სხვა რიტუალებისათვის გაწეული ხარჯის - 2381 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. მათი მტკიცებით, რადგანაც გარდაცვლილის ერთადერთი მემკვიდრე მოპასუხე იყო, ეს უკანასკნელი ვალდებული იყო, მათთვის მამკვიდრებლის მოვლა-პატრონობისათვის, ასევე, დაკრძალვისა და სხვა ტრადიციული რიტუალებისათვის გაწეული ხარჯები, მთლიანობაში 11 463 ლარი აენაზღაურებინა.

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი წერილობითი შესაგებელი არ პასუხობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 201-ე მუხლის მოთხოვნებს და, აქედან გამომდინარე, არაკვალიფიციური (დაუსაბუთებელი) იყო.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 975-ე მუხლი გამოიყენა.

7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით. მათი მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელეების მხრიდან მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე, მოვლისა და პატრონობის, ხოლო გარდაცვალების შემდეგ, ამ უკანასკნელის დაკრძალვისა და სხვა რიტუალებისათვის გაწეული ხარჯები.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ, 6181 ლარის ანაზღაურება დაეკისრა (საიდანაც დაკრძალვისა და სხვა რიტუალებისათვის გაწეული ხარჯი - 2381, ხოლო მოვლა-პატრონობის ხარჯი - 3800 ლარია).

8.1. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 1489-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ რადგანაც უდავო იყო, რომ მოპასუხემ გარდაცვლილის სამკვიდრო სრულად მიიღო, იგი ვალდებული იყო, მამკვიდრებლის მოვლისა და პატრონობის, ასევე, მისი დაკრძალვისა და სხვა საჭირო რიტუალებისათვის გაწეული ხარჯები აენაზღაურებინა. პალატის დასკვნებით, საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა მამკვიდრებლის დაკრძალვის, ქელეხისა და ორმოცის ხარჯის - 2381 ლარის ანაზღაურების ნაწილში, საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო;

8.2. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მამკვიდრებლის მოვლა-პატრონობისათვის ყოველთვიური გონივრული ანაზღაურება თვეში 200 ლარით უნდა განსაზღვრულიყო. შესაბამისად, რადგანაც მოსარჩელეები მამიდას 19 თვის განმავლობაში უვლიდნენ, მათი მოთხოვნა საფუძვლიანი იყო მხოლოდ 3800 (200X19) ლარის ანაზღაურების ნაწილში.

9. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

9.1. სააპელაციო პალატამ არასწორად დაასკვნა, რომ მამკვიდრებელი გარდაცვალებამდე ავადმყოფობდა და შეზღუდული ჰქონდა გადაადგილების უნარი;

9.2. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელეები მამიდას გარდაცვალებამდე უვლიდნენ, ხოლო გარდაცვალების შემდეგ, მათ დაკრძალვის, ქელეხისა და სხვა რიტუალებისათვის გაიღეს ხარჯები.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

12.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

13. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ, კერძოდ, მოვლის, დაკრძალვისა და ქელეხის ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებიდან და მემკვიდრეობის სამართლიდან გამომდინარეა და, შესაბამისად, ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია: სსკ-ის 973-ე (შემსრულებელს უფლება აქვს, მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული), 1484.1 (მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად) და 1489.1(კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით, ხელფასის გასტუმრებით, დაკრძალვით, სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე, მესამე პირების მოთხოვნებზე – ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე) მუხლები.

13.1. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მამკვიდრებელი 2013 წლის 9 აგვისტოს, 85 წლის გარდაიცვალა, ასევე, დადგენილია, რომ 2012 წლის პირველი იანვრის შემდეგ, ამ უკანასკნელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, არ შეეძლო გადაადგილება და საჭიროებდა მუდმივ მოვლა-პატრონობას. ამასთან, მოსარჩელეებმა მიცვალებულის სარიტუალო მომსახურებაში - 580 ლარის, ქელეხისთვის - 1471 ლარის, სასაფლაოს მოწყობისათვის - 900 ლარისა და ორმოცისათვის - 960 ლარის ხარჯი გაწიეს. გარდაცვლილის დანაშთი ქონება მოპასუხემ (შვილიშვილმა) მიიღო, რომელსაც არც ბებიის სიცოცხლეში და არც მისი გარდაცვალების შემდეგ რაიმე ხარჯი არ გაუღია.

13.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2002 წლის 4 მარტის (№3კ/441-01) განჩინებაში აღნიშნა, რომ პირს, სსკ-ის 973-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშეც აქვს უფლება, მემკვიდრეებისგან, მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში, მოითხოვოს მამკვიდრებლის დაკრძალვის, საფლავის მოწყობის, ქელეხისა და ორმოცის გადახდის ხარჯების ანაზღაურება გონივრული ოდენობის ფარგლებში. პალატა აქვე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სხვა განჩინებაზეც, სადაც განმარტებულია, რომ „საქართველოში არსებული ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილის დაკრძალვა გარკვეულ პროცედურებს მოიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, ხარჯებთან არის დაკავშირებული... მართალია, უმეტეს შემთხვევაში, რთულია ყოველი კონკრეტული პროცედურისა და მისი შესაბამისი იმ ხარჯის ზუსტად განსაზღვრა, რაც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს ის სავალდებულო მინიმალური სარიტუალო პროცედურები და მათი ანაზღაურების მინიმუმი, რომლებიც საქართველოში არსებული წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით აუცილებელია. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გაწეული ხარჯის გონივრული ოდენობით განსაზღვრისას, მოსარჩელე თავისუფლდება გაწეული ხარჯის ოდენობის დასაბუთების ტვირთისაგან“ (შდრ. სუსგ # ას-791-748-2015, 12 ოქტომბერი 2015 წელი).

13.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკისრა გარდაცვლილის მემკვიდრეს, ამ უკანასკნელის მიერ მიღებული სამკვიდროს ფარგლებში, მამკვიდრებლის დაკრძალვისა და სხვა რიტუალებზე დავალების გარეშე გაწეული ხარჯი, ჯამში 2381 ლარის ოდენობით.

13.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელეების მიერ წარდგენილი ცნობა, რომლის მიხედვითაც, 2010-2013 წლებში მოხუცებულის მოვლა-პატრონობისათვის საჭირო თანხა ყოველთვიურად 471.50 ლარს შეადგენდა და მიიჩნია, რომ მამკვიდრებლის მოვლისათვის ყოველთვიური გონივრული ანაზღაურება, თვეში 200 ლარი იქნებოდა. პალატა აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს მოხუცებულის მოვლისა და პატრონობისათვის აუცილებელი ხარჯის დადგენის კუთხით, რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, მოთხოვნის ამ ნაწილში დაკისრებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებითაც.

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები № ას-791-748-2015, 12.10.2015; №3კ/441-01, 04.03.2002).

15. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ.კ–ძეს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს თ.ჭ–ის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 310 ლარის (გადახდის ქვითარი 16742327, გადახდის თარიღი 25.05.2018 წ.) 70% – 217 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი