Facebook Twitter

საქმე №ას-653-653-2018 3 ივლისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ე.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „უ.ლ.ა.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – სახელმწიფო ბაჟის შემცირება და გადავადება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს „უ.ლ.ა–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა შპს „ე–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონების, ს/კ .... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ქონება ან უძრავი ქონება) გამოთხოვას, ასევე, მოპასუხის მიერ უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობისათვის, ზიანის - 3240 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურებას, 2016 წლის 30 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2016 წლის დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 2000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 368-ე, 374-ე და 70-ე-78-ე მუხლებით.

3.1. პალატამ მიუთითა, რომ 2017 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს განესაზღვრა 10 - დღიანი საპროცესო ვადა სახელმწიფო ბაჟის - 1980 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისათვის. პალატის დასკვნებით, აპელანტმა პროცესის გაჭიანურების მიზნით, სათანადო მტკიცებულებებზე მითითების გარეშე არაერთხელ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და გადავადების თაობაზე. მას პალატის 2018 წლის 9 მარტის განჩინებით, უკანასკნელად გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა, თუმცა აპელანტმა ხარვეზი კვლავ არ გამოასწორა, რაც, სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

4.1. წარდგენილი სარწმუნო მტკიცებულებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გადაევადებინა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა;

4.2. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით, მას დაერღვა სასამართლოსთვის მიმართვისა და მისი ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური უფლება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. მოპასუხის მოთხოვნას არ გააჩნია არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი.

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში, სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორის განმარტება, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოუფხვრელობა, ფინანსური პრობლემებით იყო განპირობებული, დაუსაბუთებელია.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2018 წლის 18 იანვრის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2018 წლის 9 მარტს ჩაჰბარდა (იხ. ტ.2, ს.ფ. 74), შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 10 მარტს დაიწყო და იმავე წლის 19 მარტს დასრულდა, თუმცა აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია.

11. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია, მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე კოდექსის 102.1-ე და 103.1-ე მუხლები მხარეს ავალდებულებს, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძვლებს, შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველად.

12. სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვაზე, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე - "იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ") დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, კერძოდ, ევროპული სასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (შდრ. სუსგ #ას-254-239-2011, 11.05.2011).

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობა შეიძლება, შეზღუდვას დაექვემდებაროს. მისაღწევი მიზნის გათვალისწინებით კი, შეზღუდვა პროპორციულობის პრინციპთან თავსებადი უნდა იყოს. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ლეგიტიმური მიზნისა და დასაბალანსებელი ინტერესების მრავალ მითითებას შეიცავს. გოლდერის საქმის შემდეგ, ევროპულმა სასამართლომ თანმიმდევრული სასამართლო პრაქტიკით დაადგინა, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას საჭიროებს, რომელიც, საზოგადოებისა და ინდივიდების საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დროისა და ადგილის მიხედვით განსხვავებული იყოს ("გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ", საქმე #4451/70).

14. ამრიგად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, ამასთან, ამ უკანასკნელს არაერთხელ გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული საპროცესო ვადა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე(შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ე–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინება;

3. შპს "ე–ს" (ს/კ .....) დაუბრუნდეს პაატა ხურცილავას (პ/ნ ......) მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25 ლარი (საგადახდო დავალება N4, გადახდის თარიღი 10.05.2018 წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი