Facebook Twitter

საქმე №ას-602-602-2018 5 ივლისი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ა. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ქ.თ.ბ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შუამდგომლობის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ლ.ა–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, დასაქმებული ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა სსიპ „ქ. თ.მ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, დამსაქმებელი ან ბიბლიოთეკა) გენერალური დირექტორის მოადგილის უწინდელ თანამდებობაზე აღდგენასა (უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობის მიცემას) და 2016 წლის 28 დეკემბრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე, იძულებითი განაცდურის, ყოველთვიურად 1600 ლარის ოდენობით ანაზღაურებას, არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელე აღდგენილად ჩაითვალა ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე 2016 წლის 28 დეკემბრიდან; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2016 წლის 28 დეკემბრიდან - თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის, იძულებითი განაცდურის, ყოველთვიურად 1600 ლარის (დარიცხული) ანაზღაურება დაეკისრა. ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უარი ეთქვა. სააპელაციო პალატის დასკვნებით, განსახილველი დავის სპეციფიკის, სირთულისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის გადაუდებელი საჭიროება არ იკვეთებოდა. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით იხელმძღვანელა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ. მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შუამდგომლობის დაკმაყოფილება, იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნტის მიხედვით, იკვეთებოდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის სამართლებრივი საფუძველი, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.

6. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

7. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა, ასევე, უდავოა, რომ მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უარი ეთქვა.

8. სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია, მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საქმეზე, თუ, განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება, გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაუყოვნებლივ აღსრულების შედეგად დაცული სიკეთე არ აღემატება აღსრულებისდაყოვნების შედეგად მიყენებულ ზიანს.

9. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლობად იქნა მიჩნეული. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში (სსსკ-ის 264-ე, 266-ე მუხლები), რაც, კანონის მიხედვით, მისი აღსრულებისა და მუშაკის ინტერესის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობაა, ამდენად, კერძო საჩივრის პრეტენზიას, მოცემულ შემთხვევაში, ფაქტობრივი დასაბუთება გამოეცალა, რაც მისი უარყოფის საფუძველია.

10. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ №ას-1102-1038-2015(ბ), 29.01.2016).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ა–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი