№ას--221-221-2018 29 ივნისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – ქ.ა., ნ.ა.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ.კ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გარდაბანში, .... მდებარე უძრავი ქონება (მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #.....), (შემდეგში უძრავი ქონება) წარმოადგენს გ.კ–ის (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) საკუთრებას.
2. 2017 წლის 3 ივლისს მოსარჩელემ რუსთავის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აღძრა ქ.ა–ს (შემდეგში - პირველი მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), ნ.ა–ს (შემდეგში - მეორე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), ზ.ა–სა (შემდეგში - მესამე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) და გ.ა–ის (შემდეგში - მეოთხე მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი), (შემდეგში - ერთობლივად მოხსენებული, როგორც მოპასუხეები) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 172-ე მუხლის პირველი ნაწილი).
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ მოთხოვნაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებით, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის), 365-ე, 369-ე, 2591, 373-ე და 374-ე მუხლებით.
5.1 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების 30 - დღიანი ვადა 2018 წლის 14 იანვარს ამოიწურა. პირველი და მეორე მოპასუხის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განცხადებით მიმართა 2018 წლის 25 იანვარს. ვინაიდან აპელანტების წარმომადგენელმა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე განცხადებით მიმართა სასამართლოს 30 - დღიანი ვადის დარღვევით, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 30 - დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2018 წლის 15 იანვრს და 2018 წლის 29 იანვარს (28 იანვარი იყო კვირა) ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2018 წლის 30 იანვარს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. კერძო საჩივრის ავტორების მტკიცებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამასთან, მესამე და მეოთხე მოპასუხეები სხდომას არ დასწრებიან და არც გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებიათ.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინებით, პირველი და მეორე მოპასუხეების კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად. ამავე სასამართლოს 2018 წლის 29 ივნისის განჩინებით კი, მესამე და მეოთხე მოპასუხეების კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორების არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მათ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ.
9. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა დაარღვიეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომ, უსაფუძვლო იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
10. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
11. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
12. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს აქვს არა უფლება, არამედ ვალდებულება, ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე.
14. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).
15. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ პირველი და მეორე მოპასუხეების წარმომადგენელი (იხ. რწმუნებულება, ს.ფ. 47-50) ესწრებოდა 15.12.2017 წელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 143), შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, თუმცა მას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს. მან გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 30 - დღიანი ვადის გასვლის შემდეგ - 2018 წლის 25 იანვარს, შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან, 15.01.2018 წელს დაიწყო და 29.01.2017 წელს ამოიწურა.
16. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეებმა სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, 2018 წლის 30 იანვარს წარადგინეს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.
17. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მის მიერ მიღების შეუძლებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებს მათ მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლნენ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება, დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ. სუსგ, #ას-1040-994-2013, 09.12.2013წ). ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებმა თავიანთი არგუმენტის სარწმუნოდ დასაბუთება ვერ შეძლეს და ამისათვის მხოლოდ განმარტება საკმარისი არ არის.
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.ა–ს და ნ.ა–ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე. გასიტაშვილი