3გ-ად-83-კს-02 30 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი,
ნ. კლარჯეიშვილი
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ტ-ის” წარმომადგენელმა ნ. ა-ემ კერძო საჩივარი შეიტანა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივლისის განჩინებაზე, სასამართლოს 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების თაობაზე, რომლითაც სასამართლომ დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში შეცდომით მითითებული “სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა” გაასწორა და მიუთითა “ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა” და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.
შპს “ტ-ის” წარმომადგენელი კერძო საჩივარში მიუთითებდა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ დაუშვა არსებითი შეცდომა, კერძოდ, საქმე არ განიხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რის გამოც ყოვლად მიუღებელ და უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განჩინებით გაასწორა უსწორობა. შპს “ტ-ის” წარმომადგენელი კერძო საჩივრით ითხოვდა სასამართლოს 2002წ. 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წის 30 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით და საქმის მასალებთან ერთად გამოიგზავნა უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს “ტ-ის” წარმომადგენლის ნ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 260-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მხარეთა თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით შეუძლია გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებაში (დასაბუთებული გადაწყვეტილება) შეცდომით მიუთითა საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა – ნაცვლად ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატისა, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია რომ საქმეს იხილავდა ადმინისტრაციული პალატა. კერძოდ, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 25 მარტის განჩინებით დადგენილი იქნა საქმის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვა. აღნიშნული განჩინების შემდეგ საქმის წარმოება მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. სასამართლოს 2002წ. 20 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ქ. ფოთის მერია. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი მიღებულია ადმინისტრაციული პალატის მიერ, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია რომ 2002წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებაში (დასაბუთებული გადაწყვეტილება) შეცდომით მიუთითა სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატა და სასამართლოს 2002წ. 26 ივლისის განჩინების მიღებისას არ დაურღვევია საპროცესო ნორმები, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.შპს “ტ-ის” წარმომადგენლის ნ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 26 ივლისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.