№ას-221-221-2018 29 ივნისი, 2018 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები (მოპასუხეები) – გ.ა. და ზ.ა.
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – გ.კ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 1 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
- გ.კ–ის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი ქ.ა–ის (შემდეგში პირველი მოპასუხის), ნ.ა–ას (შემდეგში მეორე მოპასუხის), ზ.ა–ას (შემდეგში მესამე მოპასუხის) და გ.ა–ის (შემდეგში მეოთხე მოპასუხის) მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: გარდაბანი, ......., საკადასტრო კოდი: .... და დადგინდა უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე განუხილველად იქნა დატოვებული.
4. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 მარტის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი კერძო საჩივარზე და დავალათ 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. მესამე და მეოთხე მოპასუხეებს ასევე დაევალათ, მათ მიერ თ.მ–ძის სახელზე გაცემული კერძო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე რწმუნებულების ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა.
6. საკასაციო პალატას მომართეს პირველმა და მეორე მოპასუხეებმა, წარმოადგინეს 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოითხოვეს მათი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღება, ხოლო მესამე და მეოთხე მოპასუხეების კერძო საჩივრის ნაწილში - ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.
7. საკასაციო პალატის 2018 წლის 1 მაისის განჩინებით პირველი და მეორე მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად, ხოლო მესამე და მეოთხე მოპასუხეებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მესამე და მეოთხე მოპასუხეების კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
11. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორებს მათ მიერ შესაგებელსა და კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე (გარდაბანი, ......) ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი გაეგზავნათ ორჯერ, 2018 წლის 1 მაისს და 2018 წლის 25 მაისს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებით ირკვევა, რომ აღნიშნული გზავნილები ადრესატებს ვერ ჩაბარდათ მითითებულ მისამართზე მათი არყოფნის გამო. სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
12. აღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორებისათვის ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარებულად ითვლება 2018 წლის 20 ივნისს, მეორედ გაგზავნილი საფოსტო გზავნილის მათთვის ჩაუბარებლობის დღეს.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, მესამე და მეოთხე მოპასუხეებისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 21 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 25 ივნისს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით არ მოუმართავთ სასამართლოსათვის.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
15. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ა–ისა და ზ.ა–ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე